საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი — კოდექსი, რომელიც აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს საქართველოს ტერიტორიაზე.
კოდექსის შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს შეიქმნა სამოქალაქო კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია. [1] კომისიას ხელმძღვანელობდა პროფესორი სერგო ჯორბენაძე, კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ ლადო ჭანტურია, ზურაბ ახვლედიანი, რომან შენგელია, ბესარიონ ზოიძე, ჯონი ხეცურიანი. [2] სამოქალაქო კოდექსზე მუშაობა 1993 წელს დაიწყო. ერთ წელში კოდექსის შექმნის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ გერმანელი იურისტები: ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი როლფ კნიპერი, მარიო პელეგრინო, პროფესორი ჰელმუტ ჰაინრიხსი და ადვოკატო ჰარტმუტ ფრომი. სამოქალაქო კოდექსის საბოლოო ტექსტის შემუშავების სარედაქციო ჯგუფში იურისტებთნ ერთად ჩართული იყო ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე.[3] სამოქალაქო კოდექსი ძალაში თევდორე ნინიძის მინისტრობის დროს შევიდა, რომელმაც 1996 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კოდექსის პროექტი წარუდგინა. 1996 წლის ივნისში პარლამენტმა სამოქალაქო კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო, კოდექსის განხილვები ერთ წელიწადს გაგრძელდა.[4]
1997 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მიიღო. [5]
ძირითადი ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან ამოიღეს საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლბებები, აგრეთვე მომიჯნავე უფლებების მომაწესრიგებელი ნორმები. ცალკე ჩამოყალიბდა კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ.[6]
2005 წლის 30 ივნისს მიღებული კანონით სრულიად შეიცვალა გირავნობის სამართალი, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 254-285-ე მუხლები. კანონი 2006 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. [7] [8]
2006 წლის 14 დეკემბერს კოდექსში შესული ცვლილებებით ამოღებული იქნა 40-49-ე მუხლები, გაჩნდა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის“ ცნება. [9]
2007 წლის 11 ივლისს მიღებული იქნა კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, რის შემდეგაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან ამოღებულ იქნა 210-232-ე მუხლები. [10]
კოდექსის შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოდექსი დაყოფილია ექვს წიგნად, კერძოდ:
- წიგნი პირველი – სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებანი; ეს ნაწილი მოიცავს ძირითად დებულებებს, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის ყველა სხვა ნაწილზეც ვრცელდება.
- წიგნი მეორე – სანივთო (ქონებრივი) სამართალი; მოიცავს ქონებასთან, საკუთრებასა და მფლობელობასთან დაკავშირებულ დებულებებს.
- წიგნი მესამე – ვალდებულებითი სამართალი; მოიცავს ვალდებულების წარმოშობის, შესრულების, დარღვევის, შეწყვეტის და მსგ. დებულებებს, აწესრიგებს სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, აგრეთვე დელიქტურ ვალდებულებებს.
- წიგნი მეოთხე – ინტელექტუალური საკუთრების სამართალი; აწესრიგებს სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს; მოიცავს მითითებას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი, აგრეთვე მათი მომიჯნავე ზოგიერთი უფლების მოწესრიგების შესახებ მითითებას.
- წიგნი მეხუთე – საოჯახო სამართალი; აწესრიგებს ქორწინების, მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების ურთიერთობის, მეურვეობისა და მზრუნველობის სამართლებრივ ასპექტებს.
- წიგნი მეექვსე – მემკვიდრეობის სამართალი; აწესრიგებს კანონისმიერ და ანდერძისმიერ მემკვიდრეობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიჭია მიხეილ, სამოქალაქო სამართლის შესავალი, ბონა კაუზა, 2025. — გვ. 53-57. 493 გვ, ISBN 9789941990731.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჭანტურია ლადო, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011. — გვ. 20, ISBN 978-9941-9157-3-4.
- ↑ ზოიძე ბესარიონ, ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი, 2005. — გვ. 20. 361 გვ, ISBN 99928-998-6-7.
- ↑ ჭანტურია ლადო, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011. — გვ. 34, ISBN 978-9941-9157-3-4.
- ↑ ჭანტურია ლადო, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011. — გვ. 34, ISBN 978-9941-9157-3-4.
- ↑ ჭანტურია ლადო, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011. — გვ. 34, ISBN 978-9941-9157-3-4.
- ↑ ჭანტურია ლადო, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011. — გვ. 33, ISBN 978-9941-9157-3-4.
- ↑ ჭანტურია ლადო, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011. — გვ. 34, ISBN 978-9941-9157-3-4.
- ↑ საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 19-12-2025.
- ↑ საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 19-12-2025.
- ↑ საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 19-12-2025.