პიერ ბაზილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რიჩარდ ლომგულის მკვლელობა

პიერ ბაზილი (ფრანგ. Pierre Basile; 6 აპრილი, 1199), ასევე ცნობილია როგორც ბერტრან დე გუდრუნი, ჯონ სებროზი და დუდო[1][2] — ფრანგი რაინდი, რომელმაც არბალეტიდან გასროლით მოკლა ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული (1157-1199 წწ.). 1199 წლის 26 მარტს, მაშინ როდესაც რიჩარდ ლომგულსა და მის არმიას, საფრანგეთში ალყაში ჰყავდა მოქცეული შალიუს ციხესიმაგრე, რიჩარდმა მოიხსნა ტანზე შემოსილი აბჯარი და ამ დროს პიერ ბაზილმა მას არბალეტით მიაყენა ჭრილობა. თუმცა იმ დროს რიჩარდი არ დაღუპულა. მეფეს მხოლოდ რამდენიმე თვის გასვლის შემდგომ განუვითარდა განგრენა, რომელიც გამოწვეული იყო აღნიშნული ჭრილობიდან და რომელმაც რიჩარდ ლომგული იმავე წლის 6 აპრილს, საბოლოოდ შეიწირა კიდეც.

ციხესიმაგრის დამცველებს შორის მხოლოდ ორი ფრანგი რაინდი იყო და მათ ინგლისელები სახეზე კარგადაც იცნობდნენ. ცნობილია ისიც, რომ ციხესიმაგრე არ იყო კარგად დაცული, რის გამოც ინგლისელებისათვის მისი აღება პრობლემას არ წარმოადგენდა და შესაძლოა ითქვას ამ ალყით ისინი ერთობოდნენ კიდეც. სწორედ მოწინააღმდეგის შეუფასებლობა გახდა მიზეზი იმისა,რომ რიჩარდმა არ, ან ვერ გაითვალისწინა ის საფრთხე, რაც ციხე-სიმაგრის დამცველებისაგან მომდინარეობდა და უარი განაცხადა აბჯრის ჩაცმაზე, რაც მისთვის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.

როდესაც მეფის დაჭრით განრისხებულმა ინგლისელებმა შალიუს ციხესიმაგრე აიღეს, სხვა ტყვეებთან ერთად ტყვედ აიყვანეს რიჩარდის სასიკვდილოდ დამჭრელი რაინდი პიერ ბაზილი, თუმცა რიჩარდმა გამოამჟღავნა უდიდესი სულგრძელობა და ბრძანა, რომ იგი სიკვდილით არ დაესაჯათ. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ფრანგი რაინდი მეფემ 100 შილინგითაც კი დააჯილდოვა. 1199 წლის 6 აპრილს, რიჩარდ I ლომგული, პიერის მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. რის შემდეგაც იმავე დღეს (1199 წლის 6 აპრილი), მეფის სიკვდილით განრისხებულმა ინგლისელებმა პიერ ბაზილს ცოცხლად გააძრეს ტყავი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოახრჩვეს უსაშინლესად ნაწამები რაინდი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gillingham J., Richard the Lionheart. — Butler and Tanner Ltd, 1989. — p. 16.
  2. Flori J., Richard the Lionheart: Knight and King. — Edinburgh: Edinburgh University Press, 1999. — pp. 233—254. — ISBN 978-0-7486-2047-0
  3. Казни и пытки в Средние века. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-26. წაკითხვის თარიღი: 2010-05-15.