ნიღაბი (დასაკრძალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დასაკრძალავი ნიღაბი, მიცვალებულის სახეზე დასაფარებელი. წინაპართა კულტთან და საიქიო ცხოვრებაზე წარმოდგენებთან დაკავშირებული ეს ჩვეულება ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა დროს. ხის, თიხის, თაბაშირისა და ოქროს ნიღბები. ნაპოვნია ძველი ეგვიპტის სამაროვნებზე, ოქროს ნიღბები — მიკენის შახტურ სამარხებში (ძვ. წ. XVI საუკუნე), ირანის ტერიტორიაზე და კუნძულ სამოსზე (ძვ. წ. VI საუკუნე). ნიღბები აღმოჩენილია ნინევიაში, კართაგენში და სხვა ადგილებში, აგრეთვე ძველ მექსიკისა და პერუს სამარხებში.

ნიღაბს ხმარობდნენ ეტრუსკებიც და მოგვიანებით ძველი რომაელებიც. ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულიდან ახ. წ. VII-VIII საუკუნამდე მიცვალებულთა სახის ნიღბებით დაფარვის ჩვეულება ჰქონია ციმბირის ზოგიერთ ხალხსაც. ნიღაბი უმეტესად პორტრეტულია.

ნიღბის თავისებურ, გამარტივებულ სახეობად შეიძლება ჩაითვალოს ლითონის (ჩვეულებრივ ოქროს) ფორფიტები, რომლებსაც მიცვალებულს ბაგეებსა და თვალებზე აფარებდნენ ძველ სამყაროს მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ძვ. წ. II ათასწლეულიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე. საქართველოში აღმოჩენილია ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ. წ. V-IV სს.) ბაგეებისა და თვალის საფარები — ელექტრუმისა და ვერცხლის რომბული ფირფიტები (ალგეთისა და ყანჩაეთის სამარხები). ოქროს თხელი ფურცლისაგან გამოჭრილი ოვალური ბაგის საფარი და წყვილი თვალის საფარი აღმოჩნდა მცხეთაში, 1958 წელს გათხრილ ერთ-ერთ მდიდრულ ქვის სამარხში. ასეთივე მაგის საფარები ნაპოვნია მცხეთის, ურბნისის სამაროვნების რამდენიმე სამარხში, რომლებიც I საუკუნით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 451, თბ., 1984