სიძუოკის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
静岡大学
დაფუძნდა 1949
ტიპი უნივერსიტეტი
ქვეყანა იაპონია
სიძუოკის უნივერსიტეტი — იაპონია
სიძუოკის უნივერსიტეტი
https://www.shizuoka.ac.jp/

სიძუოკის უნივერსიტეტი (იაპონ. 静岡大学, Shizuoka Daigaku) ― ეროვნული უნივერსიტეტი სიძუოკის პრეფექტურაში, იაპონიაში.

სიძუოკის უნივერსიტეტი ცნობილია ინჟინერიისა და შემოქმედებითი ინოვაციების სფეროში და შემდგომი თაობის ტექნოლოგიების გამოგონებებით.[1] უნივერსიტეტის ერთ-ერთი ცნობილი კურსდამთავრებულია კენძირო ტაკაიანაგი, იაპონური ტელევიზიის მამა. საოიჩირო ჰონდა, გლობალური კორპორაციის, Honda Motor Co-ს დამფუძნებელი, ჰამამაცუს ტექნოლოგიის კოლეჯში სწავლობდა (ამჟამად სიძუოკის უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლა).[2] ჰეიჰაჩირო ჰორიუჩი, Hamamatsu Photonics-ის დამფუძნებელი, სიძუოკის უნივერსიტეტის ელექტრონიკის ინსტიტუტში სწავლობდა.[3] სიძუოკის უნივერსიტეტს თანამშრომლობის შეთანხმებები აქვს დადებული არაერთ კორპორაციასთან, მათ შორის Yamaha Motor Co., Ltd-სთან.[4]

სიძუოკის უნივერსიტეტის ბევრი კურსდამთავრებული სხვადასხვა სფეროს მოწინავე ლიდერია. ნაკასონე იასუჰირო, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სიძუოკის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, რომელიც დღეს უნივერსიტეტის ნაწილია. გაიუ უესუგს, ჩრდილოეთ ამერიკის Mitsubishi Motors-ის თავმჯდომარეს, სიძუოკის უნივერსიტეტის ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი აქვს.[5] Suzuki Motor Corporation-ის თავმჯდომარე, ოსამუ სუზუკი, სიძუოკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს გარემოს ლიდერთა პროგრამა, რომელიც აზიისა და აფრიკის რეგიონებში გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაზეა ფოკუსირებული..[6] Asia Brdige Program მეცნიერების, ბიზნესისა და საზოგადოების მომავალი ლიდერების გასაწვრთნელადაა დაარსებული.[7]

სიძუოკის უნივერსიტეტს ძალიან მაღალი კვლევითი ინტენსიურობა აქვს და იაპონიის, აზიისა და მრავალ რეიტინგში, მათ შორის Quacquarelli Symonds (QS), Center for World University Ranking-ში,[8] მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებს შორისაა. Thomson Reuter-ის ანგარიშის მიხედვით, სიძუოკის უნივერსიტეტი გავლენიანი ინსტიტუტია მასალათმცოდნეობაში.[9]

უნივერსიტეტი ექვს ფაკულტეტს მოიცავს: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, განათლების, ინფორმატიკის, მეცნიერების, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის. უნივერსიტეტს ორი მთავარი კამპუსი აქვს ქალაქ სიძუოკასა და ჰამამაცუში (ინჟინერიისა და ინფორმატიკის ფაკულტეტები). ეროვნულ უნივერსიტეტებს იაპონიაში, რომელთა შორის სიძუოკის უნივერსიტეტიცაა, კერძო და საჯარო უნივერსიტეტებზე მმეტი აღიარება აქვთ და მათ უფრო მეტი სტუდენტი ირჩევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიძუოკის კამპუსი

სიძუოკის უნივერსიტეტი 1949 წლის 31 მაისს დაარსდა რამდენიმე ადგილობრივი საგანმანათლებლო ინსტიტუტის: სიძუოკის უმაღლესი სკოლა, სიძუოკის მასწავლებელთა საწვრთნელი I და II ინსტიტუტები, ახალგაზრდა მასწავლებელთა საწვრთნელი ინსტიტუტი და ჰამამაცუს ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, შერწყმის შედეგად. თავდაპირველად უნივერსიტეტში მხოლოდ განათლებისა და ინჟინერიის ფაკულტეტები არსებობდა.

1951 წელს სიძუოკის პრეფექტურის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი უნივერსიტეტს შეუერთდა და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი შეიქმნა. 1965 წელს სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ რამდენიმე მცირე სკოლის გაერთიანების შედეგად მეცნიერებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები ჩამოყალიბდა. 1995 წელს უნივერსიტეტს ინფორმატიკის ფაკულტეტი დაემატა.

2006 წელს უნივერსიტეტმა შიდა სტრუქტურის შესახებ კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა, რის შემდეგაც დიდი ცვლილებები გაატარა ჰუმანიტარული და განათლების ფაკულტეტების რეორგანიზაციისთვის.

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიძუოკის კამპუსი და ნიჰონდაირა

სიძუოკის უნივერსიტეტში 6 ფაკულტეტი ფუნქციონირებს. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 4 განყოფილებად იყოფა: სოციალური და ჰუმანური კვლევების დეპარტამენტი (ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, კულტურის ანთროპოლოგია და ისტორია), ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი (იაპონური და აზიური ენები და ლიტერატურა, ევროპული და ამერიკული ენები და ლიტერატურა, შედარებითი ლინგვისტიკა და კულტურა), სამართლის დეპარტამენტი (საერთაშორისო სამართალი, ბიზნეს სამართალი, იურიდიული მეცნიერება, პოლიტიკა).

განათლების გაკულტეტი მასწავლებელთა საწვრთნელ, სიცოცხლის მანძილზე განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინტეგრირებულ განათლების და ხელოვნების ადა კულტურის კურსებს მოიცავს. ინფორმატიკის ფაკულტეტი 3 დეპარტამენტისგან შედგება: კომპიუტერული მეცნიერება, ქცევითი ინფრომატიკა და ინფორმაციული ხელოვნება.

სიძუოკის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეპარტამენტებია: მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, გეომეცნიერებათა და ბიოლოგიური მეცნიერების. ინჟინერიის ფაკულტეტი მექანიკური ინჟინერიის, ელექტრონული და ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის, გამოყენებითი ქიმიისა და ბიოქიმიური ინჟინერიის, მათემატიკური და სისტემების ინჟინერიის, ბიზნესის განვითარების მენეჯმენტის დეპარტამენტებს და შემოქმედებით ინჟინერთა ცენტრს. სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი ბიოლოგიური და გარემოს მეცნიერებათა, გარემოსა და ტყის რესურსების მეცნიერების და გამოყენებითი ბიოქიმიის დეპარტამენტებს აერთიანებს.

სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიძუოკის კამპუსი ფუძიამის ფონზე

სიძუოკის უნივერსიტეტის სამაგისტრო-სადოქტორო სკოლებია: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, განათლების, ინფორმატიკის, მეცნიერების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის (სადოქტორო კურსი გიფუს უნივერსიტეტთან ერთად), სამართლის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის[10] სკოლები. ეს უკანასკნელი იყოფა 5 დეპარტამენტად: ნანოტექნოლოგიების, ოპტოელექტრონიკისა და ნანოსტრუქტურის მეცნიერების, საინფორმაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, გარემოსა და ენერგოსისტემის, ბიომეცნიერების დეპარტამენტები.

კამპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტს ორი კამპუსი აქვს: სიძუოკის კამპუსი სიძუოკაში მდებარეობს და ქალაქსა და სურუგას ყურეს გადაჰყურებს.[11] ჰამამაცუს კამპუსი ქალაქ ჰამამაცუში, სამრეწველო ტექნოლოგიის მთავარ ცენტრში მდებარეობს.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shizuoka,University,Engineering,Graduate School,International Exchanges | Laboratory Exchange Program (SSSV).
  2. Soichiro Honda Craftsmanship Center | Art & Museum | What to do | Hamamatsu, Shizuoka, Japan Guide - IN HAMAMATSU.COM - Travel and Living. In Hamamatsu.Com (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2015-05-30
  3. Horiuchi Heihachiro | Hamamatsu Information Book. Hamamatsu-books.jp. ციტირების თარიღი: 2015-05-30
  4. Yamaha Motor Co., Ltd. and Shizuoka University Enter Partnership Agreement - News Releases | YAMAHA MOTOR CO., LTD. Global.yamaha-motor.com (2008-10-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-30. ციტირების თარიღი: 2015-05-30
  5. Mitsubishi Motors Corporation Appoints New Chairman of Mitsubishi Motors North America - Mitsubishi Newsroom. Media.mitsubishicars.com (2012-10-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-25. ციტირების თარიღი: 2015-05-30
  6. Shizuoka University Corporation Environmental Leader. Environmental-leader.ipc.shizuoka.ac.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-01. ციტირების თარიღი: 2015-05-30
  7. Shizuoka University Asia Bridge Program.
  8. Center for World University Rankings. ციტირების თარიღი: 2015-07-19
  9. Japan Institutions: Most Prolific in Materials Science, and Space Science - ScienceWatch.com - Thomson Reuters. Archive.sciencewatch.com (2010-06-30). ციტირების თარიღი: 2015-05-30
  10. Graduate School of Science and Technology, Shizuoka University | Home. Gsst.shizuoka.ac.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 2015-05-30
  11. Interactive site map : Shizuoka Campus. Shizuoka.ac.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-10. ციტირების თარიღი: 2015-05-30
  12. Interactive site map : Hamamatsu Campus. Shizuoka.ac.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-12. ციტირების თარიღი: 2015-05-30