სუმეს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუმე კალესი — ციხე თურქეთში მდინარე ხარშიტის წყლის მარჯვენა სანაპიროზე. ციხეზე ასასვლელი გზა მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფელ ოზკურტუნის ბოლოდან შეუხვევს. შესახვევიდან ციხისძირამდე 2 კმ–ია. ციხის ძირს ვიწრო ხეობაში ჩამოედინება პატარა მდინარე, რომელსაც ადგილობრივები სუმე დერეს უწოდებენ. ეს პატარა მდინარე ხარშიტს ერთვის სოფელ ოზკურტენის ბოლო მონაკვეთში. საკუთრივ ციხე კი მდებარეობს სუმე დერეს ხეობის მარჯვენა მხარეს.

აქ ხეობიდან ზემოთ, მარჯვენა ქედის შუა მონაკვეთში სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ 500-600 მ სიგრძეზე გაწოლილია ხეობისაკენ მკვეთრად დახრილი კლდოვანი მასა. მის დასასრულს, უკიდურეს ჩრდილოეთ მონაკვეთში ორი უზარმაზარი კლდოვანი შვერილი ბორცვია. ამ ბორცვებს შორის დაცილება დაახლოებით 20-25 მ-ია. მშენებლებს ორივე მათგანი გამოუყენებიათ ციხისათვის. კლდოვან ბორცვებსა და მათზე დაშენებულ ციხეს ერთადერთი საკმაოდ ცუდი მისადგომი აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. ამ გზით კლდის შვერილების ძირამდე მიდიხარ, მაგრამ აქედანაც ციხეზე ასვლა საკმაოდ სახიფათო და რთულია. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ორივე კლდოვან ბორცვზე დაშენებული ციხე მიუვალია. ციხე თითქმის დანგრეულია. აქა-იქაა შემორჩენილი გალავნის კედლების საკმაოდ მაღლა აზიდული ნაშთები. ჩანს, რომ მისასვლელ გზაზე პირველ კლდოვან ქანზე დაშენებული იყო ოთკუთხა გეგმის კოშკი, რომლის ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო ციხის მეორე ნაწილთან მისასვლელი გზის გაკონტროლება და ასევე კლდის ძირში ხეობაზე გამავალი გზის მეთვალყურეობა.

კლდის წვერი კარგად მოზრდილ ტერიტორიაზე სწორია. იგი ოდნავ დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. საკუთრივ კოშკი კლდოვანი ზედაპირის უკიდურეს ჩრდილოეთ მონაკვეთშია გამართული. შემორჩენილ ნაშთებზე დაკვირვებით ჩანს, რომ იგი ოთხკუთხა გეგმის უნდა ყოფილიყო. მისგან შედარებით კარგადაა შემონახული აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების დიდი ნაწილი. აღმოსავლეთის კედლის მაქსიმალური სიმაღლე 10-12 მ აღწევს. ჩრდილოეთისა კი-7-8 მ. კოშკის სრულყოფილი ანაზომების გაკეთება ვერ ხერხდება, რადგან დანარჩენი ნაწილის აღარაფერია შემორჩენილი. კოშკს კედლებიც საკმაოდ სქელი ჰქონია. ჩრდილოთის კედლის სისქე 1,20-1,40 მ აღწევს. მის მშენებლობაშიც ორი პერიოდი შეიძლება გამოიყოს. ადრეული ჩანს ქვედა წყობები, სადაც გამოყენებულია დიდი და საშუალო ზომის გვერდებჩამოსწორებული ქვები. რიგებიც შედარებით დაცულია. ზედა ნაწილს აშკარად ემჩნევა შემდგომი აღდგენის კვალი. მეორე კლდოვანი ბორცვი შედარებით დიდი მოცულობისაა. მასზეა დაშენებული ციხის ძირითადი ნაწილიც. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ აქაც ციხის გეგმას საკუთრივ ბორცვის ზედაპირის კონფიგურაცია განსაზღვრავდა.

გალავნის კედლები კლდოვანი ქანის გარე კიდეებს მიუყვება. დღეისათვის მისი ნაშთები შედარებით კარგადაა შემონახული აღმოსავლეთით, ნაწილობრივ სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო დასავლეთით. ზოგან დაცული სიმაღლეები 7-8 მ აღწევს. გალავნის კედლების სისქე აქ 1,10-1,20 მ აღწევს. ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში შემორჩენილი გალავნის კედლის თავზე სოფელში სუმე კალეში მიმავალი ელექტროსადენისათვის სადგამიც კი დაუმონტაჟებიათ. კედლების წყობაში აქაც შეიძლება ორი პერიოდი გამოიყოს. ადრეული, რომლის წყობაშიც გამოყენებულია საშუალო და მოზრდილი ქვები. დუღაბიც ღია მოთეთრო ფერისაა. ზედა ნაწილი, რომელიც შედარებით მოგვიანო დანამატი ჩანს, აშკარად განსხვავებულია ადრეულისაგან. ადგილობრივთა გადმოცემით ამ ციხეს თავის დროზე უნდა ჰქონოდა ორი ფუნქცია. ერთი ის, რომ იგი აკონტროლებდა საკუთრივ ხარშიტის ხეობაში ზღვისპირეთისაკენ მიმავალ გზას და მეორე ის, რომ საკუთრივ სუმე დერეზე გაივლიდა უმოკლესი გზა ხარშიტის ხეობიდან ერიქლი იაილის გავლით დეღირმენდერეს ხეობასა და ტრაპიზონისაკენ.ციხის ადრეული სამშენებლო დონე შეიძლება ადრებიზანტიური ხანით დათარიღდეს, ხოლო მოგვიანო - არაა გამორიცხული ტრაპიზონის იმპერიის დროინდელი დანამატი იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 53-54 ISBN 978-9941-8-1990-2