პერისტალტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერისტალტიკა (ბერძ. peristaltikos — შემომხვევი და მომჭერი) — ღრუ მილოვანი ორგანოების (ნაწლავი, კუჭი, შარდსაწვეთი) კედლების ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვა, რაც წელს უწყობს ორგანოს შიგთავსის გადაადგილებას. პერისტალტიკა ხორციელდება კედლის ირგვლივ და გასწვრივ განლაგებული გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების თანმიმდევრული შეკუმშვით. პერისტალტიკის ერთ ტალღას მოსდევს შევიწროვებული ადგილის წინამდებარე ნაწილის მოდუნება; ყოველი ტალღის დროს ორგანოს შიგთავსი გადაინაცვლებს ორგანოს მოძრაობის მიმართულებით. პერისტალტიკას ძირითადად არეგულირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვები, რომლებიც ორგანოს კედელში ქმნიან ნერვულ წნულებს. დადგენილია აგრეთვე ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ, თავის ტვინის ქერქის გავლენა პერისტალტიკაზე, რაც ტკივილის ან განრისხების დროს პერისტალტიკის შენელებით, შიშის დროს კი გაძლიერებით ვლინდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]