მოფიცარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოფიცარი — ფეოდალურ საქართველოში სასამართლო პროცესის მონაწილე, რომელიც ფიცით ადასტურებდა სასამართლოსათვის მნიშვნელოვან ფაქტს. უმრავლეს შემთხვევაში მოფიცარი ამაგრებდა სასამართლო პროცესში მხარის სახით მონაწილე პირის ფიცს. მოფიცარი იგივე თანამოფიცარი იყო. თანამოფიცარს, რომელსაც პროცესში მონაწილე მხარე თავისი სურვილით ირჩევდა, „შეუგდებელი“ მოფიცარი ერქვა. სასამართლოს მითითებით შერჩეული თანამოფიცარი კი „შეგდებულ“ მოფიცრად იწოდებოდა. აუცილებელი არ იყო, რომ თანამოფიცარი სადავო ფაქტის თვითმხილველი ყოფილიყო. თანამოფიცრად ჩვეულებრივ ხანშიშესული, ღვთის მორწმუნე და უმწიკვლო სახელის მქონე კაცი უნდა გამოსულიყო. ქალი თანამოფიცრად არ დაიშვებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]