რობერტ ლაიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რობერტ ლაიელი (ინგლ. Robert Lyall; დ. 1789, პეისლი — გ. 23 მაისი, 1831) — შოტლანდიელი მოგზაური და ბოტანიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო უილიამ და ჯენეტ ლაიელების ვაჟი. სწავლობდა მედიცინას ედინბურგის უნივერსიტეტში 1807-10 წლებში. 1808 წელს ერთი წელი მუშაობდა მანჩესტერის სამეფო საავადმყოფოში ოჯახის ექიმად. 1811 წელს ლინეის საზოგადოებაში წაიკითხა მოხსენება და ნიკოლსონის ჟურნალში გამოაქვეყნა ექვსი სტატია მცენარეთა აღგზნებადობის შესახებ. 1811-12 წლებში მუშაობდა პეისლის ჰოსპიტალში ექიმად. 1815 წელს წავიდა რუსეთის იმპერიაში პეტერბურგელი დიდებულის ექიმად. რუსეთში დარჩა ოთხი წელი. 1816 წელს საიმპერატორო აკადემიამ მიანიჭა ექიმისა და ქირურგის წოდება. 1819 წელს დაქორწინდა და დაბრუნდა ბრიტანეთში. 1820 წლის მარტიდან დაბრუნდა რუსეთში, მუშაობდა მოსკოველი დიდებულის ექიმად. 1822 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით იმოგზაურა რუსეთის სამხრეთ პროვინციებში, ყირიმსა და კავკასიაში. იყო თბილისში, აქვს ქალაქის აღწერილობა და ჩანახატები „რომაული ხიდი მტკვარზე“, „თბილისის ციხე“, „თბილისი“ და სხვ. დაათვალიერა მუხროვანი, გომბორი, თელავი, ყვარელი, გრემი, ალვანი, ალავერდი: გარკვეული გზის ნაწილი განვლო ალ. გრიბოედოვთან ერთად. აღწერა თბილისი, მუხროვანი, თელავი და სხვა. 1823 წლის აგვისტოში დაბრუნდა ლონდონში და გამოსცა ნაშრომი „რუსების ბუნება და მოსკოვის დეტალური ისტორია“. 1825 წელს გამოვიდა მისი ორტომიანი წიგნი „მოგზაურობა რუსეთში, ყირიმში, კავკასიასა და საქართველოში“. 1827 წელს გაემგზავრა მადაგასკარზე. იქ დაკავებული იყო ბოტანიკით და საბუნებისმეტყველო ნიმუშების შეგროვებით. ადგილობრივებმა მას დააბრალეს ჯადოქრობა და 1829 წლის 29 მარტს დააპატიმრეს და კუნძულიდან გაასახლეს. ის დაბრუნდა წმინდა მავრიკის კუნძულზე პორტ ლუისში, სადაც გარდაიცვალა 1831 წლის 23 მაისს მალარიული ციებით, რომელიც მადაგასკარზე შეეყარა 1828 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Travels in Russia, the Crimea, the Caucasus and Georgia, I- II, L., 1825.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელაშვილი გ., „ინგლისელი მოგზაური რობერტ ლაიელი თბილისის შესახებ“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ გვ. 319-332— თბილისი, „უნივერსალი“ 2014 ISSN 1512-3154

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]