შინაარსზე გადასვლა

პეპტიკური წყლული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეპტიკური წყლული — პეპტიკური წყლული მრგვალი ან ოვალური ფორმის იარაა, რომელიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე კუჭის წვენისა ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით წარმოიშობა.

  • პეპტიკური წყლული შეიძლება განვითარდეს ჰელიკობაქტერიით ინფიცირების შედეგად ან იმ პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც ასუსტებენ კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანს
  • წყლულით გამოწვეული დისკომფორტი პერიოდულად ჩნდება და ქრება
  • დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს კუჭის ტკივილზე და კუჭის ზონდით გამოკვლევის (ენდოსკოპია) შედეგებს
  • ანტაციდები და სხვა წამლები ინიშნება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად, ხოლო ანტიბიოტიკები - ჰელიკობაქტერიის ელიმინაციისთვის.

წყლული პენეტრირდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენ გარსში. გასტრიტი შესაძლოა გადაიზარდოს წყლულში.

წყლულის დასახელება ასახავს მის ანატომიურ ლოკალიზაციას, ან იმ გარემოებას, რომლის შედეგადაც ის განვითარდა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც პეპტიკური წყლულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თორმეტგოჯას დასაწყისში, პირველ რამდენიმე სანტიმეტრზე გვხვდება. კუჭის წყლული, რომელიც ნაკლებად ხშირია, ძირითადად ლოკალიზებულია კუჭის ზედა სიმრუდეზე. მოსაზღვრე წყლულები ვითარდება კუჭის ნაწილის ქირურგიული მოცილებისას იმ ადგილზე, სადაც დარჩენილი ნაწილი ნაწლავს უერთდება. სტრესით გამოწვეული წყლული, მწვავე სტრესული გასტრიტის მსგავსად, გვხვდება მძიმე დაავადებით, კანის დამწვრობით ან ტრავმით გამოწვეული სტრესის შემდეგ. სტრესული წყლულები აღმოცენდება ხოლმე კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში.

წყლული ვითარდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენი გარსის ნორმალური დაცვითი და აღდგენითი მექანიზმების შესუსტებისას, რის გამოც ის უფრო ადვილად ზიანდება კუჭის წვენით.

პეპტიკური წყლულის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია კუჭის დაინფიცირება ჰელიკობაქტერიით და ზოგიერთი წამლის გამოყენება.

ჰელიკობაქტერიის სამკურნალოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებამდე ეს ბაქტერია თორმეტგოჯას წყლულის დროს გვხვდება პაციენტების 90%-ში, კუჭის წყლულის დროს - 75%-ში. ამჟამად სიხშირის მაჩვენებელი უფრო დაბალია, დაახლოებით 50-დან 75%-მდე.

მრავალი პრეპარატი, განსაკუთრებით ასპირინი, სხვა არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და კორტიკოსტეროიდები აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და ხელს უწყობს წყლულის განვითარებას. ამავე დროს, აასს-ის და კორტიკოსტეროიდების მიღებისას ადამიანების უმრავლესობას პეპტიკური წყლული არ ემართება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტის რჩევით, პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა უმჯობესია გამოიყენონ აასს-ს ერთ-ერთი სახეობა - კოქსიბი (COX-2 ინჰიბიტორი), ვიდრე სხვა რომელიმე ძველი ტიპის აასს, რადგან კოქსიბების მიღებისას კუჭის დაზიანების ალბათობა ნაკლებია. კვლევებით დადასტურებულია, რომ კოქსიბების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს, ამიტომ მათი ხმარებისას სიფრთხილეა საჭირო. ამ გარემოების გათვალისწინებით იმ პაციენტებს, რომელთა პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, ექიმები ხშირად უნიშნავენ აასს-ს ძლიერ სიმჟავის დამრთგუნველ პრეპარატთან (როგორიცაა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) ერთად.

მწეველებს უფრო ხშირად უვითარდებათ და უფრო ნელა უხორცდებათ პეპტიკური წყლული, ვიდრე არამწეველებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს შეუძლია გაზარდოს მჟავას წარმოქმნა, ის არ ითვლება პეპტიკური წყლულის წარმოშობის მიზეზად.

პეპტიკური წყლულის იშვიათი მიზეზია ისეთი სიმსივნე, რომელიც იწვევს კუჭის მჟავას ჭარბ პროდუქციას (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი). სიმსივნური და არასიმსივნური წარმოშობის წყლულის სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა სიმსივნური წყლული არ რეაგირებს არასიმსივნურ წყლულის სამკურნალოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე.

ტიპური წყლული მიდრეკილია შეხორცებისა და ხელახალი განვითარებისკენ. ამდენად, ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დღეების ან კვირების განმავლობაში, შემდგომ შემცირდეს ან გაქრეს. სიმპტომები განსხვავებულია წყლულის ლოკალიზაციისა და პაციენტის ასაკის მიხედვით. მაგალითად, ბავშვებს და ხანდაზმულ პირებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში წყლულის დიაგნოსტირება მხოლოდ გართულებების განვითარების შემდეგ არის შესაძლებელი.

თორმეტგოჯას წყლულის მქონე პაციენტთა მხოლოდ ნახევარს აქვს ტიპური სიმპტომები, სახელდობრ: ღრღნის, წვის, ტკივილის, სიცარიელის შერძნება და შიმშილის გრძნობა. ტკივილი მუდმივია, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ლოკალიზებულია უშუალოდ მკერდის ძვლის ქვემოთ. თორმეტგოჯას წყლულის დროს ტკივილი გაღვიძებისას ხშირად არ არის გამოხატული, იწყება მოგვიანებით. რძის ან საკვების, ან ანტაციდების მიღება ტკივილს აყუჩებს, მაგრამ, როგორც წესი, 2-3 საათში ის ისევ იჩენს ხოლმე თავს. ხშირია ტკივილი, რომელიც ღამე აღვიძებს ადამიანს. ზოგჯერ ტკივილი ერთი ან რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ან მეტჯერ არის გამოხატული, შემდეგ კი მკურნალობის გარეშე ქრება. დაავადების პირველი ორი წლის განმავლობაში ტკივილი უფრო ხშირია, მოგვიანებით კი არარეგულარულად იჩენს ხოლმე თავს. გამოცდილი პაციენტები ხვდებიან, როდისაა მოსალოდნელი ავადმყოფობის რეციდივი.

თორმეტგოჯას წყლულისგან განსხვავებით, კუჭის, ოპერირებული კუჭის დარჩენილი ნაწილის ნაწლავთან მიერთების ადგილზე ლოკალიზებული და სტრესით გამოწვეული წყლულის სიმპტომები არ არის სტანდარტული. საკვების მიღებამ შეიძლება დროებით შეამსუბუწოს ან, პირიქით, გამოიწვიოს ტკივილი. კუჭის წყლული ზოგჯერ იწვევს ქსოვილების შეშუპებას (ედემა), რომელიც წვრილ ნაწლავშიც ვრცელდება და შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭიდან საკვების გადასვლას. ასეთი დაბრკოლება ხანდახან იწვევს შებერილობას, გულისრევას ან ღებინებას საკვების მიღების შემდეგ.

პეპტიკური წყლულის გართულებებს, როგორიცაა სისხლდენა ან გასკდომა, თან ახლავს სისხლის წნევის დაქვეითებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თავბრუსხვევა და გულის წასვლა.

  • ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის, ტომი I, რობერტ პორტერი, თბ. 2017, გვ. 263-268

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]