სილიო
| სილიო | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
სილიო | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
სილიო (ლათ. Coprinopsis atramentaria) — სოკოს სახეობა ფსათირელასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს.
იჭმევა ნორჩობაში, სანამ სიშავე შეეპარება. რეკომენდირებულია მისი გამოყენება შეგროვებისთანავე. ალკოჰოლთან ერთად მიღება იწვევს მოწამვლას, რადგან შეიცავს მიკოტოქსინ კოპრინს.
იზრდება დიდ ჯგუფებად გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ნაკელიან, ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებზე — მინდვრებში, ბოსტნებში, ბაღებში, ნაგავსაყრელებზე, თავლების, ნაკელისა და კომპოსტის გროვებთან ახლოს, ტყეში ნაჩეხებზე, ფოთლოვანი ჯიშის ხის ტოტებისა და კუნძების სიახლოვეს. გვხვდება ხშირად, დიდ ჯგუფებად.
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სილიო პირველად აღწერა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა პიერ ბიულიარმა 1786 წელს, როგორც Agaricus atramentarius. 1838 წელს შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა იგი კოპრინუსის გვარში გადაიტანა. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიენიჭა 2001 წელს.[1] მისი სახეობრივი ეპითეტი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან atramentum, რაც „მელანს“ ნიშნავს.[2]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 3-10 სმ, მონაცრისფრო-მოყავისფრო, ვერცხლისფერი, ცენტრში უფრო მუქია. თავიდაპირველად კვერცხისებრია და ამობურცული, მოგვიანებით — ზარისებრი. ტექსტურა მშრალი, გლუვი, დაჭმუჭნული, აბრეშუმისებრი, სიგრძივ-ბოჭკოვანი, ცენტრისკენ ახასიათებს მურა ქერცლები. კიდეეები თავიდან დაშვებულია, შემდეგ აპრეხილი და დახეთქილი.[3]
სოკოს რბილობი — თხელი, მოთეთრო, მოტკბო გემოთი, სუნის გარეშე; მალევე მუქდება და შავდება.
ფეხის სიგრძე — 5–17 სმ, სიგანე — 1-2 სმ.[4] მოთეთრო, ძირისკენ შედარებით მურაა. ცილინდრული, ზოგჯერ თითისტარისებრია ან მოგრეხილი. გლუვი, მყიფე, ბოჭკოვანი, ფუყე. საყელო თავდაპირველად მოთეთროა, რომელიც სწრაფად ქრება და ზოგჯერ ფეხის ქვედა მხარეს იტოვებს ერთგვარ თეთრ ნაჭდევს. ვოლვა არ გააჩნია.[5]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ხშირი და განიერი. თავიდან მოთეთროა, შემდგომში მუქი, ხოლო მოგვიანებით შავდება და გარდაიქმნება შავი ფერის თხევად მასად (ავტოლიზი).[5]
სპორების ფხვნილი — შავი.[6][7] სპორები — კვერცხისებრ-ელიფსისებრი, გლუვი 8–11 x 5–6 მკმ.[8] ბაზიდიუმი 2-4 სტერიგმებით, ფართოგურზისებრი, 25-30 × 9-10 მკმ. ცისტიდები — 45-90 × 18-25 მკმ, ცილინდრული, მაგრამ ზედა ნაწილში ოდნავ ამოზნექილი.[9]
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სილიო გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მათ შორის ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში.[10] აგრეთვე აღმოჩენილია ავსტრალიაშიც,[11] სადაც ის დაფიქსირებულია ისეთ ურბანულ არეალებში, როგორებიცაა სიდნეის სამეფო ბოტანიკური ბაღები და ტორენსის ტბის მიდამოები,[12] აგრეთვე სამხრეთ აფრიკაშიც.[13]
იზრდება დიდ ჯგუფებად გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ნაკელიან, ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებზე — მინდვრებში, ბოსტნებში, ბაღებში, ნაგავსაყრელებზე, თავლების, ნაკელისა და კომპოსტის გროვებთან ახლოს, ტყეში ნაჩეხებზე, ფოთლოვანი ჯიშის ხის ტოტებისა და კუნძების სიახლოვეს. გვხვდება ხშირად, დიდ ჯგუფებად.
დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ამ სოკოს ნაყოფსხეულებს ასფალტის და ჩოგბურთის კორტების ამოტეხვაც კი შეუძლიათ.[11] იგი აგრეთვე იზრდება ურბანულ რაიონებში, ჩნდება დაცარიელებულ ნაკვეთებზე და შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე გამოიღოს ნაყოფი. ამოთხრის შემთხვევაში, მისი მიცელიუმი ხშირად დამარხულ მკვდარ მერქანთან შეიძლება იყოს ასოცირებული.[14]
გამოყენება და ტოქსიკურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჭმელი სოკოა. იჭმევა მხოლოდ ნორჩობაში, სანამ სიშავე შეეპარება. რეკომენდირებულია მისი გამოყენება შეგროვებისთანავე. ალკოჰოლთან ერთად მომწამვლელია;[15] იწვევს დისულფირამის მსგავს სიმპტომებს.[14][16] ალკოჰოლის მიღებიდან ხუთიდან ათ წუთში ვლინდება სახის სიწითლე, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, აღგზნება, გულის აჩქარება და კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება. სიმპტომები როგორც წესი, ორ-სამ საათში გაივლის. დისულფირამმა შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა).[17] სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს სოკოს ჭამიდან სამი დღის განმავლობაში ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მოხმარების შემთხვევაშიც კი.[14] იშვიათად შეიძლება განვითარდეს გულის არითმია. ამ თვისებების გამო, ზოგიერთ შემთხვევაში, სოკო ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.[18]
სოკო შეიცავს ციკლოპროპილგლუტამინის ნაერთს, რომელსაც კოპრინი ეწოდება. მისი აქტიური მეტაბოლიტი, 1-ამინოციკლოპროპანოლი, ბლოკავს ფერმენტ აცეტალდეჰიდ დეჰიდროგენაზას მოქმედებას, რომელიც ორგანიზმში აცეტალდეჰიდს შლის.[19] აცეტალდეჰიდი ეთანოლის შუალედური მეტაბოლიტია და პასუხისმგებელია ნაბახუსევის სიმპტომების უმეტესობაზე; მისი გავლენა ავტონომიურ β-რეცეპტორებზე განაპირობებს ვაზომოტორულ სიმპტომებს.
მკურნალობა მოიცავს პაციენტის დამშვიდებას, რეჰიდრატაციას (სითხის შევსებას) ღებინების შედეგად დაკარგული სითხის აღსადგენად და გულის არითმიების მონიტორინგს. კოპრინის დიდმა და ხანგრძლივმა დოზებმა ტესტირებისას ვირთხებსა და ძაღლებზე გონადოტოქსიკური ეფექტები გამოავლინა.[20]
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სილიო“ ვიკისაწყობში.- სილიო MycoBank-ზე (ინგლისური)
- სილიო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Redhead, Scott A; Vilgalys, Rytas; Moncalvo, Jean-Marc; Johnson, Jacqui; Hopple Jr. John S (2001). „Coprinus Pers. and the disposition of Coprinus species sensu lato“. Taxon. International Association for Plant Taxonomy (IAPT). 50 (1): 203–41. Bibcode:2001Taxon..50..203R. doi:10.2307/1224525. JSTOR 1224525.
- ↑ Nilson S & Persson O (1977). Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill-Fungi). Penguin, გვ. 72. ISBN 0-14-063005-8.
- ↑ Arora, David (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi, 2nd, Berkeley, CA: Ten Speed Press, გვ. 347–48. ISBN 978-0-89815-170-1.
- ↑ Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012) Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 206. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861.
- ↑ 5.0 5.1 ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 238, ISBN 978-9941-8-4547-5.
- ↑ Pouliot, Alison; May, Tom (March 2021) Wild Mushrooming: A Guide for Foragers (en). Csiro Publishing, გვ. 116. ISBN 978-1-4863-1174-3.
- ↑ Baroni, Timothy J. (2017-07-12). Mushrooms of the Northeastern United States and Eastern Canada (en). Timber Press, გვ. 330. ISBN 978-1-60469-634-9.
- ↑ Phillips, Roger (2006). Mushrooms. Pan MacMillan, გვ. 258. ISBN 0-330-44237-6.
- ↑ Giacomo Bresadola: „Iconographia Mycologica, vol. XVIII, Editura Società Botanica Italiana, Milano 1931, p. + tab. 877
- ↑ Uljé, Kees. Coprinus atramentarius (Bull.: Fr.) Fr. - Epicrisis: 243. 1838.. Coprinus (studies in coprinus). ციტირების თარიღი: 2009-07-31
- ↑ 11.0 11.1 Fuhrer B (2005). A Field Guide to Australian Fungi. Melbourne: Bloomings Books, გვ. 43. ISBN 1-876473-51-7.
- ↑ Cleland JB (1976). Toadstools and mushrooms and other larger fungi of South Australia. South Australian Government Printer, გვ. 159.
- ↑ Reid, Derek A.; Eicker, Albert (1999). „South African fungi 10: New species, new records and some new observations“. Mycotaxon. 73: 169–97.
- ↑ 14.0 14.1 14.2 Ramsbottom, J (1953). Mushrooms & Toadstools. Collins. ISBN 1-870630-09-2.
- ↑ ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 340.
- ↑ Michelot, Didier (1992). „Poisoning by Coprinus atramentarius“. Natural Toxins. 1 (2): 73–80. doi:10.1002/nt.2620010203. PMID 1344910.
- ↑ Disulfiramlike Mushroom Toxicity, eMedicine, ციტირების თარიღი 14 ნოემბერი, 2025
- ↑ Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 235. ISBN 978-1-55407-651-2.
- ↑ Marchner, H.; Tottmar, O. (1978). „A Comparative Study on the Effects of Disulfiram, Cyanamide and 1-Aminocyclopropanol on the Acetaldehyde Metabolism in Rats“. Acta Pharmacologica et Toxicologica. 43 (3): 219–32. doi:10.1111/j.1600-0773.1978.tb02258.x. PMID 707135.
- ↑ Jönsson, Monica; Lindquist, Nils Gunnar; Plöen, Leif; Ekvärn, Sven; Kronevi, Tony (1979). „Testicular lesions of coprine and benzcoprine“. Toxicology. 12 (2): 89–100. Bibcode:1979Toxgy..12...89J. doi:10.1016/0300-483X(79)90035-0. PMID 473235.