პორტალი:ეკონომიკა/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰანზას კავშირი (გერმ. Hanse, ძველ ქვ. გერმ. Hansa, სიტყვასიტყვით «ჯგუფი», «კავშირი», «ამხანაგობა») იყო ვაჭართა გილდიების სამხედრო-სავაჭრო კავშირი, რომელიც მე-XII-XVII საუკუნეების განმავლობაში ბალტიის ზღვაზე, ნაწილობრივ ჩრდილოეთის ზღვაზეც, და საერთოდ ჩრდილოეთ ევროპაში, სავაჭრო მონოპოლიას აწესებდა და მართავდა. ჰანზას ქალაქებს ჰქონდათ საკუთარი კანონები და სამხედრო ძალა, რომელსაც კავშირის წევრები ერთმანეთის დასაცავად და დასახმარებლად იყენებდნენ.

ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების სავაჭრო კავშირი XIV-XVII სს-ში, ფორმალურად 1669 წლამდე არსებობდა. იგი გერმანელ ვაჭართა საზღვარგარეთული გაერთიანების მემკვიდრე იყო. 1157 წელს ლონდონში დაარსდა კელნის ვაჭართა ჰანზა, რომელიც 1281-82 ჰამბურგისა და ლიუბეკის ჰანზებს შეუერთდა. XIII საუკუნიდან ჰანზის სათავეში მოექცა გერმანული ქალაქები, რომლებიც ემყარებოდა გერმანული კოლონიზაციის წარმატებებს აღმოსავლეთ ევროპის სლავურ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში. ჰანზის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა ქალაქი ლიუბეკი. აქვე იმართებოდა ჰანზის ყრილობები. 1356-58 დასრულდა ჰანზის ჩამოყალიბება, მაგრამ კავშირი საბოლოოდ გაფორმდა 1367-70 წწ დანიის წინააღმდეგ ჰანზის ძლევამოსილი ომის შემდეგ. შტრალზუნდის ზავით 1370 წელს ჰანზამ ფართო სავაჭრო პრივილეგიები მოიპოვა. ძლიერების პიკის პერიოდში ჰანზა აერთიანებდა ჩრდილოგერმანიისა და საზღვარგარეთის ასზე მეტ ქალაქს. ჰანზა გაბატონებული იყო ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებზე, მონოპოლიურ საშუამავლო ვაჭრობას აწარმოებდა ჩრდილო, დასავლეთ, აღმოსავლეთ და ნაწილობრივ ცენტრალური ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებთან. (...სრულად)