სპილენძ-ბრინჯაოს უძველესი ცულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპილენძ-ბრინჯაოს უძველესი ცულებიბრინჯაოს ხანის მატერიალური კულტურის ნაწარმი.

დღეისათვის გავრცელებულ შეხედულებათა მიხედვით სატარე ხვრელიან უძველეს ცულებში გამოიყოფა ორი ძირითადი ტიპი. ერთი მათგანი მძიმე და სწორი პირით ხასიათდება, მეორე კი — დაშვებული და მილიანი ყუით. პირველი ტიპის ცულები მიჩნეულია უფრო ადრეულად, მაგრამ მათი გავრცელების ძირითადი რაიონი, მეორესთან შედარებით, გაცილებით შეზღუდულია და შემოიფარგლება მცირე აზიითა და ხმელთაშუა ზღვის აუზით, მაშინ როდესაც ყუამალიანი ცულების სხვადასხვა ვარიანტი დამახასიათებელია კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის ტყიანი ზონისა და დუნაისპირეთისათვის. სამაგიეროდ, თუ ყუამალიანმა ცულებმა ვერ შეაღწიეს მცირე აზიასა და ეგეოსის სამყაროში, სწორპირიან ცულებს ვხვდებით მეორე ტიპის ცულების გავრცელების ძირითად რაიონშიც, კერძოდ საქართველოშიც.

საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის ყველაზე ადრეული ცულები შემთხვევით არის აღმოჩენილი ზაჰესსა და სვანეთში. მათი ანალოგიები მესოპოტამიაში ცნობილია არა უგვიანეს IV ათასწლეულის დასაწყისიდან, მაგრამ შემორჩენილია მხოლოდ და მხოლოდ თიხის მოდელების სახით. როგორც ჩანს, ამგვარი ცულები არ გავრცელებულა ფართოდ არც ჩვენში და არც მესოპოტამიაში. სამაგიეროდ, საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ მრავლად ვხვდებით ყუადაქანებულ ცულებს. სამხრეთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მიკვლეულია როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის ცულები. მაგრამ, თუ პირველი ტიპის ცული მხოლოდ ერთი ეგზემლიარით არის წარმოდეგენილი, მეორე ტიპის ცული არა ერთია და მათ შორის გამოირჩევა სხვადასხვა ვარიანტი.

ყუადაქანებული ცული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ-არმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ყველაზე ადრეული ცული აღმოჩენილია ხულოს რაიონის სოფ. ღორჯომის მიდამოებში, ადგილ ნაომარზე. ეს ცული პირველად დ. ქორიძემ გამოაქვეყნა.

ამ ტიპის ადრეული ცულები არმოჩენილია ქულბაქებში, იალბუზში, ბრდაძორში და სხვა. ადრებრინჯაოს ხანაში, ამდაგვარი ცულები გვხვდება სხვა ტიპის ცულებთან ერთად (მეჯვრისხევი, ყიზილ აჯლო და სხვა). რამდენადაც დასავლეთ საქართველოში ღორჯომს გარდა ამ ტიპის ცული აღმოჩენილა მხოლოდ ეშერის ერთ-ერთ დოლმენში, ვარაუდობენ, რომ მსგავსი ცულები ძირითადად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში.

ღორჯომის (ნაომარი) ცული ამ ტიპის ცულებისაგან განსხვავდება თანაბარი სიგანისა და სისქის ორმხრივწამახულპირიანი ტანით და სატარე ხვრელზე შემოვლებული რელიეფური წიბურებით. მიუხედავად ამისა, მას გარკვეული მსგავსება აქვს სხვა ყუადაქანებულ ცულებთან, განსაკუთრებით კი მის მომდევნო ვარიანტებთან. კერძოდ, ეერის, ყიზილ-აჯლოსა და მეჯვრისხევის ცულებს აქვთ ღორჯომის ცულის მსგავსად მკვეთრად დაქანებული ყუა და წინა მხარეს შეჭრილი სატარე ხვრელი. გარდა ამისა, ეშერის ცულს ტანიც საკმაოდ თანაბარი სიგანისა აქვს.

გარკვეული ანალოგიები ეძებნება ღორჯომის ცულს ჩრდილოკავკასიის მასალაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ცულები ოსეთიდან და კორცადან. ღორჯომის ცულთან ბევრი საერთო აქვთ სოჭში და ყოფილ ყუბანის ოლქში აღმოჩენილ ცულებსაც. მაგრამ მათთვის დამახასიათებელი რიგი ნიშნების გამო არ მიაჩნიათ გამორიცხულად ამ ცულების გაცილებიტ გვიან, კერძოდ, გვინბრინჯაოს ხანაში წარმოშობის შესაძლებლობაც.

მიუხედავად საერთო ფორმის გარკვეული არქაულობისა, ღორჯომის ცული ტიპოლოგიურად წარმოადგენს ზემოთ დასახელებული ყუადაქანებული ცულების განვითარების შემდგომ საფეხურს. ეს მოსაზრება ემყარება იმ ფაქტს, რომ ღორჯომის ცულზე, პირველად ამ ტიპის ცულებში, გვხვდება სატარეზე (ალბათ მის გასამტკიცებლად) რელიეფური წიბურები.

ყუამილიანი-ყუადაქანებული ცული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყუამილიანი ცული მეტად ადრე იჩენს თავს წინა აზიაში, იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული და დიდ ხანსაც ჰქონიათ ხმარებაში მესოპოტამიაში, ელამში, სირიაში, ლურისტანში და სხვა. ბრინჯაოს კულტურის ადრინდელ საფეხურზევე ამგვარი ცულები ფართოდ ვრცელდება საქართველოშიც. ჯერ კიდევ ადრებრინჯაოს ხანაში მეჯვრისხევის, ყიზილ-აჯლოსა და ნაომარის ცულებთან ერთად, ამიერკავკასიაში, უფრო მის დასავლეთ ნაწილში, ხმარებაში იყო სხვა ტიპის, კერძოდ, ყუამილიანი ცულების სხვადასხვა ვარიანტი. აქ ეს ცულები, რომლებიც, გენეტურად ძველი შუმერული ყუამილიანი ცულების ფორმებს უკავშირდებიან, თავისებურ იერს იღებენ და ჰქმნიან ამ ტიპის ცულების ადგილობრივ ვარიანტებს. მკვლევართა ნაწილი, როგორც ჩანს, მართებულად, იმასაც ვარაუდობს, რომ წინა აზიიდან ამ ცულების გავრცელების ძირითადი გზა კავკასიაზე გადიოდა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ყუამილიანი ცულის „კავკასიური“ ვარიანტი საქართველოდან ჩრდილოკავკასიაში უნდა გავრცელებულიყო, ხოლო იქიდან კი აღმოსავლეთ ევროპასა და დუნაის აუზსში.

ყუამილიანი ცულების თავისებური ვარიანტები გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. მათგან სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ ცნობილია ურეკში აღმოჩენილი ცულები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ყუამილიანობისა და ყუადაქანებულობის შერწყმა. ეს ცულები პირველად გამოაქვეყნა ო. ჯაფარიძემ, ხოლო შემდეგ — დ. ქორიძემ.

ო. ჯაფარიძე ურეკის უადაშვებულ - ყუამილიან ცულებს უკავშირებს საქართეველოს და ჩრდილო კავკასიის ცნობილ ყუამილიან ცულებს და ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარს მიაკუთვნებს. დაახლოებით იმავე თარიღს გვთავაზობს. ქორიძეც.

დ. ქორიძე სავსებით მართებულად მიუთითებს ურეკის ცულებისათვის დამახასიატებელ ტექნიკურ სიახლეებს, რაც გამოიხატება ცულის სამუშაო ნაწილის გაფართოებაში, პირის ორივე ფრთაზე ფხის განაპრა ნაწილების ნიღრად ქცევისაკენ და ზოგიერთ ცულებზე ტანის ექვსად დაწახნაგებისაკენ მისწრაფებაში. ზოგიერთ ეგზემპლიარზე შენიშნულია ერთგვარი უსწორობა ყუისა და სატარის ზედაპირზე.

გარდა ზემოტჩამოთვლილი სიახლეებისა, ურეკის ყუადაქანებულ-ყუამილიან ცულებზე შეიმჩნევა ზოგიერთი სხვა თავისებურებანიც, რომელთაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს ცულების შემდგომი განვითარებისათვის. ურეკში აღმოჩენილი ორი ცულის სატარე ხვრელის წინა პირი რამდენადმე ფართოა უკანა პირთან შედარებით, ხოლო მესამეს ოვალური სატარე ხვრელი აქვს. ამ ორივე სიახლის მიზანი ცულის ტარზე მყარად დამაგრება უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესო ცულების უმრავლესობას სატარის ზედაპირზე აქვს არა უბრალო უსწორობანი, არამედ სატარე ხვრელის პირის მოხაზლობის შესაბამისი, მართალია არც თუ ძალიან მკვეთღი, მაგრამსაკმაოდ ნათლად გამოხატული, რელიეფური წიბურები, უფრო ზუსტად მისი ჩანასახები. ერთ-ერთ ცულს ასეთი წიბური სატარის შუაშიც დაუყვება. უნდა ვიფიქროტ, რომ ამ სიახლეს, დეკორატიულთან ერთად, პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა. კერძოდ, წიბურებს მეტი სიმტკიცე უნდა მიენიჭებინათ ცულის სატარისათვის.

ურეკის ყუამილიანი-ყუადაქანებული ცულების ზემოთ მითითებული ტექნიკური სიახლენი საფუძველს გვაძლევს, რომ ეს ცულები ყუამილიან-ყუადაქანებულ ცულების ტიპოლოგიური განვითარების ერთ-ერთი უკანასკნელი ეტაპის ნაწარმად მივიჩნიოთ. რაც შეეხება ამ ცულების აბსოლუტურ თარიღს, ზოგადად ისინი შუაბრინჯაოს ხანისა არიან.

ორფერდა ყუამილიანი ცული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურეკის განძის აღმოჩენამდე ქართულ არქეოლოგიურ ლიტერატურაში ამ ტიპის ცულები უცნობი იყო. ურეკში 1980 წლამდე 16 ასეთი ცული იყო აღმოჩენილი, 1 მახუნცეთში და 1 ხელვაჩაურში. 7 ასეთი ცული აღმოჩნდა გალის განძშიც.

სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში აღმოჩენილი ორფერდა ყუამილიანი ცულები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. განსაკუთრებით საყურადღებოა განსხვავება სატარე ხვრელის მოყვანილობასა და გაფორმებაში — მრგვალ სატარე მილიან ცულებთან ერთად, გვხვდება წინა მხარეს უფრო ფართო პირის მქონე და წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელიანი ცულებიც კი. ზოგიერთ ცულს სატარე ხვრელის პირზე შემოუყვება ოდნავ შესამჩნევი წიმურები. მახუნცეთის ცულზე ეს წიბურები საკმაოდ მკვეთრად არის გამოხატული. აღნიშნული თავისებურებანი ამ ტიპის ცულების განვითარებაზე მიგვითითებენ.

ორფერდა ყუამილიან ცულებს შორის ყველაზე არქაულ იერს ატარებს სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ, უცნობი ცული ხელვაჩაურიდან, რომელსაც ახასიათებს სატარე ხვრელის მკვეთრად შეჭრილი წინაპირი, ქიმისებური შვერილი სატარე ხვრელის უკანა პირის ქვემო ნაწილში და ფართო ტანი. ყველაზე უფრო განვითარებული და დახვეწილი ფორმის მქონეა მახუნცეთში აღმოჩენილი ცული, მაგრამ სატარე ხვრელის მიხედვით კიდევ უფრო განვითარებულია ურეკში აღმოჩენილი ერთ-ერთი ცული, რომელსაც წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი აქვს.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამახვილებულია ყურადღება საკვლევი ცულების ფორმის მსგავსებაზე დღევანდელ საქართველოში გავრცელებულ ე. წ. „ქართულ ცულთან“. ვარაუდობენ, რომ ურეკში 16 ასეთი ცულის აღმოჩენა მიუთითებს იმ ხანის საქართველოში ორფერდა ყუამილიანი ცულების გავრცელებაზე.

განსახილველი ცულების გულდასმით შესწავლის შედეგად, შესაძლებელი გახდა ამ ცულებისათვის გარკვეული ანალოგიების მოძებნა როგორც კავკასიურ, ასევე სხვა რაიონების არქეოლოგიურ მასალაში. საქართველოს ტერიტორიიდან ორფერდა ყუამილიან ცულებთან ყველაზე ახლოს დგას ზესტაფონის რაიონის სოფ. კინოთში შემთხვევით აღმოჩენილი ცული. კინოთის ცულს, მსგავსად ზემოდხსენებული ცულებისა, აქვს სიგრძეზე ჩაღარული სწორი შუბლი, მილისებური სატარე ხვრელი და ქვემოთ გაფართოებული პირი. განსხვავებით ორფერდა ყუამილიანი ცულებისაგან, კინოთის ცულს აქვს უფრო გრძელი სატარე მილი და გორდა პირი. მართალია, კინოთის ცულის სატარე მილი უფრო არქაულ იერს ატარებს, ვიდრე ურეკის ორფერდა ყუამილიანი ცულებისა, მაგრამ საკმაოდ განვითარებული, დახვეწილი ფორმის გორდა პირი მოწმობს რომ იგი განსახილველი ცულების განვითარებული ფორმაა. მეორე მხრივ საჩხერესა და ბრილში აღმოჩენილი ცულების ერთი ჯგუფი შესაძლებელია ორფერდა ყუამილიანი ცულების ერთგვარ წინამორბედს წარმოადგენდეს.

უფრო ახლო ანალოგიები გვაქვს ორფერდა ყუამილიანი ცულებისათვის ჩრდილოეთ კავკასიიდან, ფასკაუს სამაროვანზე (ГИМ 88/12а/327/21630-22183) და კელერმისის მეხუთე ყორღანში აღმოჩენილი ცულების სახით. ფსაკაუს ცული სატარე ხვრელის მკვეთრად შეჭრილი წინა პირით არქაულ იერს ატარებს და უფრო ახლო არის ურეკის ცულებთან. კელერმისის ცული კი უფრო მახუნცეთის ცულს ემსგავსება. პირისა და ტანის მოყვანილობით საკმაოდ ახლო დგას ორფერდა ყუამილიან ცულებთან, განსაკუთრებით კი მახუნცეთის ცულთან, ლურისტანში აღმოჩენილი კასიტების ხანის ცული, მაგრამ იგი ამ ცულებისაგან განსხვავდება შესამჩნევად გრძელი სატარე მილით.

ამგვარად, ზემოტმოტანილი პარალელების მიხედვით, არ უნდა იყოს მართებული ორფერდა ყუამილიანი ცულების როგორც დასავლეთ საქართველოს, ასევე საერთოდ კავკასიის ბრინჯაოს ცულებისაგან განცალკევებით მდგომ ტიპად წარმოდგენა. განსახილველი ცულების ერთგვარი წინამორბედების დანახვა შეიძლება ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის ცულებში საჩხერიდან, ბრილიდან და ფასკაუდან, ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანების ცულები (კინოთი, ფასკაუ, კელერმესი და ლურისტანი) კი მათი საკმაოდ ახლო პარალელებია. სავარაუდოა, რომ ორფერდა ყუამილიანი ცულები წარმოადგენენ ადრეული ტიპის საჩხერული ყუამილიანი ცულების ერთ-ერთი ვარიანტის განვითარებას. ამ ცულებისათვის დამახასიათებელია ერთიანი ტენდენცია, ცულის სამუშაო ნაწილის გაფართოების გამო, სატარე მილის სიგრძის მოჩვენებითი შემცირებისაკენ.

შვეტილშუბლიანი ყუამილიანი ცული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვეტილშუბლიანი ყუამილიანი ცული აღმოჩენილია სოფელ განთიადში (ყოფ. ყარადერე). იგი წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან ცნობილი ცულების მეტად თავისებურ სახეობას. მას არ მოეპოვება პირდაპირი ანალოგია არც საქართველოსა და არც სხვა ქვეყნების არქეოლოგიურ მასალაში. აღნიშნული ცული პირველად გამოაქვეყნა დ. ქორიძემ.

საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ მასალაში განთიადის ცული ყველაე ახლოს დგას ცაგერის მუზეუმში დაცულ ერთ-ერთ ცულთან (375/76), რომელიც სოფ. ორბელში აღმოჩნდა 1939 წელს. ამ უკანასკნელს, განთიადის ცულის მსგავსად, აქვს შვეტილი შუბლი, სოლისებური ფორმა და მკვეთრად ასიმეტრიული გორდა პირი. სხვათა შორის, ორბელის ცულსაც დაზიანებული აქვს სატარე ხვრელის ზედა ნაწილი. მითითებულ მასალებთან ერთად, განთიადისა და ორბელის ცულებს შორის არსებობს საკმაოდ თვალსაჩინო განსხვავებებიც. კერძოდ, თუ განთიადის ცულის კაჩაც შვეტილია და მასთან იგი მკვეთრად გადადის ცულის პირში, ორბელის ცულს აქვს რკალისებური კაჩა. ამას გარდა, ორბელის ცულის სატარე მილის უკანა პირს შემოსდევს რელიეფური წიბური. ასეთსავე მსგავსებას ამჟღავნებს განთიადის ცულთან ერმიტაჟში დაცული, კრასნოდარის მხარეში, მდ. ბელაიასთან აღმოჩენილი ცულიც. იგი თითქმის ზუსტი ანალოგიაა ორბელის ცულისა.

განთიადის ცულს ემსგავსება კრასნოდარის მუზეუმში დაცული სპილენძის ცული ყოფილი ყუბანის ოლქიდან, მაგრამ მას შედარებით ფართო ტანი და მოკლე მილი, ხოლო სატარეზე ამორარული სიგრძივი ზოლი აქვს. ა. იესენს ეს ცული პირის მოხაზულობის მიხედვით ყუბანურ ცულთან ახლო მდგომად და კოსტრომის განძში შემავალი ერთ-ერთი ცულის შემდგომ განვითარებად მიაჩნია. თავის მხრივ, კოსტრომის ცულსაც აქვს მცირეოდენი საერთო ნიშნები განთიადის ცულთან. კოსტრომის ცულის პირდაპირი ანალოგიაა მესტიის მუზეუმში დაცული ცული, რომელიც სვანეთშია აღმოჩენილი. განთიადის ცულთან ერთგვარ მსგავსებას იჩენს ელამში, თეფე-ხაზიანათიადის ცული ელამურისაგან არსებითად მხოლოდ შედარებით გრძელი, შვეტილი კაჩითა და კაჩისა და პირის მკვეთრი შესაყრით განსხვავდება.

შესაძლოა განთიადის შვეტილშუბლიანი ყუამილიანი ცული თავისი არქაულობით ყველაზე ადრინდელი აღმოჩნდეს სამხრეთ-დასავლეთ შავიზღვისპირეთში გამოვლენილ შუაბრინჯაოს ხანის ცულებს შორის.

ოვალურხვრელიანი წელში გაღუნული ცული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიძრვისპირეთმა მოგვცა კიდევ ერთი ტიპი შუაბრინჯაოს ხანის ყუამილიანი ცულებისა. ეს ცული ერთადერთი ეგზემპლიარის სახით აღმოჩენილია ურეკში. მსგავსი ცულები ნაპოვნია ქვიშარის განძის შემადგენლობაში, ხოლო ცალკეული აღმოჩენის სახიტ სვანეთშიც. სატარე მილისა და პირის მოყვანილობით ყველაზე ადრეულია ბრილისა და სვანეთში აღმოჩენილი ცულები, ხოლო ურეკის ცული ამ ტიპის ცულებს შორის ყველაზე განვითარებულია. საერთოდ ურეკის ოვალურხვრელიანი ყუამილიანი წელში გაღუნული ცული ყველაზე გვიანდელი ჩანს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის დღეისათვის ცნობილ ყუამილიან ცულებს შორის. ამის საფუძველს გვაძლევს, როგორც სატარის მოყვანილობა, ისე, განსაკუთრებით, საკმაოდ ჩამოყალიბებული, კოლხურ ცულებთან ახლოს მდგომი გორდა ასიმეტრიული პირი.

კოლხური ცულის პროტოტიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შუაბრინჯაოს ხანის მიწურულში და გვაინბრინჯაოს ხანის დასაწყისში ყუამილიან ცულებთან ერთად ხმარებაში იყო ცულების განსხვავებული სახეობა. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში კოლხური ცულის პროტოტიპად არის ცნობილი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის გარდა (ურეკი, ერგე, ქობულეთი, მახო და სხვ.), ანალოგიური ცულები გვხვდება ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში (პილენკოვი, გაგრა, ბიჭვინთა, ლიხნე, ეშერი, ლეჩქოფში და სხვ.). ზღვის სანაპიროდან დაცილებულ რაიონებში მიუთიტებენ ორ რამდენიმე მსგავს ცულს სოფელი ნასპერიდან და ერზერუმიდან, მაგრამ საყურადღებოა, რომ ეს იარაღები მხოლოდ მიახლოებით ანალოგიებს წარმოადგენენ კოლხური ცულის პროტოტიპებისათვის. ამგვარად კოლხური ცულის პროტოტიპები ძირითადად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში ჩანს გავრცელებული.

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გავრცელებული კოლხური ცულის პროტოტიპები არსებიტად ერთი ტიპის იარაღია, მაგრამ მათ შორის შეიმჩნევა გარკვეული განსხვავებებიც — ისინი ერთმანეთისაგან განირჩევიან ძირითადად სატარე ხვრელის მოყვანილობით. გვხვდება, როგორც მრგვალი, ისე ოვალური და წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელის მქონე ცულები.

კოლხური ცულის პროტოტიპებს შორის არსებული ამ განსხვავების საფუძველზე ბ. კუფტინი შესაძლებელად მიიჩნევდა ყობანური (კოლხური) ცულების ადრეული პროტოტიპების განვითარებაში ორი თანმიმდევრული ფაზის გამოყოფას — პირველი, ე. ი. უძველესი ფაზის შესატყვისად მას მიაჩნდა მრგვალი სატარე ხვრელის მქონე ცულები პილინკოვო და გაგრიდან, ხოლო მეორე, ე. ი. მოგვიანო ფაზის პროდუქტად — ერგეს და მისი მსგავსი წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელის მქონე ცულები.

კოლხური ცული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ კავკასიის გვიანბრინჯაოს ხანის მასალაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იარაღია თავისებური ფორმის ბრინჯაოს ცული. იგი წარმოადგენს აღნიშნული მხარის ბრინჯაოს ცულების განვითარების მწვერვალს. ეს იარარი სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა ცნობილი. აღმოშენის ადგილის მიხედვით მას ეწოდა ყუბანოური ცული. შემდეგ მსგავსი ცულები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც გამოჩნდა. პირველ ხანებში ცნობები დასავლეთ საქართველოში ასეთი ცულების აღმოჩენის შესახებ შეცდომაც კი ეგონათ. უფრო მოგვიანებით კი დასავლეთ საქართველოდან არქეოლოგიური მასალის დაგროვების საფუძველზე, დაისვა საკითხი ამ შეხედულების გადასინჯვის შესახებ. ერთი ჯგუფი მეცნიერებისა მიზანშეწონილად თვლის რომ აღნიშნული ტიპის ცულებს ეწოდოს კოლხური ცული. ბ. კუფტინი მათ კოლხურ-ყუბანურს უწოდებს, ე. კრუპნოვი კი გამოყოფს კოლხეთისათვის, ყობანისათვის, ყუბანისპირეთისათვის და სამივე ამ რაიონისათვის თანაბრად დამახასიატებელ ცულებს.

კოლხური ცულების ტიპოლოგიური დაყოფა არა ერთ ავტორს უცდია (რ. ვირხოვი, ე. შანტრი, პ. უვაროვა, ფ. ჰანჩარი, ო. ჯაფარიძე, გ. გობეჯიშვილი, ე. კრუპნოვი, დ. ქორიძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალ. რამიშვილი, „კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან“: სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბრინჯაოს ნაწარმი. - ბათუმი: საბჭ. აჭარა, 1974.