სამადლო (ნაქალაქარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამადლო.

სამადლო, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, ელინისტური ხანის (ძვ. წ. IV-II სს.) ნაქალაქარი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სადგურ ქსნის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირას ორ მაღალ ბორცვზე (სიმაღლე 75-80 მ. საერთო ფართობი დაახლოებით 16 ჰა). აქ შემთხვევით აღმოჩენილი მდიდრული სამარხული ინვენტარის ნაწილი (500-მდე ოქროს ნივთი) ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და ერმიტაჟში.

სამადლოს გათხრით (1966-75 წლებში, ხელმძღვანელი ი. გაგოშიძე) გამოვლენილი მრავალფენოვანი არქეოლოგიური მასალა (ყოფითი და საკულტო ნივთები, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო კერამიკა, სამკაული და იარაღი, საფორტიფიკაციო, საცხოვრებო საკულტო, სამეურნეო და სამარხი ნაგებობანი და სხვა) სრულყოფილად ასახავს ძვ. წ. IV-II საუკუნეების ქართლის მოსახლეობის ნივთიერი და სულიერი კულტურის თითქმის ყველა მხარეს. სამადლოზე მოპივებულია აღმოსავლეთ საქართველოში უძველესი კრამიტი (ძვ. წ. IV-III სს.), რომლებზეც დადასტურებულია რიცხვის აღმნიშვნელი ბერძნული (იონური) ასო-ნიშნები. სამადლოს გათხრის შედეგად პირველად გაირკვა, რომ ძვ. წ. IV-III საუკუნეებში საქართველოში არსებობდა მხატვრული კერამიკის მაღალგანვითარებული წარმოება. მოყვითალო ანგობირებულ ფონზე წითელი წერნაქით შესრულებული გეომეტრიული სახეებით (სარტყლური, სამკუთხედის და სხვა) და მრავალფიგურიანი კომპოზიციებით (ბრძოლის, ნადირობის, ცეკვის სცენები და სხვა) შემკული თიხის ზოგიერთი ჭურჭელი ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია. გაირკვა, რომ სამადლოში პირველი დასახლება გაჩენილა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანაში აღმოსავლეთ ბორცვზე, რომლის დაკავებულ მწვერვალზე გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. XIV - VI სს.) საკულტო ნაგებობანი მდგარა. ძვ. წ. V- IV საუკუნეებში აქვე აუგიათ პასარგადესა და ნაყშე-როსთამის (ირანი) კოშკების ტიპის ნაგებობა. შესაძლებელია, ცეცხლის ტაძარი. ძვ. წ. IV საუკუნის II ნახევარში სამადლოზე საქალაქო ცხოვრება დაიწყო. აღმოსავლეთ ბორცვის იზოლირებულ მწვერვალზე კვლავ მდგარა ცეცხლის ტაძარი, დასავლეთ ბორცვის დატერასებულ ფერდობებსა და მწვერვალებზე კი მძლავრი ციხესიმაგრე აუშენებიათ. აქ მდგარა წითლად შეღებილი გადახურული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები (სასახლეები, ტაძრები, სამეურნეო და სხვა, დამხმარე სათავსები და ა. შ..).

შენობათა უმეტესობა ნაგებია თიხის ხსნარზე ფლეთილი ქვითა და ალიზით; უმთავრესი ნაგებობები თლილი ქვით ყოფილა აშენებული. კირქვის პატარა, საგულდაგულოდ გათლილი კვადრები ტყვიის გამირებით იყო გადაბმული. შემორჩენილია მაღალმხატვრული რელიეფით (ნადირობის სცენა) შემკული კირქვის ლაპიტელის ფგარმენტი. სამადლოს დასავლეთ ბორცვის ქვედა ტერასაზე აღმოჩნდა ქვითა და ალიზნით ნაგები ძვ. წ. IV-III საუკუნეების აკლდამა, რომელიც საქართველოსათვის უნიკალური სამარხი ნაგებობაა. ელინისტურ ხანაში სამადლოს ორგზის განუცდია ნგრევა და ხანძარი. პირველი (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი) შეიძლება დაუკავშირდეს იმ ბრძოლებს, რომლებიც წინ უძღოდა ფარნავაზის გამეფებას იბერიაში, ხოლო მეორე (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი) - არტაშესიანების ლაშქრობებს ქართლში. ძვ. წ. II საუკუნის დასასწულს სამადლოზე ცხოვრება საბოლოოდ შეწყდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სამადლო და მის პირდაპირ, მტკვარგაღმა ნასტაგისის ველზე არსებული სამოსახლო ელინისტურ ხანაში ერთიან ქალაქს შეადგენდა. ამასთან, სამადლო იყო ამ ქალაქის შიდა ციხე, შესაძლებელია აქვე არსებულიყო ძვ. წ. IV-III საუკუნეების ქართლის მეფეთა რეზიდენცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 697, თბ., 1984