საერთაშორისო საჰაერო სამართალი
საერთაშორისო საჰაერო სამართალი — იმ სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც აწესრიგებს საჰაერო სივრცის გამოყენებას, საჰაერო მიმოსვლას და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. საჰაერო სამართალი, რომლის ნორმები განმტკიცებულია ეროვნული (შინასახელმწიფო) კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ჩვეულებებით, შედგება ეროვნული საჰაერო სამართალის, საერთაშორისო-კერძო საჰაერო სამართლისა და საერთაშორისო-საჯარო საჰაერო სამართლისაგან (საერთაშორისო-საჯარო საჰაერო სამართლის ჩვეულებრივ, საერთაშორისო საჰაერო სამართალს უწოდებენ). ეროვნულ და საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითადი პრინციპებია თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიულ ფარგლებში მის საჰაერო სივრცეზე სრული და განსაკუთრებული სუვერენიტეტის პრინციპი — ტერიტორიული ზღვის ჩათვლით; საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ღია ზღვის, ანტარქტიკისა და საერთაშორისო სრუტეების საჰაერო სივრცეში ფრენის თავისუფლების პრინციპი. ფრენის დროს აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა. მნიშვნელოვანია აგრეთვე ეროვნული საჰაერო სამართლის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ მგზავრების, ტვირთის და სხვა საჰაერო კომერციულ გადაზიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ორგანიზაციებს და მოქალაქეებს შორის ასეთსავე საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის. ძირითადი დოკუმენტებია: ჩიკაგოს კონვენცია (1944), რომელიც ფუძემდებლური საერთაშორისო დოკუმენტია ამ სფეროში, რომისა (1962) და ტოკიოს (1963) კონვენციები, საჰაერო ხომალდების უკანონო გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია (ჰააგა, 1970), საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია (მონრეალი, 1977), ღია ცის ხელშეკრულება (1992) და სხვა.
1964 წელს შეიქმნა გაეროს სპეციალიზებული სააგენტო – ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო, ICAO).
შეერთებულ შტატებსა და ევროპის უმეტეს ქვეყნებში საავიაციო სამართალი ფედერალური ან სახელმწიფო დონის საკითხად ითვლება და რეგულირდება ამ დონეზე. აშშ-ში შტატებს უმეტეს შემთხვევაში არ შეუძლიათ საავიაციო საკითხების უშუალოდ მართვა, არამედ ამ ფუნქციისთვის მიმართავენ ფედერალურ კანონებსა და სასამართლო პრაქტიკას. მაგალითად, 2008 წელს, შეერთებული შტატების მეორე ოლქის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ნიუ-იორკის მგზავრთა უფლებების ბილის კანონი, რადგან ავიაციის რეგულირება ტრადიციულად ფედერალური საკითხია.[1] თუმცა, საავიაციო სამართალი შეერთებულ შტატებში არ ექვემდებარება იმავე ფედერალური იურისდიქციის მანდატს, როგორც ადმირალთა სამართალი.
კოსმოსური სამართალი, რომელიც არეგულირებს დედამიწის ატმოსფეროს მიღმა გარე კოსმოსის საკითხებს, შედარებით ახალი სფეროა და რეგულირდება გარე სივრცის ხელშეკრულებით 1967 წლიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით გეფერიძე, ”საერთაშორისო საჰაერო სამართალი”, თბ.2009, გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 421-423
- დეკანოზოვი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 260.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთაშორისო საჰაერო სამართალი — nplg.gov.ge
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Air Transport v. Cuomo, 520 F.3d 218 | Casetext Search + Citator. ციტირების თარიღი: 2023-08-10