სიმონ ყიფშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფშიძე.
სიმონ ყიფშიძე
დაბადების თარიღი 1887
ჭიათურის მუნიციპალიტეტი, იმერეთის მხარე
გარდაცვალების თარიღი 1953
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ალმა-მატერი ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტი
საქმიანობა ნევროპათოლოგი, ექიმი
წოდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924),
პროფესორი (1927),
მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944)
მშობლები მამა: ნიკიფორე ყიფშიძე

სიმონ ნიკიფორეს ძე ყიფშიძე (დ. 1887, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 1953) — ქართველი ნევროპათოლოგი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924), პროფესორი (1927), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944).

1912 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში ეწეოდა კვლევით მუშაობას. მან ვ. მ. ბეხტერევის ნაშრომების მიხედვით შეადგინა თავის ტვინის გამტარი გზების სქემატური მოდელი.

1912-1919 წლებში მუშაობდა ოდესის ნერვულ დაავადებათა კლინიკაში პროფესორ ნ. მ. პოპოვთან. 1919 წლის სექტემბერში იგი დაბრუნდა საქართველოში და 1920 წლის მაისამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტი იყო ივანე ბერიტაშვილთან ერთად. 1919 წელს აირჩიეს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ნერვულ დაავადებათა განყოფილების გამგედ, სადაც დაჰყო 1923 წლამდე.

1920 წელს ყიფშიძე აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ დაავადებათა კათედრის ასისტენტად, შემდგომ კი — უფროს ასისტენტად (1925 წლამდე) იაკობ ანფიმოვთან.

1924 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მასალები პატარა ტვინის პათოლოგიისათვის“ და მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. დისერტაცია ეხებოდა ნათხემის პათოლოგიას. მასში აღწერილი იყო მტევნის წვრილი კუნთების დისტონია, რასაც შემდგომში „ყიფშიძის სიმპტომი“ ეწოდა. 1925 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება, 1927 წელს — პროფესორის წოდება, ხოლო 1944 წელს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

1941-1945 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხარეო ოლქის მთავარი ნევროპათოლოგი.

სიმონმა სათანადოდ აღჭურვა ნერვულ დაავადებათა კლინიკა, ფართოდ გაშალა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური და სამკურნალო მუშაობა, აღზარდა ნევროპათოლოგთა კადრები, შეადგინა და პირველად გამოსცა ქართულ ენაზე ნერვულ დაავადებათა სახელმძღვანელო. 1947 წელს რუსულ ენაზე დაიბეჭდა მისი ლექცები ნერვულ დაავადებებზე. არის 47 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეს ნაშრომები მოიცავს კლინიკური ნევროპათოლოგიის მრავალ ასპექტს. იგი შეისწავლიდა ნათხემის პათოლოგიას; ნერვული სისტემის ინფექციებს, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს; ნერვულ-კუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგიას, ნევროზებს და სხვ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნერვული სნეულებანი: მოკლე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, თბ., ცოდნა, 1961[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისი: ენციკლოპედია, თბ., 2002, გვ. 913
  • მინდაძე ა., ნერვული დაავადებანი, თბ., განათლება, 1984, გვ. 25

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]