რევაზ ნათაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რევაზ ნათაძე (დ. 29 ოქტომბერი, 1903, თბილისი; გ. 11 ნოემბერი, 1984) — ქართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის განხრით 1927 წელს. მუშაობა იქვე, ფსიქოლოგიის კათედრაზე დაიწყო. 1950 წლიდან იყო ამ კათედრის უცვლელი ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც: ფსიქოტექნიკური ლაბორატორიის გამგედ, სატრანსპორტო ფსიქოტექნიკური ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელად, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფსიქოლოგიის სექტორის გამგედ, გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი მრავალმხრივი ნაშრომები ითარგმნა და გამოქვეყნდა აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში. რევაზ ნათაძის კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულებებია: ცნების ჩამოყალიბების ფსიქოლოგია და მისი ონტოგენოზი, სივრცის მიმართულებათა აღქმის ძირითადი ფაქტორების პრობლემა, წარმოსახვითი განწყობის შემუშავება, აღქმის კონსტანტობის ფსიქიკური საფუძვლები, სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური საფუძვლების პრობლემა და სხვა. არის ფსიქოლოგიის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი.

1969 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1964-1974 წლებში იყო საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი.

1951 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]