პავლე კარბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პავლე პეტრეს ძე კარბა (დ. 1898, სოფელი ტყვარჩელი, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1971) — საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავლე კარბა დაიბადა 1898 წელს სოფელ ტყვარჩელში ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა ადრე დაეღუპა. დაამთავრა ორკლასიანი სასწავლებელი. 1918 წელს მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის სასამართლოს კანცელარიაში გადამწერად. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე მალე დაწინაურდა. პირველ ხანებში საქმის მწარმოებლად მუშაობდა რევკომში, სახალხო სასამართლოში, შემდეგ მას ირჩევენ მოქვის თემის აღმასკომის პრეზიდიუმის მდივნად. ამავე დროს ის ასრულებდა საქართველოს ალკკ თემის უჯრედის მდივნის მოვალეობას.

1923 წლის სექტემბერში პაპვლე კარბა გაგზავნეს სოხუმის პარტსკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ის დაინიშნა ოჩამჩირის სამაზრო აღმასკომის საქმეთა მმართველად. 1925 წლის აგვისტოში კარბა სასწავლად გაგზავნეს თბილისის მუშფაკში. შემდეგ პარტიის რაიკომის განკარგულებით მუშაობდა ოჩამჩირეში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1932-1936 წლებში მუშაობდა „ტორგსინის“ აფხაზეთის განყოფილების მმართველად. შემდეგ დაინიშნა „ზაგოტზერნოს“ აფხაზეთის განყოფილების მმართველად, ხოლო 1936 წლის ოქტობერში — სასოფლო სამეურნეო ბანკის აფხაზეთის კანტორის მმართველად.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №1 სტალინის საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

1938 წლის 14 ივლისს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისრად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №114 (212), 21 მაისი, 1938