სურფგევორქი
სურბ გევორგის საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°41′21″ ჩ. გ. 44°48′32″ ა. გ. / 41.6892417° ჩ. გ. 44.8088972° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარი, სურფგევორქი (სომხ. Սուրբ Գեւորգ Եկեղեցի) — სომხური ეკლესია, რომელიც აგებულია 1251 წელს ძველი თბილისის უბანში (მეიდანთან). საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარი–ციხის დიდი ეკლესია მდებარეობს სამღებროს ქუჩის №5-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში სომხების შემოსვლა ადრეული პერიოდიდან იწყება, რადგან მათ XI საუკუნის შემდეგ სახელმწიფო აღარ ჰქონდათ. სრულიად სომეხთა საპატრიარქოც ოთხასი წლის განმავლობაში ლტოლვილი იყო, სომხეთის საზღვრებს გარეთ, კილიკიაში იმყოფებოდა და მხოლოდ XV საუკუნეში დამკვიდრდა ეჩმიაძინში.
სომეხი მეცნიერი, აკადემიკოსი იოსებ ორბელი წერს: „... სომხური ეროვნული სახელმწიფოებრიობა ძირითადი სომხეთის ტერიტორიაზე უკვე დიდი ხნის დანგრეული იყო... XII ს. ბოლოსა და XIII ს. დასაწყისისათვის... ძირითადი სომხეთის მთელ სიგრძეზე უკვე აღარსად იყო არცერთი ეროვნული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, დიდი თუ მცირე, რომელიც სამეფოდ შეიძლება წოდებულიყო“.
მტრისგან შევიწროებული სომხობა სამშობლოს ტოვებდა და უცხო ქვეყნებში აფარებდა თავს. ივ. ჯავახიშვილი წერდა: „საქართველო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა იყო, სადაც მათთავის უფლად შეეძლოთ ცხოვრება, საქართველოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნეობრივი დევნა არ ყოფილა, და თანაც საქართველოში შემოხიზნულ სომხებს სულ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვნენ“.
ვ. ნალბანდიანი წიგნში „თბილისი ძველსომხურ მწერლობაში“ წერს: „... ჩვენი ხალხის ისტორიის მწარე და მძიმე წუთებში, მოძმე ქართველი დაუყონებლივ და სიყვარულით უწვდიდა სომეხს დახმარების ხელს. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ქართველთა დედაქალაქის სტუმართმოყვარე კედლებს უარი ეთქვათ და არ შეეფარებინათ მტრის მახვილს გადარჩენილი და შემწეობის მთხოვნელი სომეხი“.
„საკუთარ სახელმწიფოებრიობას მოკლებული ხალხის ერთადერთ დამაკავშირებელ და გამაერთიანებელ ძალად... სომხური ეკლესია გამოდიოდა... სადაც კი სომეხი ცხოვრობდა, სომხური სალოცავი იდგა“. – წერს გ. მაისურაძე.
საქართველოში სომეხთა კათედრალური ტაძარი თბილისში, სამღებროს ქუჩაზე მდებარეობს. მისი კუთვნილებისა და აშენების თარიღის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი არსებობს.
XIX-XX საუკუნეების სომეხი მკვლევარების აზრით, აქ ეკლესია 1251 წელს სომხეთიდან ჩამოსულ დიდვაჭარ უმეკს აუშენებია, თუმცა ამის პირდაპირი საბუთი არ არსებობს.
1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში — “ მონასტრები, ეკლესიები ტფილისსაა და მის მიდამოებში”, რომელშიც დღევანდელი სურბგევორქის ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისადაა მოხსენიებული ვკითხულობთ: “ტფილისის ციხის ძირს სავაჭროს მოიდანთან არს ეკკლესია გუმბათიანი სახელსა ზედა ყ˜დ წმინდისა ღ˜ის მშობელისასა. თუმცა, წოდებული ციხის საყდრად, მაგრამ ეს არს ძველად სამიტროპოლიტო ახპატისა, ძველითგანვე აღშენებული წელსა 1032-სა კეთილშობილისა ვისმე უმეკოვისაგან, ქვითკირით, კრამიტით დაბურვილი, აქვს მეორე გუმბათი მომცრო სამრეკლოდ. ესე ჰსდგას ოთხსა სვეტსა ზედა...”, ხოლო პლატონ იოსელიანი ამ ეკლესიის აშენების თარიღად 1057 წელს ასახელებს. თუმცა, არც ამ თარიღების დამადასტურებელი პირდაპირი საბუთი არ არსებობს.
მიუხედავად სხვადასხვა აზრისა, ყველაზე მნიშვნელოვანი და სარწმუნოა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილი თბილისის გეგმა, რომელზედაც დღევანდელი სურბგევორქის ეკლესიის ადგილზე №16-ით დატანილია ქართული მართლმადიდებლური „ნიკოლოზის საყდარი“. ვახუშტის აღწერის მიხედვით დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სურბგევორქის ეკლესია 1735 წელს ქართველების ხელში იყო. 1782 წლის გეგმაზე №50-ით აღნიშნულია როგორც „ციხის წმინდა იოანეს სომხური ეკლესია“, ხოლო 1802 წლის თბილისის გეგმაზე №51-ით როგორც „თორმეტი მოციქულის ეკლესია“. შემდგომი პერიოდის თბილისის გეგმებზე 1913 წლამდე სურბგევორქის ეკლესია აღნიშნულია როგორც ღვთისმშობლის ეკლესია.
XVII საუკუნის 40-იან წლებში მეფე როსტომის მიერ ციხის და ქალაქის გამყოფი კედლის აგების შემდეგ ეკლესიას ”ხალხმა ციხის დიდი საყდარი” შეარქვა, რადგან ეკლესია აღნიშნული კედლის იქით, ციხის მხარეს დარჩა.
1938 წლიდან ეს ეკლესია საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის საკათედრო ტაძარია.
აგურით აშენებულდა მთლიანად შელესილ ეკლესიას აშკარად ემჩნევა გადაკეთების კვალი, რის გამოც რთულია მისი აგების თარიღის ზუსტი განსაზღვრა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიის გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის კედლებსა და შვერილ მსხვილ პილონებს. აფსიდის ორსავ მხარეს დამატებითი სათავსებია. შესასვლელები შენობას აქვს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესიაში შემორჩენილია XIX საუკუნის მოხატულობა, რომელიც რესტავრირებულია 1976-1977 წლებში. XIX საუკუნისაა კანკელიც საკურთხევლის აფსიდის წინ. აღმოსავლეთის ფასადზე ორი სამკუთხა ნიშაა შეჭრილი, ხოლო ჩრდილოეთისაზე ჩაშენებულია 1294 წლით დათარიღებული ხაჩკარის ფრაგმენტი არაბული წარწერით. ამავე კედელზეა რელიეფი ქართულენოვანი წარწერით, რომელიც დათარიღებულია 1817 წლით.
ეკლესიის ეზოში დასაფლავებულნი არიან XVIII საუკუნის გამოჩენილი პოეტი საიათნოვა (157) და მხატვარი გ. ბაშინჯაღიანი(158). აქვე არიან დაკრძალულნი სომეხი მხედარმთავრები მ. ლორის–მელიქოვი, ა. ტერ–გუკასოვი, ბ. შელკოვნიკოვი, ი. ლაზარევი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
- ქუთათელაძე მ., წერეთელი გ., „სურბ გევორქის კათედრალური ტაძარი“; თბილისის ტაძრები, თბ., გვ. 155-160