ნეოპტოლემოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნეოპტოლემოსი – (ბერძნ.) აქილევსისა და დეიდამიას ძე. მას სხვაგვარად პიროსი ერქვა.

აქილევსს ბედად ეწერა ან ტროას ომში გაეთქვა სახელი და ახალგაზრდა, მაგრამ დიდებით მოსილი დაღუპულიყო, ან შინ მჯდარიყო და უსახელოდ განელია ხანგრძლივი ცხოვრება. როდესაც ტროას ომი დაიწყო, იგი დედა-თეტისმა გადამალა კუნძულ სკიროსზე, სადაც ჭაბუკი დაუკავშირდა მეფე ლაკომედესის ასულ დეიდამიას, რომელმაც მას უშვა ვაჟი, სახელად ნეოპტოლემოსი.

მოხდა ისე, რომ აქილევსი მაინც ჩაება ტროას ომში, რომელიც ათი წელი გაგრძელდა. აქაველთათვის ცნობილი გახდა, რომ ეს ომი ნეოპტოლემოსის გარეშე ვერ დასრულდებოდა. მაშინ ოდისევსმა და ფოინიქსმა ჭაბუკი ტროაში ჩამოიყვანეს. ნეოპტოლემოსი აქილევსის აღსაჭურველით იბრძოდა ტროას აღებისას. მან განგმირა მეფე პრიამოსი, ხოლო მისი ასული პოლიქსენე მსხვერპლად შესწირა აქილევსის სულს. ნეოპტოლემოსს ნადავლად ერგო ჰექტორის ცოლი ანდრომაქე, რომელთან ერთადაც ეპიროსში დაბრუნდა, დაიმორჩილა იქაური მოლოსელები და სამეფო ტახტზე აღზევდა. მას ანდრომაქემ უშვა ვაჟი, რომელსაც მოლოსი შეარქვეს. მალე ნეოპტოლემოსი ეწვია დელფოს, სადაც მოკლეს კიდეც. მისი გარდაცვალების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, იგი შეცდა მსხვერპლშეწირვის აღსრულებისას, რამაც დელფოელთა მრისხანება გამოიწვია. ამ მრისხანებას შეეწირა აქილევსის ძე.

ნეოპტოლემოსის მეორე სახელი პიროსი გვხვდება გვიანი ხანის ეპოსში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]