სავმაკის აჯანყება
სავმაკის აჯანყება — სკვითების აჯანყება ბოსფორის სახელმწიფოში ძვ. წ. 107 წელს. სავმაკის აჯანყებამ იმ დროს იფეთქა პანტიკაპეონში, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება დიოფანტესთან ბოსფორის მეფე პერისად V-ის მეფის მიერ პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორისათვის ხელისუფლების გადაცემის თაობაზე. პერისად V მოკლა სავმაკმა, ხოლო დიოფანტემ გაქცევით უშველა თავს. აჯანყებულებმა ხელთ იგდეს ბოსფორის მთელი ევროპული ნაწილი. სავმაკის აჯანყება წინ აღუდგა პოლიტიკურ გარიგებას, რომლის მეშვეობითაც ბოსფორის მონათმფლობელური ზედაფენა ცდილობდა გამოსავალი ეპოვა მწვავე კრიზისიდან, შეენარჩუნებინა კლასობრივი ბატონობა, განემტკიცებინა რეჟიმი და გადაეცა ძალაუფლება მითრიდატე VI-სათვის. აჯანყებულთა ბელადი სავმაკი ბოსფორის მმართველი გახდა. მითრიდატე VI-მ ხანგრძლივი მზადების შემდეგ გაგზავნა დიდი დამსჯელი ექსპედიცია, დიოფანტეს მეთაურობით, მათ დაიკავეს ფეოდოსია, პანტიკაპეონი. აჯანყება ჩაახშეს, სავმაკი დაატყვევეს, ხოლო ბოსფორის სახელმწიფო მითრიდატე VI-ის ძალაუფლების ქვეშ მოექცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 643.