საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი დიდ ბრიტანეთთან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები
Map indicating locations of United Kingdom and Georgia

გაერთიანებული სამეფო

საქართველო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი დიდ ბრიტანეთთანსაქართველოს ეკონომიკურ ურთიერთიერთობებს დიდ ბრიტანეთთან საფუძველი ჩაეყარა პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. ინგლისის ჯარის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, 1919 წლის 15 თებერვალს, შედგა საუბარი მათ სარდალ უოკერსა და ნოე ჟორდანიას შორის. კითხვაზე, თუ რა დახმარებას უნდა მოელოდეს საქართველო ბრიტანეთისგან, უოკერმა ასე უპასუხა:

ვიკიციტატა
„მივაქციე ყურადღება თქვენი რესპუბლიკის ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ ვინაიდან იგი მჭიდროდაა დაკავშირებული რკინიგზის საქმესთან, ინგლისი ვერ დააფინანსებს ქვეყნებს, სადაც ეს საქმე უზრუნველყოფილი არ იქნება. რაც შეეხება კერძო კაპიტალის მოდენას, თქვენში არსებული სოციალიზაციის პირობებში მოკავშირეთა კაპიტალი აქ ვერ მოვა“.“

ნოე ჟორდანიამ აღნიშნა, რომ საქართველოში არ ხდებოდა სამრეწველო და სავაჭრო საწარმოთა სოციალიზაცია, რაზედაც უოკერმა ეჭვი გამოთქვა. ჟორდანიამ უპასუხა:

ვიკიციტატა
„ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ ბოლშევიკები ვიქნებოდით.“

4 სექტემბერს ე. გეგეჭკორმაც განუცხადა ბრიტანეთის წარმომადგენელს, ო. უორდროპს:

ვიკიციტატა
„საქართველოს მთავრობას შეგნებული აქვს, რომ ის უნდა ეყრდნობოდეს რომელიმე მტკიცე სახელმწიფოს ორგანიზმს და ამ შეგნებამ გვიკარნახა გარკვეული ორიენტაცია ინგლისზე... საქართველო თხოვს დახმარებას ინგლისს და სურს იცოდეს, რას მოისურვებს ინგლისი სანაცვლოდ.“

ინგლისელებმა საქართველოს რკინიგზაზე კონტროლი დააწესეს და ბათუმის ოლქი საკუთარ საგენერალ-გუბერნატოროდ აქციეს, რამაც ქართველობა მათ წინააღმდეგ განაწყო.

ბრიტანეთის ხელისუფლების დაინტერესება საქართველოს ბუნებრივი რესურსებით, სტრატეგიული სახმელეთო თუ საზღვაო სატრანსპორტო კომუნიკაციებით და ა. შ. დიდი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანმა მიზეზებმა ის აიძულა, ეკონომიკურ მისწრაფებათა პრაქტიკულ განხორციელებაზე უარი ეთქვა. იმდოისთვის, ბრიტანეთის მთავრობა დაკავებული იყო მსოფლიო ომის შემდგომი მოწყობისა და საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის განმტკიცების კარდინალური საკითხებით. მისი ყურადღება და ფინანსური შესაძლებლობები მიმართული იყო „რუსეთის საკითხის“ მოწესრიგებისაკენ. ამ ფუნდამენტური საკითხების გვერდით „საქართველოს საკითხი“ აქტუალობას კარგავდა. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა შეეცადა, რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში და მათ შორის დიდ ბრიტანეთში მოეპოვებინა კრედიტი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. 1920 წლის მარტში საქართველოდან გაგზავნილმა სამთავრობო მისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: კ. კანდელაკი (ხელმძღვანელი), ფ. გოგიჩაიშვილი (სახელმწიფო კონტროლიორი), ნ. ნიკოლაძე, ზ. ავალიშვილი და მ. სუმბათაშვილი, ევროპაში დიდხანს დაჰყო. მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან დადებული ხელშეკრულება მოკლევადიანი (5-წლიანი) სესხის თაობაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაღდ ანგარიშზე უნდა გადასცემოდა კრედიტი 1 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით. ამ თანხით, რომელიც იმხანად 27 მილიარდ ქართულ მანეთს შეადგენდა, შესაძლებელი იყო საქართველოს ბონისა და ჩვენი ქვეყნის წილად დაბეჭდილი ამიერკავკასიის კომისარიატის ბონის აბსოლუტური რაოდენობის გამოსყიდვა და პლუს დაფარვა ერთი წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა, რომელიც 1920—1921 წლების ხარჯთაღრიცხვის პროექტით 8 მილიარდ 552 მილიონ ქართულ მანეთს უდრიდა. ცნობას ამ ხელშეკრულების დადების შესახებ ქართული ვალუტის კურსის გამყარება მოჰყვა. გირვანქა სტერლინგის ღირებულება 1920 წლის ბოლოს შეადგენდა 18 000 ქართულ მანეთს, 1921 წლის დასაწყისში კი მისი ფასი 11 000 მანეთამდე დაეცა. საბოლოოდ, ამ ხელშეკრულების რეალიზაციას ხელი შეუშალა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 374-375.