ნიკოლოზ ჯანაშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანაშია.
ნიკოლოზ ჯანაშია
დაბ. სახელი ნიკოლოზ (ლაშა) სიმონის ძე ჯანაშია
დაბ. თარიღი 18 ნოემბერი, 1931
თბილისი
გარდ. თარიღი 7 სექტემბერი, 1982
თბილისი
მოქალაქეობა სსრკ
პროფესია ქართველი ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, არმენოლოგი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), დოცენტი; აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შვილი.
მეუღლე(ები) თინათინ ჯანაშია
შვილ(ებ)ი თამარ ჯანაშია, სიმონ ჯანაშია,
მშობლები მამა: სიმონ ჯანაშია
დედა: მართა მაჩაბელი

ნიკოლოზ (ლაშა) სიმონის ძე ჯანაშია (დ. 18 ნოემბერი, 1931, თბილისი — გ. 7 სექტემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, არმენოლოგი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), დოცენტი (1970). აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი (1954) და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1957). 1957-1970 წლებში მოღვაწეობდა ამავე ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში. 1970-1982 წლებში იყო კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. კითხულობდა ლექციებს თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. არჩეული იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების სწავლულ მდივნად, ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის წევრად და მთავარი სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილედ, ჟურნალ „ცისკრის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრად. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კალისტრატე და ნინო სალიების ბიბლიოთეკის ჩამოტანა და ხელნაწერთა ინსტიტუტში კ. სალიას სახელობის კაბინეტის დაარსება.

ნ. ჯანაშიას სამეცნიერო მემკვიდრეობა (50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 3 მონოგრაფია) ეძღვნება საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის, საქართველოს ისტორიის სომხური წყაროების შესწავლის, ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ისტორიის მნიშვნელოვან პრობლემებს. აღსანიშნავია „შუშანიკის წამებისადმი“ მიძღვნილი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ხასიათის მონოგრაფია (1980). ამავე საკითხებზე ჰქონდა მომზადებული სადოქტორო დისერტაცია, რომლის დაცვა არ დასცალდა. იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის მე-2 ტომის თანაავტორი.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ლაზარე ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ“ (მონოგრაფია), თბ., 1962;
  • „ქართლი IV-V საუკუნეებში“, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
  • „მრავალთავი“, X, თბ., 1983, გვ. 300-302
  • „ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები“, თბ., 1986;
  • „შუშანიკის წამება“, თბ., 1988.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]