შინაარსზე გადასვლა

რითმა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რითმა (ბერძნ. rhythmos - ტაქტი, ზომა), ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება, ბგერათა შეწყობა-შეთანხმება ტაეპებში. უკანასკნელი მახვილიანი მარცვლიდან მოყოლებული; ზოგჯერ ბგერების ასეთი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით.

რითმაში შეიძლება მეორდებოდეს ცალკეული ბგერები, სიტყვები ან სიტყვათა ჯგუფები, იშვიათ შემთხვევაში კი - ტაეპები. ლექსიკური თვალსაზრისით რითმა საინტერესოა იმით, რომ იგი ბგერითი გამეორებით გამოყოფს სიტყვას და ამით ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. რითმის ინტონაციური ფუნქცია ხელს უწყობს ლოგიკურ მახვილს, რის შედეგადაც გასარითმი სიტყვა გამოიყოფა მეტყველების ნაკადში და იქცევს ყურადღებას. რითმა პოეტურ მეტყველებაში ქმნის რიტმულობას, კეთილხმოვანებას, მუსიკალობას.

რითმათა კლასიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურის თეორიისათვის სადღეისოდ ცნობილი რითმის უამრავი სახის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე ხდება:

1. კლაუზულათა ანუ შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ა) ერთმარცვლიანი ანუ ვაჟური რითმა
  • ბ) ორმარცვლიანი ანუ ქალური რითმა
  • გ) სამმარცვლიანი ანუ დაქტილური რითმა
  • დ) სამ მარცვალზე მეტი - ზედაქტილური ანუ ჰუპერდაქტილური რითმა.

ტერმინები „ვაჟური“ და „ქალური“ ფრანგული წარმოშობისაა (ძველ ფრანგულში ეს რითმები დაემთხვა მდედრობითი და მამრობითი სქესის გარითმულ სტყვებს და ტერმინების სახით შემორჩა პოეტიკას).

2. ადგილმდებარეობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1) გარეგანი რითმა, რომლის სახეებია:

  • ა) მოსაზღვრე ანუ პარალელური, რომლის სქემაა aa (წყვილადი რითმა) ან aaaa (კატრენი), მაგ:
„მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს...“ (ნ. ბარათაშვილი)
  • ბ) ჯვარედინი რითმა, სქემა: abab
„სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი,
მშვენიერნი, ცრემლით კრთოდნენ
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდნენ.“ (ნ. ბარათაშვილი).
  • გ) რკალური რითმა, სქემა: abba.
„ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია.“
  • დ) კიბური რითმა - წინა ტაეპის ბოლო ერითმება მომდევნო ტაეპის დასაწყისს.
  • ე) ინტერვალიანი რითმა, როდესაც ტაეპებში სხვადასხვა ინტერვალით მეორდება შესაძლებელი სქემებით: aab, aaab.

2) შიგა რითმა (ცეზურული, წინაცეზურული, უკანაცეზურული), როდესაც სიტყვები (კლაუზულები) ტაეპის შიგნითაა გარითმული.

3) შიგა-გარეგანი რითმა, როდესაც შეთანხმებულია ტაეპის მუხლებიც და დაბოლოებაც.

4) პანტორითმა, როდესაც ტაეპში გარითმულია ყოველი სიტყვა.

1) ზუსტი რითმა, როდესაც კლაუზულაში ყველა ბგერა ერთმანეთს ემთხვევა.

„ვარდით ნამებს იტაცებდა ხშირი მზე,
შენს ნატელზე ვოცნებობდი, პირიმზე.“ (გ. ტაბიძე)

2) არაზუსტი რითმა, როდესაც ზოგერთი ბგერა ემთხვევა ერთმანეთს.

„მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მზინარე მთა და ველი
იყოს მრავალჟამიერ.“ (გ. ტაბიძე)

არაზუსტი რითმების სახეებია:

  • ა) ასონანსური
  • ბ) დისონანსური
  • გ) კონსონანსური
  • დ) არათანაბარმარცვლიანი
  • ე) არათანაბარმახვილიანი
  • ვ) აკუსტიკური
  • ზ) ექო-რითმა
  • თ) კონტურული

3) მდიდარი რითმა, რომელშიც ზუსტი კლაუზულების წინა თანხმოვნებიც ემთხვევა (დამახასიათებელია ვეფხისტყაოსნისთვის).

4) ღარიბი რითმა (კლაუზულის თანხმოვნებით განსხვავებული).

5) ღია რითმა (ხმოვნით დამთავრებული).

6) დახურული რითმა (თანხმოვნით დამთავრებულნი).

4. შინაარსის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1) მაჯამური (ომონიმური) რითმა.

„ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა,
შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშ მომკალი უშენოსა,
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღჩად უშენოსა
შენმან მზემან, თავი ცემი, არვის ჰმართებს უშენოსა!“ (შ. რუსთველი)

2) ტავტოლოგიური რითმა

„ნეტავ ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი ნიკორწმინდა...“ (გ. ტაბიძე)

3) ბანალური ანუ გაცვეთილი რითმა

4) იშვიათი რითმა

5) ეგზოტიკური რითმა

6) თემატური რითმა (რითმები, რომლებიც აგებულია ლექსის თემის აღმნიშვნელ სიტყვათა ჟღერადობაზე).

7) კალამბურული რითმა

8) ზმნური (გარითმულია ზმნების კლაუზულები).

9) ზედსართაული (გარითმულია ზედსართავი სახელების კლაუზულები)

1) მარტივი რითმა

2) რთული რითმა

„აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, (რთული)
სერზედ შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა.“ (მარტივი) (ა. წერეთელი)

3) კვეთილი რითმა

„თოვლის ფიფქი წამოვიდა
და დამადნა ტუჩის ქიმზე,
საქართველოს მომავალი
ბედნიერი თვალით მიმზერს.“ (გ. ტაბიძე)

6. გარითმულ ტაეპთა ჯერადობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1) ორჯერადი (ორ-ორი ტაეპია გარითმული)

„დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარი შეჰყარა
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს გმირო ქართლისა“ (ნ. ბარათაშვილი)

2) სამჯერადი

„კაცო, გვიყვარდეს,
ცათ შთამომძახეს
როს მათ დამბადეს
ყველგან ეს სიტყვა
ლამპად წინ მიმყვა.“ (ი. ჭავჭავაძე)

3) ოთხჯერადი - ვეფხისტყაოსნის რითმათა ჯერადობის პრინციპი.

4) მონორიმი - რითმა ლექსის ბოლომდე ერთია.

7. ნებისმიერი რითმა, რომელიც განსაზღვრულ წესს არ ემორჩილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„დრო აღარ დარჩა, რომ ახალი იწყო ცხოვრება?
- არა! ყოველი წუთი გზაა თავისდაგვარი,
ამ გზაზე ბევრი თანამგზავრი
უცდის მომავალს
ბევრი გადივლის ქარიშხალი
და ნიაღვარი.“ (გ. ტაბიძე)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რითმა“-დან