რორშახის ტესტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერმან რორშახი, რომელმაც შექმნა რორშახის მელნის ლაქის ტესტი 1921 წელს

რორშახის მელნის ლაქების ტესტიფსიქოდიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც 1921 წელს შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ჰერმან რორშახმა შემოიღო. ტესტი 10 ბარათისაგან შედგება, რომლებიც წარმოადგენენ ბუნდოვან სტიმულებს სიმეტრიული მელნის ლაქების სახით. ტესტი მოიცავს როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად ბარათებს. ცდის პირებს მოეთხოვებათ დაასახელონ თუ რას ხედავენ ან რას ამსგავსებენ ბარათზე მოცემულ ლაქებს, ექსპერიმენტატორი კი ზედმიწევნით აფიქსირებს მათ პასუხებს, აღწერს პასუხის გასაცემად დახარჯულ დროს და იმას, თუ როგორ უჭირავთ რესპოდენტებს ბარათები. ამის შემდეგ კი ხდება გარკვეული დეტალების დაზუსტება. რორშახის ტესტის მეშვეობით ძირითადად ხდება ინდივიდუალური თავისებურებების, შემეცნებითი სტილის, შინაგანი და პიროვნებათშორისი კონფლიქტების და დაცვის მექანიზმების,შფოთვის დონის, ინტელექტუალური უნარების და ა.შ. დიაგნოსტრება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დასრულებული თეორია მელნის ლაქებთან დაკავშირებით, 1980-90 წლებში ჩატარებული არაერთი კვლევით დადასტურდა ამ ტესტის ვალიდობა და სანდოობა. გარდა ამისა, არსებობს გადამუშავებული და მოდიფიცირებული ვარიანტები, რომელიც ამავე პრინციპს ეფუძნება.

რორშახის ტესტის პასუხების 5 კატეგორია გამოიყოფა:

  • ლოკალიზაცია
  • დეტერმინანტები
  • ფორმის დონე, ხარისხი
  • შინაარსი
  • ორიგინალურობა

მელნის ლაქები[რედაქტირება]

ქვევით მოცემულია 10 ლაქა რორშახის ტესტიდან დაბეჭდილი დაფებზე (რორშახის ტესტი-ფსიქოდიაგნოსტიკური დაფები),[1] ყველაზე ხშირი პასუხებით, როგორც მთლიან სურათებზე ასევე დეტალებზე, რომლებიც მოწოდებულია სხვადასხვა ავტორის მიერ.

ბარათი ხშირი პასუხები [2][3][4] კომენტარები[5][6]
Rorschach blot 01.jpg
ბეკი: ღამურა, პეპელა
პიოტროვსკი: ღამურა (53%), პეპელა (29%)
დანა (საფრანგეთი): პეპელა (39%)
I ბარათის ნახვისას, სუბიექტები იწყებენ იმის გამოცნობაზე ფიქრს თუ როგორ უნდა იმოქმედონ და კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რისი გაკეთების უფლება აქვთ ბარათთან მიმართებაში (მაგალითად მისი ამოტრიალება) არ არის მნიშვნელოვანი. რადგან ბარათი პირველია, მან შეიძლება მოგვცეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მოქმედებს ახალი და რთული ამოცანა სუბიექტზე. თავად ბარათზე არსებული გამოსახულების დასახელება სუბიექტისთვის ხშირად არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან მას მზად აქვს ყველაზე პოპულარული პასუხი.
Rorschach blot 02.jpg
ბეკი: ორი ადამიანი
პიოტროვსკი: ოთხფეხა ცხოველი (34%, ნაცრისფერი ნაწილები)
დანა (საფრანგეთი): ცხოველი: ძაღლი, სპილო, დათვი (50%, ნაცრისფერი)
II ბარათის წითელ დეტალებს ხშირად ხედავენ, როგორც სისხლს და არის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი. მსგავსი პასუხები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე თუ, როგორ შეუძლია სუბიექტს სიბრაზისა და ფიზიკური ტკივილის შეგრძნებებთან გამკლავება. ბარათმა შეიძლება გმოიწვიოს მრავალგვარი სექსუალური პასუხი.
Rorschach blot 03.jpg
ბეკი: ორი ადამიანი (ნაცრისფერი)
პიეტროვსკი: ადამიანის ფიგურები (72%, ნაცრისფერი)
დანა (საფრანგეთი): ადამიანი (76%, ნაცრისფერი)
III ბარათი ტიპიურად აღიქმევა, როგორც ერთამნეთთან დაკავშირებული ორი ადამიანი და შეიძლება მოგვცეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორი ურთიერთობა აქვს სუბიექტს სხვა ადამიანებთან (კერძოდ, პასუხის ლატენტურობა შეიძლება მიუთითებდეს არეულ სოციალურ უთიერთობებზე).
Rorschach blot 04.jpg
ბეკი: ცხოველის ტყავი, კანი, ნოხი
პიეტროვსკი: ცხოველის ტყავი, კანი , ნოხი (41%)
დანა (საფრანგეთი): ცხოველის კანი (46%)
IV ბარათი გამორჩეულია ბნელი ფერებითა და ჩრდილებით (ქმნის სირთულეს დეპრესიული სუბიექტებისთვის), ზოგადად აღიქმება, როგორც დიდი და მუქარის გამომხატველი ფიგურა; შეუღლებული ზოგად შთაბეჭდილებასთან თითქოს სუბიექტი ქვევიდან უყურებს საგანს, ეს გვეხმარება ძალაუფლების შეგრძნების გამოვლენაში. ადამიანისა ან ცხოველის დანახვის შემთხვევაში თითქმის უცველელად მიიჩნევენ მას მამრად ვიდრე მდედრად და სუბიექტის აზრების ექსპრესიის ხარისხის მიხედვით შეიძლება გაკეთდეს დასკვნები მისი დამოკიდებულების შესახებ კაცებისა და მმართველობისადმი. IV ბარათს ხშირად „მამის ბარათს“ უწოდებენ.[7]
Rorschach blot 05.jpg
ბეკი: ღამურა, პეპელა, ჩრჩილი
პიეტროვსკი: პეპელა (48%), ღამურა (40%)
დანა (საფრანგეთი): პეპელა (48%), ღამურა (46%)
V ბარათი მარტივად შემუშავებული ბარათია და როგორც წესი, არ აღიქმევა მუქარის შემცველად და ტიპიურად ცვლის ტესტის ტემპს (აჩქარებს), წინა უფრო რთული ბარათების შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ბარათი შეიცავს მცირე რაოდენობით ნიშნებს, რომლებიც წარმოშობდა კავშირებს და გამოიწვევდა ამოცნობის გართულებას, ეს არის ყველაზე მარტივი ლაქა ნათელი პასუხის მისაღებად.
Rorschach blot 06.jpg
ბეკი: ცხოველის ტყავი, კანი, ხალიჩა
პიეტროვსკი: ცხოველის ტყავი, კანი (41%)
დანა (საფრანგეთი): ცხოველის კანი (46%)
VI ბარათის მთავარი მახასიათებელია ტექსტურა, რომელიც ხშირად ავლენს კავშირს ადამიანთა შორის სიახლოვესთან. ეს არის გამორჩეულად „სექს ბარათი“, რადგან ყველაზე ხშირად იწვევს სექსთან ასოცირებული შთაბეჭდილებების გამოწვევას სხვა ბარათებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, სხვა ბარათები ხასიათდება ხშირად დანახული სექსულაური შინაარსის უფრო დიდი ვარიაბელობით.
Rorschach blot 07.jpg
ბეკი: ადამიანის თავები და სახეები (top)
პიეტროვსკი: ქალისი თავები ან ბავშვები (27%, top)
Dana (საფრანგეთი): ადამიანის თავი (46%, top)
VII ბარათი შეიძლება დაკავშირებული იყოს ფემინინობასთან (ადამიანის ფიგურას, რომელსაც ხშირად ხედავენ ახასიათებენ, როგორც ქალს ან ბავშვს), ბარათი ითვლება „დედის ბარათად“ და სირთულეები პასუხის გაცემასთან დაკავშირებით შეიძლება დაკავშირებული იყოს სუბიექტის ცხოვრებაში არსებული ქალთან. ცენტრში არსებული დეტალი ხშირად აღიქმება, როგორც საშო, რაც ამ ბარათს ასევე აკავშირებს ქალის სექსუალობასთან.
Rorschach blot 08.jpg
ბეკი: ცხოველი: არც ძაღლი და არც კატა (ვარდისფერი)
პიეტროვსკი: ოთხფეხა ცხოველი (94%, ვარდისფერი)
დანა (საფრანგეთი): ოთხფეხა ცხოველი (93%, ვარდისფერი)
VIII ბარათის ნახვისას ადამიანები ხშირად გრძნობენ სიმშვიდეს, რაც მათ მოდუნების და განტვირთვის საშუალებას აძლევს. V ბარათის მსგავსად ეს ბარათიც ცვლის ტესტის ტემპს, თუმცა ამასთანავე ბარათი აცნობს ინდივიდს ახალ სირთულეებს: კომპლექსურობასა და მრავალფეროვანებას. ამიტომაც ადამიანები, რომელთათვისას კომპლექსური სიტუაციების გადაწყვეტა ან კომპლექსური ემოციური სტიმული დამთრგუნველია, არაკომფორტულად იგრძნობენ თავს ბარათის ყურებისას.
Rorschach blot 09.jpg
ბეკი: ადამიანი (სტაფილოსფერი)
პიეტროვსკი: არ არის ცნობა
დანა (საფრანგეთი): არ არის ცნობა
IX ბარათის მახასიათებელია გაურკვეველი და დიფუზური ფორმა, მშვიდი ფერადი ნიშნები, რომლებიც ქმნის ზოგად გაურკვევლობას. არსებობს მხოლოდ ერთი პოპულარული პასუხი ბარათზე. ის ყველაზე ნაკლებად ჩვეულებრივი ბარათია ბარათებს შორის. ბარათის გაანალიზების გართულება შეიძლება მიუთითებდეს პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია არასტრუქტურირებულ მონაცემებთან გამკლავებასთან.
Rorschach blot 10.jpg
ბეკი: კიბორჩხალა, ასთაკვი, ობობა (blue)
პიეტროვსკი: კიბორჩხალა, ობობა (37%, ლურჯი),
კურდღლის თავი (31%, ღია მწვანე),
მუხლუხოები, ჭიები, გველები (28%, მუქი მწვანე)
დანა (საფრანგეთი): არ არის ცნობა
X ბარათი სტრუქტურულად VIII ბარათის მსგავსია, თუმცა გაურკვევლობითა და კომპლექსურობით IX ბარათს მოგვაგონებს. ადამიანებს, რომლებიც ვერ უმკლავდებიან მრავალ კონკურენტულ სტიმულს, არც ეს ბარათი არ მოეწონებათ. გამომდინარე იქიდან რომ ბარათი ბოლოა ბარათებს შორის შეიძლება მოგვცეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას გრძნობს სუბიექტი თავისი მდგომარეობის შესახებ ან რა სურს რომ იცოდეს.

ლოკალიზაცია[რედაქტირება]

  1. მთლიანობითი (W) - ბარათზე გამოსახული ლაქის მინიმუმ 2/3-ის ერთ მთლიანობად აღქმა.
  2. კონფაბულარული (DW)- რომელიმე ცალკეული დეტალის აღქმა იწვევს ამ დეტალთან გამოსახულების მთლიანად დაკავშირებას (მაგ.: ბარათზე პეპელას დანახვა ე.წ. ’’ულვაშების’’ გამო).
  3. ჩვეულებრივი დეტალები (D) - ის დეტალები, რომლებიც თვალსაჩინო და ადვილად აღსაქმელია. რორშახს ცალსახად არ მიუთითებია ამ ტიპის ფიგურები, თუმცა მოგვიანებით ბესპალკომ გამოყო ჩვეულებრივი დეტალების ჯგუფი თითოეული ბარათისთვის.
  4. უჩვეულო დეტალები (Dd) - წარმოადგენს ბარათის წვრილმან ნაწილს, განაპირა დეტალს.

დეტერმინანტები[რედაქტირება]

  1. ფორმა (F) - აღქმული ფიგურის ფორმა (გარკვეული და გაურკვეველი) მაგ.: თუ ცდის პირს შეუძლია ახსნას კონკრეტულად რა ცხოველი დაინახა, მაშინ ფორმა გარკვეულია, მაგრამ თუ ვერ ასახელებს, მაშინ არსების ფორმა გაურკვეველია).
  2. მოძრაობა (M) - დაკავშირებულია კინესთეტიკის აღქმასთან. ძირითადად ჩნდება მაშინ, როდესაც სუბიექტს აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. ბომის აზრით, მოძრაობასთან დაკავშირებული პასუხების განცდა და მათთან იდენტიფიკაცია ხდება.

ადამიანი შეიძლება ხედავდეს ცხოველთა მოძრაობასაც. ისინი ორ ჯგუფად იყოფა: ანთროპომორფული - ცხოველები, რომლებიც არ განიცდებიან როგორც ადამიანური; ანთროპომორფიზირებული - მულტფილმის გმირების მსგავსი ცხოველები, რომლებიც განიცდებიან როგორც ადამიანური. გამოიყოფა უსულო საგნების მოძრაობაც.

  1. ფერი(C) - განიხილება ფორმასთან მიმართებით: 1. ფორმა და ფერი FC - როდესაც ფორმის აღქმა დომინირებს ფერზე. 2. ფერი და ფორმა CF - როდესაც დომინირებს ფერის აღქმა. 3. აქრომატული ფერი - როდესაც შავი, ნაცრისფერი ან თეთრი ნაწილები გამოიყენება ობიექტის ფერის დასახასიათებლად. მაგ. (’’შავი კვამლი’’).
  2. შუქ-ჩრდილი - ძირითადად გამოყოფენ შემდეგ თავისებურებებს: ტექსტურა, სიღრმის განცდა, ორგანზომილებიანი აღქმა.

შინაარსი[რედაქტირება]

პასუხების შინაარსი აღინიშნება შემდეგი სიმბოლოებით:

  • Н — ადამიანთა ფიგურები, მთლიანი და თითქმის მთლიანი;

(Н) — რეალობას მოკლებული ადამიანთა ფიგურები, ანუ ნახატების, კარიკატურების, სკულპტურების ან მითოლოგიურ არსებათა სახით წარმოდგენილნი (Hd) — ადამიანის ფიგურის ნაწილები;

  • А — ცხოველის ფიგურა, მთელი ან ნაწილობრივი; (А) — მითოლოგიური ცხოველი, ურჩხული, კარიკატურა, ნახატი;
  • Ad — ცხოველის ნაწილები, ძირითადად თავი ან თათები;
  • At — ადამიანის შინაგანი ორგანოები (გული, ღვიძლი...);
  • Sex — მინიშნებები სასქესო ორგანოებზე ან მენჯის ძვალსა თუ სხეულის ქვედა ნაწილზე; *Obj — ადამიანის მიერ დამზადებული ფიგურები;
  • Aobj — ცოცხალი მასალისგან დამზადებული ნივთები (ტყავი, ბეწვი);
  • Aat — ცხოველების შინაგანი ორგანოები;
  • Food — საკვები;
  • N — პეიზაჯი, ხედი, ჰაერი, მზის ჩასვლა..;
  • Geo — რუკები, კუნძულები, მდინარეები, ყურეები;
  • Pl — ყველა სახის მცენარეულობა, ყვავილები, ხეები, ბოსტნეული და ა.შ.
  • Arch — არქიტექტურული შენობები, სახლები,ხიდები, ეკლესიები;
  • Art — ბავშვის ნახატი, აკვარელი, რომელშიც არ არის რაიმე სპეციფიკური შინაარსი;
  • Abs — აბსტრაქტული კონცეფციები (ძალაუფლება, სიყვარული, ძალა...);
  • Вl — სისხლი;
  • Ti — ცეცხლი;
  • Cl — ღრუბლები;
  • უფრო იშვიათი შინაარსის აღნიშვნა ხდება სიტყვებით: Smoke, Mask, Emblem და ა.შ.

ორიგინალურობა[რედაქტირება]

ნაკლებად ორინალურია პასუხები, რომელთაც ადამიანთა უმრავლესობა იძლევა, ხოლო უფრო ორიგინალურია პასუხების იშვიათი ვარიანტები. ორიგინალური პასუხები გვხვდება დაახლ. 100-დან 1 შემთხვევაში.

მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია[რედაქტირება]

ლოკალიზაცია[რედაქტირება]

მიუთითებს ობიექტთა და გარემო სინამდვილის შემეცნების თავისებურებაზე. როდესაც ლაქის აღქმა მთლიანობით ხდება, ეს მეტყვეებს ადამიანის სწრაფვაზე სიტუაცია მთელი სირთულით, მის შემადგენელ კონპონენტთა ურთიერთკავშირით აღიქვას. ინტეგრირებული, საგნის მთლიანობითი აღქმა კარგად გამოხატული ფორმით მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. ისეთი პასუხები კი, რომლებშიც ნაწილები განაპირობებენ მთელის აღქმას და საგნის ფორმა არაზუსტადაა გამოკვეთილი, მიანიშნებს ინტელექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სუბიექტივიზმსა და გადაჭარბებულ პატივმოყვარეობაზე. როდესაც პასუხებში ჭარბობს პატარა დეტალები, ეს მიუთითებს გადამეტებულ პედანტიზმსა და აკვიატებულობაზე. თუ პასუხებში მოცემულია იშვიათი დეტალები, ეს მეტყველებს ადამიანის საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე, შფოთვაზე და მასთან გამკლავების მცდელობაზე. თუმცა როდესაც არ არსებობს სხვა აფექტური არაკეთილდღეობის მიმნიშნებლები, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ადამიანი ცნობისმოყვარეა და აზროვნების ორიგინალურობა ახასიათებს.

თეთრი ფონის ინტერპრეტაცია[რედაქტირება]

თეთრი ფონის აღქმა მიუთითებს ექსტრავერტების სწრაფვაზე წინააღმდეგობა გაუწიონ გარემოს გავლენას, მათ ნეგატივიზმზე, ინტროვერტთა შემთხვევაში კი - კონფლიქტზე საკუთარ თავთან, დაურწმუნებლობაზე, არასრულფასოვნების განცდაზე. ზოგადად, ცდის პირი ბარათის ინტერპრეტაციას შემდეგნაირად ახდენს: მთელი, ნაწილი, ფონი, რაც გულისხმობს რეალობის ლოგიკურად და სისტემატურად აღქმას. თუ ასეთი ინტერპეტაცია ათივე ბარათისთვის ერთნაირია, ეს მეტყველებს აზროვნების სტერეოტიპულობაზე, რიგიდულობასა და ადაპტირებულობაზე. თუ თანმიმდევრობა ნარჩუნდება, მაგრამ იცვლება თავად ბარათის სტრუქტურიდან გამომდინარე, ესეც აღქმის თანმიმდევრულობაზე მიუთითებს. როდესაც თანმიმდევრობა ქაოსურია, ეს ადაპტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს, თუმცა იშვიათად ე.წ. შემოქმედებითი ტიპის ადამიანებსაც ახასიათებთ.

დეტერმინანტები[რედაქტირება]

ფორმა[რედაქტირება]

ფორმის აღქმა ერთ-ერთი ყველაზე კარგი მახასიათებელია იმისა, თუ როგორ ვახერხებთ სტრუქტურის აღქმასა და გაურკვეველი ხასიათის მასალის ორგანიზაციას. ფორმის კარგი აღქმა მიუთითებს პიროვნების კონსტრუქციულობაზე, საკუთარი აფექტების მართვის უნარზე, აგრეთვე მაღალ ინტელექტსა და რეალობასთან ადაპტაციის უნარზე. რაც უფრო კარგად აღიქვამს ინდივიდი ფორმას, მით უფრო მეტად აქვს მას უნარი ცხოვრებისეული პრობლემები ცივი გონებით გადაჭრას; განვითარებული აქვს ობიექტურობის გრძნობა და სიტუაციით გამოწვეული ემოციებით არ მსჯელობს. თუმცა როდესაც ძალიან დაბალია პასუხები მოძრაობისა და ფერის შესახებ, ფორმის აღქმა გადაჭარბებულ თვითკონტროლსა და სპონტანურობის უუნარობაზე მიუთითებს. ხოლო როდესაც მოძრაობისა და ფერის ფონზე მცირეა ფორმის აღქმა, ეს მეტყველებს არასაკმარის ინტელექტუალურ კონტროლსა და ზოგჯერ სუბიექტივიზმზე.

კინესთეტიკური მაჩვენებლები[რედაქტირება]

კინესთეტიკური მაჩვენებლების ინტერპრეტაცია რორშახის ტესტის ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ნაწილია. მიჩნეულია, რომ სწორედ ეს მაჩვენებელი აღწერს ყველაზე კარგად ადამიანის შინაგან სამყაროს. მკვლევართა უმეტესობა მოძრაობების აღქმას განიხილავს როგორც პიროვნების მიერ არაცნობიერი სიღრმეების პროექციას ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან, განსხვავებით ფერისა და ფორმისგან, კინესთეტიკური აღქმა თავად სუბიექტისგან მომდინარეობს. ამიტომაც, კინესთეტიკას აკავშირებენ მაღალ ინტელექტთან, შემოქმედებით და წარმოსახვის უნართან. თავად რორშახი კინესთეტიკას აკავშირებდა ადამიანის საკუთარ თავში ჩაღრმავების მიდრეკილებასთან, აგრეთვე მის მიერ აფექტური კონფლიქტების შემოქმედებითი გზით გადაჭრისა და შესაბამისად, შინაგანი სტაბილურობის მიღწევის უნართან. მსგავს მოსაზრებებს ამტკიცებდა ხელოვნებასთან დაკავშირებული პირების კვლევაც, თუმცა შემდგომში ისიც გამოვლინდა, რომ აუცილებელია სხვა ისეთ ფაქტორთა ზემოქმედების გათვალისწინება, როგორიცაა ადამიანის ადაპტაციის უნარი, საკუთარი ’’მე’’-ს დიფერენციაცია, აფექტურ გამღიზიანებლებზე გარეგანად რეაგირება. კინესთეტიკა კავშირშია ადამიანის მიერ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების აღქმასთან, ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან, ემპათიის უნართან და ა.შ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანის კინესთეზიის აღქმა მეტყველებს პიროვნების მიერ საკუთარი მოთხოვნილებების, ფანტაზიისა და თვითშეფასების გაცნობიერებაზე, შინაგანი მდგომარეობის კარგ კონტროლზე. რორშახი მოძრავი სხეულების დიფერენციაციას ახდენდა აქტიური და პასიური მოძრაობების მიხედვით. როდესაც ადამიანი სხეულის აქტიურ მოძრაობებს აღიქვამს, ეს მეტყველებს ცხოვრების მიმართ აქტიურ, კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც დამჯდარ ან დაკუზულ ფიგურას ხედავს - მეტყველებს ადამიანის პასიურობაზე, სირთულეებისგან გაქცევის მიდრეკილებაზე, სამყაროსგან გამიჯვნის მცდელობაზე. ამგვარად, კინესთეზიები მიუთითებენ შემდეგზე:

  • ინტრავერტობა
  • ’’მე’’-ს სიმწიფე, ანუ საკუთარი ემოციების კონტროლისა და შინაგანი სამყაროს მიღების უნარი.
  • შემოქმედებითი ინტელექტი
  • აფექტური სტაბილურობა და კარგი ადაპტაცია.
  • ემპათიურობა

ცხოველთა მოძრაობა[რედაქტირება]

როდესაც ადამიანი ახდენს იდენტიფიკაციას მოძრავ ცხოველებთან, ეს მის მოუმწიფებლობაზე მიუთითებს, ხოლო როდესაც საერთოდ არ აღიქვამს ცხოველთა მოძრაობას, ეს გულისხმობს ადამიანის მიერ პრიმიტიული მოთხოვნილებების ჩახშობის მცდელობაზე.

უსულო საგანთა მოძრაობა[რედაქტირება]

მიჩნეულია, რომ უსულო საგნების მოძრავად აღქმა ღრმა გაუცნობიერებელ, უკონტროლო იმპულსებსა და აუხდენელ სურვილებზე მიუთითებს, რაც ადამიანში შფოთვას, შიშის განცდასა და შინაგან კონფლიქტებს იწვევს. მაგრამ როდესაც პიროვნება ფორმებსა და ცოცხალ არსებათა მოძრაობასაც აღიქვამს, ეს ადამიანის შინაგანი სამყაროს სიმდიდრეზე მეტყველებს, ახასიათებს სპონტანურობა, კარგად განვითარებული წარმოსახვის უნარი.

შუქ-ჩრდილი, ელფერი[რედაქტირება]

ადამიანის მიერ ტექსტურისა და ზედაპირის აღქმა მის მგრძნობიარობაზე მიუთითებს. როდესაც შუქ-ჩრდილის აღქმა ფორმასთან ერთად ხდება, ეს მეტყველებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მართვის უნარზე. მაგრამ როდესაც ფორმის განცდა შუქ-ჩრდილის აღქმაზე დომინირებს, მაშინ ადამიანს აქვს არა მხოლოდ ურთიერთობის მოთხოვნილება, არამედ სხვათა ინტერესების გათვალისწინების უნარიც. ამ კომბინაციის ოპტიმალური მაჩვენებელი ადამიანის გულისხმიერებაზე მიანიშნებს. გადაჭარბებით Fc-ს გამოვლენა მეტყველებს პასიურობაზე, დამოუკიდებლობის არქონაზე, ხოლო მცირე რაოდენობა - ამ თვისებების არარსებობაზე. როდესაც ტექსტურის აღქმა დომინირებს ფორმის აღქმაზე, საქმე გვაქვს კონტაქტების მოთხოვნილების უხეშ გამოვლინებასთან, რაც ზოგჯერ სექსუალურ მოთხოვნილებამდეც დაიყვანება, ხოლო როდესაც ფორმის განცდა საერთოდ არაა, დამახასიათებელია მოთხოვნილებების სრული უკონტროლობა.

სიღრმე, პერსპექტივა[რედაქტირება]

როგორც წესი, ეს დეტერმინანტი გამოხატავს ადამიანის შფოთვასთან გამკლავების მეთოდებს. როდესაც F არ არის გამოხატული, ეს გულისხმობს შფოთვას ფრუსტრაციების საფუძველზე და მასთან გასამკლავებელი მექანიზმების არარსებობას.

ფერი[რედაქტირება]

ფერის დომინანტურად აღქმა ძირითადად ექსტრავერტებისთვისაა დამახასიათებელი. მისი ინტერპრეტაციაც აგრეთვე ხდება ფორმასთან ერთობლიობაში. FC-კარგად კონტროლირებადი ემოციურობის ნიშანი, რომელიც განაპირობებს ადეკვატურ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. CF- ნაკლებად კონტროლირებადი ემოციურობა, აფექტური სპონტანურობის, ეგოცენტრულობის, ინფანტილურობის ელემენტებით. C - გადამეტებული იმპულსურობა, პათოლოგიაში გარდამავალი.

აქრომატული ფერების ელფერთა გარჩევა აფექტურობის შერბილებულ ხარისხს გვიჩვენებს, თუმცა რორშახიც და ზოგიერთი სხვა მეცნიერებიც ამაში არაადაპტირებულობას, პესიმიზმს, სევდას, საკუთარი თავისადმი უნდობლობას ხედავენ.

შინაარსი[რედაქტირება]

შინაარსის გააზრება შედარებით ბოლო პერიოდში დაიწყო, რადგან ადრე მიიჩნეოდა რომ ის ადამიანთა კატეგორიებს გამოყოფდა და არა რაიმე პიროვნულ მახასიათებელს. ზოგიერთის აზრით, პასუხთა შინაარსი პიროვნების ინტერესთა მრავალფეროვნების ინდიკატორს წარმოადგენს. მაგალითად, თუ პასუხებში ცხოველები (A) 50%-ზე მეტჯერ გვხვდება, ეს სტერეოტიპულობასა და ინტერესთა სიღარიბეზე მიუთითებს. მიჩნეულია, რომ გარეული ცხოველები აგრესიულობაზე, ხოლო შინეურები - პასიურობასა და სხვაზე დამოკიდებულებაზე მიუთითებენ. ადამიანთა H კატეგორია დაკავშირებულია საკუთარი თავისა და სხეულის, აგრეთვე გარშემომყოფების აღქმაზე. სხეულის მხოლოდ ცალკეული ნაწილების აღქმა შესაძლო კონფლიქტებზე მიუთითებს, მაგალითად სექსუალურ სფეროში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოზას, მიმიკას, აფექტურ მიმნიშნებლებს. მაგალითად, მოჩხუბარე ხალხის დანახვა აღმქმელის მტრულ დამოკიდებულებას გადმოგვცემს, ხოლო მომღიმარი და მოცეკვავე ფიგურები - კმაყოფილებასა და ოპტიმიზმს. ფანტასტიკური ადამიანების აღქმა მიუთითებს ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების სირთულეს. ხდება აგრეთვე შინაგანი კონფლიქტების პროექცია. მაგალითად, ქალმა, რომელიც მარტოობისგან იტანჯება, შეიძლება შეიძლება ერთმანეთისგან დაშორებული ქალისა და მამაკაცის ფიგურები დაინახოს. არსებობს პასუხები ანატომიისა და გეოგრაფიის კატეგორიიდან. თუ ისინი უშუალოდ არაა დაკავშირებული ადამიანის პროფესიულ საქმიანობასთან, მაშინ ისინი მიუთითებს ’’ინტელექტუალურობის კომპლექსზე’’, ადამიანს სურს თავი გამოიჩინოს თავისი ცოდნით. სექსუალური ხასიათის პასუხთა დიდი რაოდენობა ადამიანის ამ სფეროში ადაპტაციის პრობლემებს გულისხმობს, თუმცა ასეთი ტიპის პასუხების სრული არარსებობა ამ სფეროს ღრმა დათრგუნვაზე მეტყველებს. ზოგადად, ხდება პასუხთა რაციონალიზაცია და იმ აფექტების სიმბოლიზაცია, რაც მათ ნამდვილ შინაარსს ააშკარავებს. მაგ, თვალები - უნდობლობა, იჭვნეულობა, დაღებული პირი - ’’მშთანთქმელი’’ დედა, ნიღაბი - ნამდვილი სახის დამალვის სურვილი და ა.შ. ფსიქოანალიზის თანახმად, ვერტიკალური ხაზი მამაკაცურ საწყისთან ასოცირდება, ხოლო ჰორიზონტალური - ქალურთან. ამიტომ, როდესაც პასუხები განლაგებულია ვერტიკალური ხაზის გასწვრივ - ეს მოწმობს მამის მხარდაჭერის ძიებას, ძალაუფლებისკენ სწრაფვას, ხოლო ჰორიზონტალის გასწვრივ - თავშესაფრის დედასთან ძიებას, დაცულობისა და უზრუნველობის განცდას. როდესაც ადამიანი მიდრეკილია ლაქის კუთხეების ინტერპრეტაციისკენ, ეს მეტყველებს შფოთვისგან გაქცევის სურვილზე, ზედა ნაწილისკენ - სწრაფვა სულიერი ძალაუფლებისკენ, ხოლო ქვედა ნაწილი - ტენდენცია პასიურობის, დეპრესიის, მორჩილებისაკენ.

ორიგინალურობა[რედაქტირება]

პოპულარული (ბანალური) პასუხები გამოხატავს ნორმალურ ინტელექტუალურ კონფორმიზმს - ადამიანი სამყაროს აღიქვამს ისევე, როგორც სხვები. პოპულარული პასუხების არარსებობა შეიძლება მეტყველებდეს ნეგატივიზმზე, აუტიზმსა და ადაპტაციურ დარღვევებზე. ზოგადად, ორიგინალური ფიგურები შემოქმედებით უნარებზე მეტყველებს, თუმცა როდესაც ფიგურისა და ფონის აღრევა ხდება ერთმანეთში, ეს აზროვნების დეზორგანიზაციისა და რეალობისგან მოწყვეტის მანიშნებელია.

რორშახის ტესტით მიღებული შედეგების დამუშავება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. გაანალიზებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას პასუხების შემადგენელი თითოეული კომპონენტის ურთიერთდამოკიდებულება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Белый Б.И. Тест Роршаха: практика и теория
  • Первин Л. , Джон О.Психология личности: Теория и исследования

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Rorschach, Hermann (1927). Rorschach Test – Psychodiagnostic Plates. Hogrefe. ISBN 3-456-82605-2. 
  2. Alvin G. Burstein, Sandra Loucks (1989). რორშახის ტესტი:ქულები და ინტერპრეტაცია. New York: Hemisphere Pub. Corp., გვ. 72. ISBN 978-0-89116-780-8. 
  3. Piotrowski, Z. A. (1987). Perceptanalysis: The Rorschach Method Fundamentally Reworked, Expanded and Systematized. Psychology Press, გვ. 107. ISBN 978-0-8058-0102-6. 
  4. Dana 2000
  5. Weiner და Greene 2007
  6. Weiner 2003
  7. Hayden, Brian C. (1981). „Rorschach Cards IV and VII Revisited“. პიროვნების შეფასების ჟურნალი 45 (3): გვ. 226–229. DOI:10.1207/s15327752jpa4503_1. PMID 7252752.