მოსაბურნის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსაბურნის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მოსაბრუნში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს ძეგლევის ხევში, მთაზე. დარბაზული ეკლესია სამხრეთი მინაშენით რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები.

გეგმა სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში დაბალი ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხეველს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს.

ეკლესიის კამარა ცილინდრულია. სამხრეთ კედელში მოთავსებულია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია, იგი შიგნით არქტირავული - გარეთ თაღოვანია. კარი ნაოთხალია.

ინტერიერში კედლები შელესილია მოსახატად. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ფრესკული წარწერის (ასომთავრული) კვალი, რომელიც დაზიანების გამო არ იკითხება. ნალესობა მრავალ ადგილას ჩამოცვენილია, კამარა ორ ადგილას ჩამონგრეულია, იატაკი მიწაყრილია.

ეკლესიის სამხრეთის გვიანდელი მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. მინაშენი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი მხრებს ეყრდნობა. ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა.

ამჟამად სამხრეთი კედლის პილასტრი აღარ არსებობს. მინაშენის სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია.

ეკლესიას შირიმის ქვის კარნიზი აქვს, იგი თარო-ლავგარდანია. ფასადები სადაა. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით ნაშენი მაღალი გალავანი. მისი სამხრეთი კედელი მთლიანად დანგრეულია, შემოსასვლელი თავისი კარიბჭით აღმოსავლეთ კედელშია.

გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიშენებულია გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომლის კედლების სიმაღლე 2-2,5 მეტრს აღწევს. სავარაუდოა, რომ იგი სენაკი იყო. ტერიტორიაზე მრავალად ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 134-135