რუსიანის ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსიანის ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანში, სოფლის ზემოთ, 300-350 მეტრზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

შენობა გეგმით ოთხკუთაა. დგას მთის ფერდობზე, ისე რომ მისი ჩრდილოეთ მხარე ფერდობშია შეჭრილი. ძლიერ დაზიანებულია. ნაგებობის ოთხივე კედელი დიდი დანაკარგებითაა მოღწეული. კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი კი მცენარეულობით ისეა დაფარული, რომ გათხრა-გასუფთავების გარეშე, გეგმის ზუსტად დადგენა არ ხერხდება. შენობიდანა ყველაზე დიდ სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე დგას. შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტების კვალი არ ეტყობა. ისინი სხვდასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვითა და კირის ხსნარითაა ნაგები. წყობა ირეგულარულია.

აღმოსავლეთიდან შენობას ეკვროდა ორჯერ უფრო მოკლე გეგმით ოთხკუთხა მინაშენი. მინაშენისგან მხოლოდ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებიღაა შემორჩენილი. მინაშენის ჩრდილოეთ კედელი ნაგებობის შესაბამისი კედლის ხაზზეა, სამხრეთისა კი მიწის პირამდეა დანგრეული, რის გამოც მინაშენის სიგანის დადგენა არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]