რეიგანომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რონალდ რეიგანი, რომლის სახელისგან ეს ტერმინი წარმოდგება.

რეიგანომიკა (ინგლ. Reaganomics, ორი სიტყვის Reagan და economics შერწყმით მიღებული ტერმინი, რომელიც პირველად რადიო წამყვანმა პოლ ჰარვიმ გამოიყენა; ასევე არსებობს ტერმინის დამცინავი ფორმა ვუდუ-ეკონომიკა) — ტერმინი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის თავისუფალი ბაზრის მქადაგებელი ეკონომიკური პოლიტიკის აღსანიშნავად გამოიყენება. რეიგანის, რომელიც 1981-89 წლებში იყო პრეზიდენტი, ეკონომიკური პოლიტიკის ოთხი ძირითადი საყრდენი იყო (1) მთავრობის ხარჯების ზრდის შემცირება, (2) მუშახელზე და კაპიტალზე მარგინალური გადასახადის განაკვეთის შემცირება, (3) რეგულირების შემცირება, და (4) ფულის მიწოდების კონტროლი ინფლაციის შეზღუდვის მიზნით (მონეტარული პოლიტიკა). საშინაო ხარჯების შემცირების მცდელობით გადასახადების შემცირების პარალელურად, რეიგანის გეზი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი წინამორბედებისგან.

რეიგანის პრეზიდენტად გახდომა დაემთხვა აშშ-ში მაღალი ინფლაციისა და უმუშევრობის პერიოდს, რომელიც მნიშვნელოვანწილად დაძლეულ იქნა მისი მმართველობის პერიოდის დასრულების ჟამს. თუმცა დღემდე მიმდინარეობს კამათი იმაზე, თუ რამდენად მოახდინა გავლენა რეიგანის ფისკალურმა პოლიტიკამ ამ მოვლენებზე და რამდენად მნიშვნელოვანი იყო სხვა ფაქტორები, როგორიცაა ფედერალური რეზერვის მიერ გატარებული ინფლაციისსაწინააღმდეგო მონეტარული პოლიტიკა, ან მნიშვნელოვანი კლება ნავთობის ფასზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიწოდების შოკმა გამოიწვია.