მონეტარული პოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონეტარული პოლიტიკა (ინგლ. Monetary Policy) — მაკროეკონომიკური პროცესი, რომელიც მართავს ქვეყანაში ვალუტის მარაგს, რათა მიაღწიოს ისეთ ეკონომიკურ მიზნებს, როგორიცაა ფასების სტაბილურობა, მოსახლეობის სრული დასაქმება, ფინანსური სტაბილურობა და სხვ. მონეტარულ პოლიტიკას ძირითადად წარმართავს ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით.

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები გამოიყენება ცენტრალური ბანკის მიერ საოპერაციო ორიენტირის მისაღწევად. ძირითადად განასხვავებენ სამი ტიპის ინსტრუმენტს:

  • ღია ბაზრის ოპერაციები
  • მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები
  • სარეზერვო მოთხოვნები

ღია ბაზრის ოპერაციები ცენტრალური ბანკის მიერ კომერციულ ბანკებთან განხორციელებული ტრანზაქციებია თავად ცენტრალური ბანკის ინიციატივით. ეს ტრანზაქციები მოიცავს ა) სასესხო ოპერაციებს, განხორციელებულს, როგორც წესი, აუქციონების მეშვეობით; ბ) სავალო ფასიანი ქაღალდების პირდაპირ შესყიდვა/გაყიდვას. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღია ბაზრის ოპერაციები მოიცავს რეფინანსირების სესხებითა და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტით ფინანსური ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების ოპერაციებს და ასევე, მთავრობის სახაზინო ვალდებულებების, სახაზინო ობლიგაციებისა და ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვის ოპერაციებს (ლიკვიდობის ამოსაღებად)[1].

მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები ცენტრალურ ბანკთან კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული ოპერაციებია ამ უკანასკნელთა ინიციატივით. ისინი ძირითადად მოიცავს ერთდღიან სესხებს (კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდების ოპერაციებს გარკვეულ გირაოზე დაყრდნობით) და ერთდღიან დეპოზიტებს (ლიკვიდობის ამოღების ოპერაციებს ცენტრალური ბანკის სპეციალურ ანგარიშზე სახსრების განთავსებით).

სარეზერვო მოთხოვნები ავალდებულებს კომერციულ ბანკებს მოზიდული სახსრების (ძირითადად, კლიენტთა დეპოზიტების) ნაწილის განთავსებას ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე. კერძოდ, საშუალო მოზიდული სახსრებისთვის კომერციული ბანკები ვალდებულები არიან წინასწარ ცნობილი (დასაცავი) პერიოდის განმავლობაში ცენტრალურ ბანკში საკორესპოდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის სახით იქონიონ არანაკლებ მინიმალური სარეზერვო თანხისა. როგორც წესი, სარეზერვო თანხას ერიცხება სარგებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული დასაცავი პერიოდი 14 დღეა და ამასთან, მოთხოვნები განსხვავებულია მოზიდული სახსრების დენომინაციის მიხედვით, მათ შორის, სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 7%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და 20%-ს - უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე.

მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ორიენტირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ორიენტირი წარმოადგენს იმ ეკონომიკურ (მონეტარულ) ცვლადს, რომლის უშუალო ცვლილებითაც ცენტრალური ბანკი აღწევს მანდატით განსაზღვრულ საბოლოო მიზნებს (ფასების სტაბილურობას, დაბალ უმუშევრობის დონეს და ა.შ.). ხშირად ორიენტირად აიღება მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, სარეზერვო ფული ან სხვა მონეტარული აგრეგატები.

საქართველოს ეროვნული ბანკი საოპერაციო ორიენტირად იყენებს საპროცენტო განაკვეთს მოკლევადიან (ერთკვირიან) ლარის სესხზე (რეფინანსირების სესხზე), რომელსაც იგი კომერციულ ბანკებზე გასცემს, ძირითადად, აუქციონების სახით. აღნიშნული განაკვეთი ხშირად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთად ან რეფინანსირების განაკვეთად მოიხსენიება. 2017 წლის ბოლოსთვის ის 7.25%-ს შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]