შინაარსზე გადასვლა

სლოვენიური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლოვენიური კერძები

სლოვენიური სამზარეულო (სლოვენ. slovenska kuhinja) — ტრადიციული სლოვენიური კერძების ერთობლიობა, რომელიც ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში. სლოვენიის ლანდშაფტის, კლიმატის, ისტორიისა და მეზობელი კულტურების მრავალფეროვნება მის გასტრონომიაზეც აისახა. 2016 წელს წამყვანმა სლოვენიელმა ეთნოლოგებმა ქვეყანა 23 გასტრონომიულ რეგიონად დაყვეს. სლოვენიურ ენაზე დაწერილი პირველი კულინარიული წიგნი 1798 წელს გამოიცა ვალენტინ ვოდნიკის ავტორობით.

მთავარი კერძები და პროდუქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ სუპეულმა სლოვენიურ გასტრონომიაში მხოლოდ ბოლო ათწლეულებში შეაღწია, მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეისათვის მისი 100-მდე სლოვენიური ვარიაცია არსებობს. როგორც წესი, სუპის გამოჩენამდე სლოვენიელები ძირითადად ფაფებს, ჩაშუშულსა და სხვა მსგავს საჭმელებს ამზადებდნენ. სლოვენიაში განსაკუთრებულად პოპულარულია უხორცო, უცხიმო და სადა სუპები. ტიპური წვნიანი კერძია ალელუია, რომელიც მარცვლეულისაგან, ძირითადად მარხვის პერიოდში მზადდება. ყველაზე გავრცელებული ხორციანი წვნიანია საქონლის ხორცის სუპი ატრიებით, რომელსაც, ტრადიციულად კვირაობით მიირთმევენ, საკვირაო სადილზე. მის გარდა საკვირაო სადილზე ასევე მიირთმევენ შემწვარ კარტოფილს, შემწვარ სტეიკსა და მსუბუქ სალათებს. სადღესასწაულო და დასვენების დღეებში სოკოს ნაღებიან სუპს ან საქონლის ხორცის სუპს ამზადებენ.

რაც შეეხება ღორის ხორცს, იგი პოპულარულია და გავრცელებულია მთელს სლოვენიაში. ასევე გავრცელებულია ისეთი ფრინველების ხორცი, როგორებიც არიან: ქათამი, ბატი, იხვი და ინდაური. ზოგადად ხორცი და მისი კერძები მთელს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის გამოც სლოვენიური სამზარეულო მდიდარია ხორციანი კერძებით. ქვემო კარნიოლასა და ზღვისპირა რეგიონებში ასევე აქტიურად მიირთმევენ ცხვრისა და თხის ხორცს. აღსანიშნავია წმინდა მარტინის ხსენების დღეც, რომელსაც სლოვენიელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ამ დღეს მზადდება ბატის, იხვის, ინდაურის, ან ქათმის კერძები, რომელსაც წითელ კომბოსტოსა და მლინჩთან ერთად მიირთმევენ. ქვემო და შუა კარნიოლაში ასევე პოპულარულია შემწყვარი მწყერი. 1880-იან წლებამდე, როდესაც სლოვენიურ წყლებში თითქმის მთლიანად გაწყდა კიბორჩხალა (სლოვენიელები ამ პროცესს „კიბორჩხალების შავ ჭირს“ უწოდებენ), ის მათ გასტრონომიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებად პროდუქტად მიიჩნეოდა.

სლოვენიაში სალათების მომზადებისას ერთობ აქტიურად იყენებენ ბაბუაწვერას. ეს ტენდენცია საუკუნეების წინ დაიწყო, როდესაც კერძებისთვის ბაბუაწვერებს მინდვრებში აგროვებნდნენ. დღესაც კი ბაბუაწვერისა და კარტოფილის სალათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი სლოვენიური კერძია. ვინაიდან მისი მოკრეფა მხოლოდ გაზაფხულზეა შესაძლებელი და ისიც ცოტა ხნით, სეზონზე ბაბუაწვერას თითქმის ყველა კერძში უკეთებენ. ძველად სლოვენიაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო მთელი ოჯახის კვირობით ექსპედიციაში წასვლა მხოლოდ ბაბუაწვერების მოსაკრეფად. მიიჩნევა, რომ ეს ტრადიცია შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, როდესაც დაბალ ფენებს არ ჰქონდათ საკმარისი საკვები და ისინი ბალახის ჭამას იწყებდნენ, ეს განსაკუთრებით შიმშილობის, ომიანობისა და ჭირის დროს. ბაბუაწვერასთან ერთად ერთობ დაფასებულია წაბლი, რომელიც აგრეთვე აქტიურად გამოიყენება სლოვენიურ გასტრონომიაში. ხშირად წაბლს კაკლისა და თხილის ნაცვლადაც იყენებდნენ დესერტებში. ასევე პოპულარულია ველური მარწყვი, მოცვი, მაყვალი და სხვა ისეთი ხილი, რომელთა მოპოვებაც ტყეშია შესაძლო. ასევე გავრცელებული და მოთხოვნადი პროდუქტია თაფლი, რომლისგანაც მრავალი სახის ნამცხვარს ამზადებენ.

  • Traditional slovenian cookery. Adamlje Slavko, 1997. Mladinska knjiga. ISBN 8611150449
  • Taste Slovenia. Bogataj Janez, 2007. Rokus Gifts. ISBN 978-961-6531-39-9
  • Molokhovets, Elena. Classic Russian Cooking. Indiana University Press, 1998. Page 331.
  • Strategija razvoja gastronomije Slovenije [The Strategy of the Development of the Gastronomy of Slovenia] (PDF) (in Slovenian). Maribor Multidisciplinary Research Institute, University of Maribor; Slovenian Tourist Board. May 2006. Archived from the original (PDF) on 2016-03-03.