ნოქალაქევის მისარონის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოქალაქევის მისარონის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ნოქალაქევი

ნოქალაქევის მისარონის ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში.

ეკლესიის დარბაზი აბსიდიანად მოქცეულია გარე სწორკუთხედში. საკურთხევლის აფსიდა ნახევარწრიულია. იგი იატაკის დონიდან ორი საფეხურითაა აწეული. ქვედა საფეხური სრულად, ხოლო ზედას მხოლოდ შუა ნაწილია შემორჩენილი. განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ბრწყინვალედ ნაგები კონქი. მისი თლილი ქვები ერთმანეთთან კარგადაა მორგებული. კონქის ქვები ეკლესიის ინტერიერისა და ფასადების ქვებისაგან განსხვავდება. კონქის თაღის თითოეული ქვა წყობის რიგების შესაფერისია. კონქის სფერო მიღებულია თლილი ქვის რიგებით. რიგების ზომები თანდათანობით მცირდება და ბოლოს, ცენტრში თაღის კლიტით მთავრდება. საკურთხეველი თავისი კონქით დაბალი და განიერია. საკურთხევლის ორივე მხარეს, გეგმაში ტრაპეციული ორი პატარა ნიშაა, ეკლესიას ჰქონდა კანკელი. ეკლესიის დარბაზი მართკუთხა ფორმისაა, მისი სივრცის გადაწყვეტაში არავითარი დეკორატიული ელემენტი არ არის გამოყენებული. დარბაზს შიგნიდან ქვის სწორკუთხა ჩამოსაჯდომი შემოუყვება. ეკლესია განათებულია სამი პატარა სარკმლით. ეკლესიას შემოსასვლელი ჰქონდა დასავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან. ეკლესია სადაა, მხოლოდ დასავლეთის კარის არქიტრავზე ამოკვეთილია ოთკუთხედი, შიგნით ჩახაზული ორი დიაგონალური ხაზით, რომლებიც ერთმანეთ კვეთს. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული, ხოლო აფსიდი ნახევარწრიული კონქით მთავრდება. დარბაზი და საკურთხეველი გადახურული იყო ცალ-ცალკე, სხვადასხვა დონეზე, ორფერდა სახურავით. ეკლესიის ორივე დონის სახურავებს ერთნაირი ქანობები ჰქონიათ. ეკლესიის შიდა კედლებზე ნალესობა არ არის, მაგრამ კონქის მიმდებარე ჩრდილო კედელზე შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ძეგლი თავისი სიმარტივით და დახვეწილი ფორმით ადრეული პერიოდის ნაგებობების შთაბეჭდილებას ტოვებს. კონქის წყობაც ადრეული პერიოდისთვისაა დამახასიათებელი. ასევე იგივეზე მეტყველებს ის, რომ დარბაზის გადახურვისას არაა გამოყენებული საბჯენი თაღები. ეკლესიის არქიტექტურულ-შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეკლესია V საუკუნის ბოლო VI საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5141