შინაარსზე გადასვლა

პეჩენგას მონასტერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეჩენგას მონასტერი (რუს.: Печенгский монастырь) დაარსდა 1533 წელს მდ. პეჩენგას ბარენცის ზღვის შესართავთან, თანამედროვე მურმანსკიდან დაახ. 135 კმ-ში დასავლეთით, ნოვგოროდელი ბერი წმ. ტრიფონის მიერ. მრავალი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სამონატრო კომპლექსი იყო.

სოლოვკის მაგალითზე ტრიფონს სურდა ადგილობრივი სამის ტომის ხალხი ქრისტიანობაზე მოექცია და დაემტკიცებინა ხალხისთვის, რომ რწმენას შეეძლო ამ ყველაზე არასტუმართმოსურნე მკაცრ პირობებშიც აყვავებულიყო. მის მაგალითს მრავალი სხვა რუსი ბერიც მიჰყვა. 1572 წლისთვის პეჩენგას მონასტერში 50 ძმა და 200 მორწმუნე ჰყავდა. წმ. ტრიფონის გარდაცვალებიდან 6 წელიწადში მონასტერს შვედები დაესხნენ თავს, გაძარცვეს და დაწვეს იგი. გადმოცემით ამ თავდასხმას 51 ბერი და 65 მორწმუნე-მსახური შეეწირა, რამაც ტრიფონის დაარსებულ საქმეს ბოლო მოუღო.

1591 წელს მეფე ფიოდორ I-ის ბრძანებით მონასტერი აღადგინეს კოლას მიდამოებში, მაგრამ ახალი ნაგებობაც ხანძარმა გაანადგურა 1619 წელს. ახალი პეჩენგას მონასტერი ქალაქში გადმოიტანეს, მაგრამ ის იმდენად უკაცრიელი გახდა, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 1764 წელს ის მიტოვებულ იქნა.

XIX საუკუნეში რუსების მიერ კოლას ნახევარკუნძულის კოლონიზაციის დაჩქარების პერიოდში პეჩენგას მონასტერი მის თავდაპირველ ადგილას აღადგინეს 1886 წელს. რუსეთის რევოლუციამდე მონასტერი ორი ნაწილისგან შედგებოდა: ზემო მონასტერში ტრიფონისა და 1589 წლის შემოსევით დაღუპულთა საფლავები იყო, ახალ ქვემო მონასტერში კი, პეჩენგას უბესთან, აქტიური მღვდელთმსახურება წარმოებდა.

სტავროპეგული მონასტერი აყვავდა 1920 წლიდან, პეჩენგას ფინეთის განკარგვაში გადასვლიდან. 1944 წელს ფინეთ-რუსეთის ომის დასრულებისას სულიერი ძმები ახალ ვალამოს მონასტერში გაიხიზნენ, სადაც 1984 წლამდე ავტონომია შეინარჩუნეს, როცა ბოლო მათგანი 110 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მონასტრის შენობები დაინგრა ომის პერიოდში, თუმცა რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1997 წელს მისი აღდგენის სამუშაოები დაიწყო. კოორდ.: 69°33′19″N, 31°13′16″E