სარგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარგო — მოხელის კუთვნილი წილი ფეოდალურ რენტაში XVI—XVIII საუკუნეების საქართველოში. სარგოს იღებდნენ მეფის, ფეოდალებისა და ეკლესიის მოხელეები მათი საგამგებლო ობიექტებიდან როგორც ნატურალური, ისე ფულადი გადასახადის სახით. სარგოს რაოდენობა დამოკიდებული იყო რენტის სიდიდეზე. მას განსაზღვრავდა მოხელის პატრონი (მეფე, ფეოდალი, ეკლესია) საგანგებო დოკუმენტით — „სარგოს წიგნით“. სამეფო და სადედოფლო მოხელეების სარგოს შემადგენლობა და რაოდენობა განსაზღვრული იყო XVIII საუკუნის საკანონმდებლო ძეგლში — სამეფო და სადედოფლო დასტურლამალში. ფართო გაგებით სარგო ეწოდებოდა აგრეთვე ჯამაგირსა და ულუფას. ჯამაგირი (XVI—XVIII საუკუნეებში) იყო ფულადი საზღაური, რომელსაც მოხელე იღებდა უშუალოედ პატრონისაგან, ხოლო ულუფა იყო ის სურსათი თუ ფული, რომელსაც მოხელე იღებდა საშემოსავლო ობიექტიდან ან პატრონისაგან. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ სარგოს ადგილი თანდათანობით ჯამაგირმა დაიკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]