ტატიანა კონტოროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტატიანა კონტოროვა
დაბ. თარიღი 16 დეკემბერი 1911(1911-12-16)
გარდ. თარიღი 1977
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი

ტატიანა კონტოროვა (რუს. Татьяна Абрамовна Конторова) (დ. 16 დეკემბერი, 1911, პეტერბურგი — გ. 2 აპრილი, 1978, ლენინგრადი) — რუსი თეორეტიკოსი-ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტატიანა აბრამის ასული კონტოროვა დაიბადა 1911 წლის 16 დეკემბერს, პეტერბურგში. 1931 წელს ტატიანამ დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი. ტატიანა კონტოროვა სპეციალობით ინჟინერი იყო, იკვლევდა ქიმია-ფიზიკის სასაზღვრო საკითხებს. 1935-1951 წლებში ტატიანა კონტოროვა მუშაობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 1940-1951 წლებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. პარალელურად 1933-1951 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში „თეორიული ფიზიკის“ კათედრაზე ჯერ ასისტენტად, ხოლო შემდგომ დოცენტად. ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტის მესამე და მეხუთე კურსზე მყოფი სტუდენტებისათვის ტატიანა კითხულობდა ლექციებს შემდეგ თემებში: კვანტური მექანიკა, მყარი სხეულების ფიზიკა, სტატისტიკურ ფიზიკა, მეტალების ელექტრონული თეორია და გამოსხივების თეორია.

1935-1940 წლებში ტატიანა მუშაობდა თეორეტიკოსად ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის „პლასტიკური დეფორმაციის ლაბორატორიაში“. 1933 წელს იგი იცავს დისერტაციას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „პლასტიკური დეფორმაციის მექანიზმის შესახებ“. 1935-1941 წლებში კონტოროვამ იაკობ ფრენკელისთან ერთად ოთხი ნაშრომი გამოაქვეყნა. ეს ნაშრომები ეხებოდა პლასტიკური დეფორმაციის, მექანიკური შემრჩოლებისა და კრისტალების მყიფე რღვევის თეორიის საკითხებს. ტატიანა კონტოროვამ იაკობ ფრენკელისთან ერთად გამოქვეყნებული ნაშრომებიდ დიდი წვლილი შეიტანა კრისტალების დეფექტების თეორიაში.

ომის წლების პერიოდში ტატიანა კონტოროვა თანამშრომლობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თეორიულ განყოფილებასთან. ინსტიტუტის კოლექტივთან ერთად იგი ევაკუირებულ იყო ყაზანში. ყაზანში ტატიანა კვლავ აგრძელებდა მუშაობას მყარის სხეულის მექანიკურ თვისებებზე.

შემდგომ პერიოდში ტატიანა თანდათან დაინტერესდა მყარი სხეულების ელექტრონული თეორიით: სითბურით, განსაკუთრებით კი ელექტრონული თვისებებით. 1948-1951 წლებში ტატიანა იყო ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ნახევრად გამტარული განყოფილების ერთ-ერთი აქტიური თეორეტიკოსი. აღსანიშნავია, რომ ამ განყოფილებას ხელმძღვანელობდა აბრამ იოფე. იოფეს ხელმოწერილ დახასიათებაში წერია:

წარმატებით წყვეტდა რა სხვადასხვა საკითხს ნახევრად გამტარების თეორიაში, ტატიანა კონტოროვა 1933 წლიდან 1951 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას როგორც ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დოცენტი. ლექციები რომლებსაც იგი კითხულობდა, ხასიათდებიან მათალი თეორიული დონით, გამოირჩევიან სიმარტივით და სიცხადით. ტატიანა კონტოროვა დიდ დროს უთმობდა თანამშრომელ-ექსპერიმენტატორების თეორიული კვალიფიკახიის ამაღლებას, კითხულობდა მათთვის ლექციებს თეორიული ფიზიკის სხვადასხვა საკითხზე.

ტატიანა კონტოროვა არის 46 ნაშრომის ავტორი. აგრეთვე მისი ხელმძღვანელობით დაცულია მთელი რიგი საკანდიდატო დისერტაციები. აღსანიშნავია რომ, მისი სადოქტორო დისერტაციის დაცვა მოხდა განსაკუთრებულ პირობებში. ტატიანა თანამშრომლებმა კონფერენციის დარბაზში საკაცით მიიყვანეს და სავარძელში ისე ჩასვეს, რომ მას აუდიტორიისათვის შესძლებოდა ეჩვენებინა ფორმულები, რომელიც დაფაზე წინასწარ ჰქონდა მომზადებული. მისი სადოქტორო დისერტაცია დაცულ იქნა 1973 წლის 25 ივნისს და ეხებოდა შემდეგ თემას: „მყარი სხეულების მექანიკური და სითბური თვისებების თეორია“. დაცვალ მაღალ დონეზე ჩაიარა და მას ერთხმად მიანიჭეს ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი, რომელიც ერთი წლის შემდეგ დაუმტკიცდა (1974 წლის 12 აპრილი).

ტატიანა კონტოროვა გარდაიცვალა 1978 წლის 2 აპრილს, ლენინგრადში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 126-128, თბ., 1988.