პოლ ლანჟევენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პოლ ლანჟევენი (დ. 23 იანვარი, 1872, პარიზი — გ. 19 დეკემბერი, 1946) — ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერთა აკადემიის წევრი (1934), ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელს დაამთავრა ფიზიკის და ქიმიის ინდუსტრიული სკოლა. 1897 წელს დაამთავრა პარიზის ნორმალური სკოლა, მიიღო ქალაქის სტიპენდია და ერთი წელი მუშაობდა კევენდიშის ლაბორატორიაში კემბრიჯში ჯ. ტომსონთან. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა პარიზის უნივერსიტეტში. 1902 წლიდან მუშაობდა კოლეჟ დე ფრანსში, სადაც 1909 წლიდან იყო პროფესორი. 1905 წლიდან ფიზიკის და ქიმიის ინდუსტრიულ სკოლაში დაიკავა კათედრა. 1925 წლიდან იყო ამ სკოლის დირექტორი. 1926 წელს ეს სკოლა გადააკეთა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებად.

1933-1939 წლებში მონაწილეობდა ამსტერდამ-პლაილეის მოძრაობაში. 1934 წლიდან სათავეში ედგა ანტიფაშისტურ კომიტეტს. 1939 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ პანსეს. 1940 წლის ოქტომბერში გერმანელმა ოკუპანტებმა დააპატიმრეს, ხოლო დეკემბერში ტრუაში გადაასახლეს. 1944 წლის მარტში წინააღმდეგობის მოძრაობის დახმარებით გადავიდა შვეიცარიაში. 1944 წელს შევიდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში.

ლანჟევენმა დაამუშავა აირში დამუხტული იონების მოძრაობის თეორია, შემოიღო რეკომბინაციის ალბათობის ცნება. შექმნა იონთა ძვრადობის განსაზღვის მეთოდები. მისი მნიშვნელოვანი შრომები შეეხება ნივთიერებათა მაგნიტური თვისებების სტატისტიკურ თეორიას. მისი მოსწავლეები იყვნენ ირენ ჟოლიო-კიური და ეჟენი კოტონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]