პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ანუ პროსტატის ადენომაწინამდებარე ჯირკვლის არაავთვისებიანი გადიდება. ის 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ასაკშიც იჩინოს თავი.

პროსტატის ადენომის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ეს დაავადება მამაკაცთა კლიმაქსის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევა. ამრიგად, დაავადების ალბათობა ყველა ხანშიშესულ მამაკაცს აქვს. პროსტატის ადენომის განვითარებასა და სექსუალურ აქტივობასა თუ ორიენტაციას, წამლებისა თუ ალკოჰოლის მოხმარებას, გადატანილ ანთებით თუ ვენერიულ დაავადებებს შორის კავშირი დადასტურებული არ არის.

ადენომის დროს, პროსტატის ჯირკვალზე წარმოიშობა პატარა კვანძი (ან კვანძები), რომელიც იზრდება და მუდმივად აწვება შარდსადენ მილს. ეს მილი პროსტატის ჯირკვალში რომ არ გადიოდეს, დაავადება სრულებით არ გამოვლინდებოდა, ასე კი ადენომა შარდის გამოყოფის მხრივ დარღვევებს იწვევს.

მიიჩნევა, რომ დაავადება იწყება მაშინ, როდესაც შარდის გამოყოფა მამაკაცს შვებას აღარ გვრის. იდეალურ შემთხვევაში, ავადმყოფმა ექიმს სწორედ ამ დროს უნდა მიმართოს. რამდენიმე ხნის შემდეგ, შარდის გამოყოფა ნაკლებად თავისუფალი, ნაკლებად ინტენსიური ხდება. შარდის ნაკადი სუსტდება, ულუფა (ერთ ჯერზე გამოყოფილი შარდის ოდენობა) მცირდება. შარდის ბუშტი მთლიანად ვერ იცლება, რასაც შარდის შეუკავებლობამდე მივყავართ. ამ სტადიაში ადენომის კიდევ ერთი გამოვლინება ის არის, რომ მამაკაცს მცირე ხნითაც კი არ შეუძლია შარდის შეკავება.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან:

  • შარდის გამოყოფის გაძნელება ან შეწყვეტა;
  • შარდის ნაკადის შესუსტება;
  • წვეთობით შარდვა;
  • მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება;
  • შარდვის გახშირება;
  • მტკივნეული შარდვა;
  • ღამით შარდვის გახშირება;
  • მცირე ულუფებით შარდვა, -

ერთი მაინც გამოაჩნდა, სავარაუდოა, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.

პროსტატის ადენომას ტკივილი არ ახასიათებს. ტკივილი მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ ჯირკვალი დაჩირქდა - ჩამოუყალიბდა პროსტატის აბსცესი. ამ დროს, გარდა ტკივილისა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ოფლიანობა.

წინამდებარე ჯირკვლის ადენომა შეიძლება გართულდეს:

გამოკვლევის მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წინამდებარე ჯირკვლების რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევა თითით. ის აუცილებელია, რათა ექიმს წარმოდგენა შეექმნას სიმსივნურ წარმონაქმნზე, განსაზღვროს პროსტატის ჯირკვლის ზომა, კონსისტენცია, მტკივნეულობა;
  • მენჯის ღრუს ორგანოებისა და წინამდებარე ჯირკვლების ექოსკოპიური გამოკვლევა. ის ინფორმაცია იძლევა პროსტატის ჯირკვლის ზომასა და სტრუქტურაზე, ავლენს ნარჩენი შარდისა და კენჭების არსებობას. ზოგჯერ საჭირო ხდება ტრანსრეაქტალური ექოსკოპიური გამოკვლევა. ეს მეთოდი უფრო ინფორმაციულია;
  • თანმხლები დაავადების გამოსავლენად ინიშნება სისხლისა და შარდის ანალიზები;
  • პროსტატის კიბოს გამოსარიცხად, კეთდება ანალიზი პროსტატსპეციფიკურ ანტიგენზე;
  • საჭიროებისას, უროფლოუნეტრიის მეშვეობით, განსაზღვრავენ ნარჩენი შარდის რაოდენობას, რაც ინფორმაციას იძლევა შარდის ბუშტის ფუნქციის შესახებ. ციტოსკოპიით ათვალიერებენ შარდის ბუშტსა და პროსტატის ჯირკვალს.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწყის სტადიაზე მკურნალობა კონსერვატიულია. არსებობს უამრავი ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც ინდივიდუალური წესით უნდა შეირჩეს. სხვაგვარად, შესაძლოა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს.

თერაპიული მკურნალობა ხანგრძლივია. ამ მეთოდით ხდება შარდის გამოყოფის გაუმჯობესება, მაგრამ ეს განკურნებას არ ნიშნავს. ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე, შესაძლოა, დაავადებამ პროგრესი განიცადოს.

უმრვლესობა ექიმთან მხოლოდ შარდის შეკავების შემდეგ მიდის (შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება, თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა, შარდი სუნიანი ხდება). ასეთ დროს, პრაქტიკულად ყოველთვის ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ქირურგიული ჩარევა პროსტატის ადენომის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია.

პროფილაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დაავადების თავიდან აცილების გზა არ არსებობს. არ შეიძლება, პროფილაქტიკის მიზნით იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც მის სამკურნალოდ ინიშნება. სასურველია, 50 წელს გადაცილებულმა ყოველმა მამაკაცმა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს უროლოგიური გამოკვლევა.

Erste hilfe.svg გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #13 (151) 2007 წ.