პრინცი მაჩაბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„პრინცი მაჩაბელი“ — პარფიუმერული კომპანია აშშ-ში. მისი დამაარსებელი იყო პრინცი გიორგი მაჩაბელი, რომელიც იყო მოყვარული ქიმიკოსი. გიორგი მაჩაბელი იყო ქართველი თავადი და იტალიაში საქართველოს ელჩი. მე-20 საუკუნის 20-ან წლებში რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მაჩაბელი წავიდა ემიგრაციაში შეერთებულ შტატებში. მან და მისმა მეუღლემ, ნორინა ჯილიმ (მსახიობი. სასცენო სახელი მარია კარმი) ნიუ–იორკში 545 მედისონ-ავენიუზე 1924 წელს გახსნეს პატარა ანტიკვარული მაღაზია - ”წითელი და შავი”. მაღაზიის სახელწოდება შეიქმნა სტენდალის რომანის მიხედვით იმგვარად, რომ წითელი აღქმული იყო, როგორც არისტოკრატიული ფერი, ხოლო შავი - როგორც რელიგიური (”სასწაული”, ცნობილი სპექტაკლი, რომელმაც ნორინა სასცენო ვარსკვლავად აქცია).

მოგვიანებით, 1926 წელს, მათ დააარსეს ცნობილი პარფიუმერული კომპანია სახელწოდებით „Prince Matchabelli Perfume Company“. ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი და თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში.

გიორგი მაჩაბელმა უბრალო ჰობიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა. რაც მზადდებოდა ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო ძირითადად. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში.

კომპანია 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა, იყო "საქართველოს დედოფალი". მას მოჰყვა

  • "პრინცესა ნორინა"
  • "დიუშეს ოფ იორკ"
  • "ოქროს შემოდგომა"
  • სააბაზანო ზეთი "აბანო"
  • ოდეკოლონი "ქარის სიმღერა"
  • დაპრესილი პუდრი და პომადა.

კომპანია ცნობილი გახდა მრავალფეროვანი ფერადი იარლიყებით, სამეფო გვირგვინის ფორმის ფლაკონებით და სხვ.


ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.

1935 წ. ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიაში, მაგრამ გზაში გაცივდა 1931 წ. 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წ. კი ბრენდი "Prince matchabelli" სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღესდღეობით "პრინცი მაჩაბელი" ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]