პათოფიზიოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პათოფიზიოლოგია (პათოლოგიური ფიზიოლოგია) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დაავადებული ორგანიზმის ცხოველმოქმედებას, მასში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, ავადმყოფობის აღმოცენების, მიმდინარეობის, გამოსავლის მექანიზმებს და ზოგად კანონზომიერებებს. პათოფიზიოლოგია ძირითადად ფუნქციაში მომხდარ ცვლილებებს შეისწავლის. პათოფიზიოლოგიას დაავადებული ორგანიზმის ფიზიოლოგიასაც უწოდებენ. ის მედიცინის ინტელექტუალური ბაზაა. მოიცავს ფილოსოფიურ პრობლემებსაც. სწავლობს არა მარტო ავადმყოფობათა განვითარების მექანიზმებს, არამედ დამაზიანებელი ფაქტორებისაგან დაცვის მექანიზმებსაც.

პათოფიზიოლოგიის კვლევის ობიექტი პათოლოგიური პროცესი და დაავადებაა, მიზანი კი, მათი განვითარების ძირეული კანონზომიერებების დადგენით, მკურნალობისა და ლიკვიდაციის გზების შემუშავებაა. პათოფიზიოლოგია საშუალებას გვაძლევს მეცნიერულად მივუდგეთ დაავადებათა ეტიოლოგიისა და პათოგენეზის საფუძვლებს, ის ერთგვარი ხიდია თეორიულ და კლინიკურ მედიცინას შორის. პათოფიზიოლოგია გვეხმარება სამედიცინო აზროვნების ფორმირებაში. ექსპერიმენტულ და ასევე სხვა სახის სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, კლინიკას აძლევს დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკის და მკურნალობის ახალ რეკომენდაციებს. პათოფიზიოლოგია ექიმის მომზადების სისტემის, უმაღლესი სამედიცინო სკოლის ერთ–ერთი ფუნდამენტური დისციპლინაა.

პათოფიზიოლოგიის კურსი ძირითადად სამი ნაწილისაგან შედგება:

  • 1. ზოგადი ნაწილი (რომელიც თავის მხრივ ორ კომპონენტს მოიცავს: ა. ზოგადი ნოზოლოგია და ბ. ტიპობრივი პათოლოგიური პროცესები),
  • 2. ცალკეული ორგანოების და სისტემების ფუნქციათა მოშლის ზოგადი კანონზომიერებები.
  • 3. კლინიკური პათოფიზიოლოგია.

პათოფიზიოლოგიის შესწავლის ერთ–ერთი ძირითადი მეთოდი არის ცდა, რაც საექსპერიმენტო ცხოველებზე ავადმყოფობის მოდელირებას გულისხმობს. ავადმყოფობის განვითარების მექანიზმების ასახსნელად, გამოიყენება სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევის სხვა მეთოდებიც, თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება. კლინიკური პათოფიზიოლოგია კი, ავადმყოფზე დაკვირვებითა და თანამედროვე კვლევების ჩატარების შედეგად მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.

პათოფიზიოლოგიის ისტორია მე-XVI საუკუნიდან იღებს სათავეს და მე-XVIII საუკუნეში უკვე იხმარება ტერმინი „პათოლოგიური ფიზიოლოგია“. 1996 წლიდან კი მიღებულია ეწოდოს „პათოფიზიოლოგია“. 1960 წელს დაარსდა საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება. საქართველოში პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი ვ.ვორონინი, ის 1922 წლიდან 1955 წლამდე ხელმძღვანელობდა პათოფიზიოლოგიის კათედრას (ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი), რომელიც 1920 წელს, თსუ–ის სამკურნალო ფაკულტეტზე დაარსდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნათაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 637, თბ., 1984 წელი.
  • ვ. ყიფიანი, პათოფიზიოლოგიის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი (ზოგადი პათოფიზიოლოგია), თბ., 2009.
  • Воронин В. В., Руководство патологической физиологии, ч. 1-2, Тб., 1947-48.
  • ი.ზაალიშვილი, პათოლოგიური ფიზიოლოგია,სახელმძღვანელო, თბ., 1981.