რეტიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეტიარი (ლათ. retiarius) — რომაელი გლადიატორების ერთ-ერთი კატეგორია. რეტიარის მთავარი იარაღი წააგავდა მეთევზის ბადეს. რეტიარი მსუბუქად იყო აღჭურვილი : დაცული ჰქონდა მკლავი და მხრები, ეცვა მოკლე ტუნიკა, არ ჰქონდა ჩაფხუტი, არ ეკეთა წვივსაფარი. ბრძოლის დროს მძიმედ აღჭურვილი მეტოქის (უმეტესწილად, სეკუტორის) წინააღმდეგ რეტიარის უპირველესად თავისი სისწრაფისა და სიმარჯვის იმედი უნდა ჰქონოდა, მისი მთავარი ტაქტიკა კი მოწინააღმდეგის მიერ დაშვებული შეცდომის გამოყენებაში მდგომარეობდა. საუკეთესო შემთხვევაში რეტიარი ახერხებდა თავისი ბადის მოწინააღმდეგისთვის ჩამოცმას. ასეთი წარმატების დროს რეტიარი სამკბილათი უტევდა ბადეში გახლართულ მოწინააღმდეგეს. რეტიარის კიდევ ერთი საბრძოლო ხერხი მდგომარეობდა მოწინააღმდეგის იარაღის ბადეში მოქცევით, ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე რეტიარის წინაშე უიარაღოდ რჩებოდა. ადამიანის სირგძის ზომის სამკაპა რეტიარს საშუალებას აძლევდა დისტანციის დაცვით მოწინააღმდეგისთვის სწრაფად ეჩხვლიტა, დაჭრილი მეტოქე სწრაფად კარგავდა სისხლს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარელიეფი სეკუტორის და რეტიარის ბრძოლის გამოსახულებით

გლადიატორები კატეგორიებად რეალურად არსებული სამხედრო პრეცედენტების მიხედვით იყოფოდა.[1] თუმცა რეტიარები გამონაკლისს წარმოადგენდნენ, მათი პროტოტიპი მეთევზეები იყვნენ .[2][3] მეთევზის კატეგორიის გამოჩენა გლადიატორთა ბრძოლებში ალბათ იმითაც იყო გამოწვეული, რომ გლადიატორთა ბრძოლები წყალზეც იმართებოდა. საერთოდ განსხვავებულად შეარაღებული გლადიატორების ბრძოლები განსაკუთრებით პოპულარული იმპერიის პერიოდში გახდა.[4] რეტიარის ყველაზე ხშირი მოწინააღმდეგე სეკუტორი იყო, რომელსაც ქერცლოვანი მძიმე ჯავშანი იცავდა, მათი ბრძოლა მეთევზისა და თევზის სტილიზებულ ბრძოლას ასახავდა. რომაულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში რეტიარების კატეგორია თავს იჩენს ადრეული იმპერიის ხანიდან. ამის მაგალითია ქრ. შ. პირველი საუკუნით დათარიღებული პომპეის ბარელიეფი.

შეიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეტიარის სკულპტურა პოლონეთის ეროვნული მუზეუმიდან(კრაკოვი)

რეტიარი არის ყველაზე უფრო იოლად გამოსაცნობი კატეგორია თავისი სპეციფიკური აღჭურვილობის გამო, რომელშიც შედის : სასროლი ბადე (rete), მკლავსაფარი (manica), მხრის დამცავი (galerus), სამკაპა (fuscina), მოკლე ხანჯალი (pugio). უნდა ითქვას, რომ თავიანთი შეიარაღებიდან გამომდინარე, რეტიარები ფორმალურად ,,გლადიატორები“ არ იყვნენ, რადგანაც მათ არ ჰქონდათ გლადიატორის ხმალი (gladius), საიდანაც წარმოდგება სახელწოდება ,,გლადიატორი“.

ბრძოლის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეტიარისა და სეკუტორის ბრძოლის ამსახველი მოზაიკა მადრიდის ეროვნული მუზეუმიდან

რეტიარები უმეტესწილად გამოყავდათ მძიმედ შეიარაღებული სეკუტორების წინააღმდეგ. თუმცა მათ გლადიატორების სხვა კატეგორიებთანაც აბრძოლებდნენ ხოლმე.[5] ერთი შეხევდით რეტიარები მეტოქესთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა თანამედროვეობაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმაც დაადასტურა, რომ ისინი სულაც არ იყვნენ თამაშგარე მდგომარეობაში და ჰქონდათ თავიანთი უპირატესობები. მსუბუქად შეიარაღების გამო მას გაცილებით სწრაფად შეეძლო ემოძრავა, მათ შორის მოწინააღმდეგისთვის შემოვლასაც ახერხებდა. ამასთანავე, მას ჰქონდა სამი შემტევი იარაღი მოწინააღმდეგის ერთი იარაღის პირისპირ. რეტიარის საბრძოლო სტრატეგია იყო ახლო ბრძოლისათვის თავის არიდება, დისტანციის დაცვა, სწრაფი მანევრირება, ხელსაყრელ დროს ბადის ან სამკაპას გამოყენება.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Grout, James. (1997–2011)The Roman Gladiator. Encyclopædia Romana – Notae: Essays on the History and Culture of Rome. ციტირების თარიღი: 7 March 2011.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Duncan 204.
  2. Baker 53.
  3. Ward 39.
  4. 4.0 4.1 Junkelmann 61.
  5. Auguet 73 mentions the retiarius/murmillo pairing, but Zoll 117 says that the two gladiator types do not seem to have ever fought each other.