მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Motorola RAZR-ის მობილურ ტელეფონზე მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება
მობილური ტელეფონების ყველაზე გავრცელებული ლათინური კლავიატურა

მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისი ანუ SMS (Short Message Service), ფიჭური ტელეფონით მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა-მიღების საშუალებას იძლევა. ფართო გაგებით SMS აღნიშნავს თავად მოკლე ტექსტურ შეტყობინებასაც. დღეისთვის ამ სერვისით სარგებლობა პერსონალური კომპიუტერითაცაა შესაძლებელი. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, სატელევიზიო გადაცემებსა და ხმის მიცემის პროცესებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მობილური ტელეფონის მომხმარებელთათვის ტექსტური შეტყობინებების შეთავაზების იდეა 1980-იანი წლების დასაწყისში ბევრ მობილურ ოპერატორს ჰქონდა. SMS ძირითადად განიხილებოდა, როგორც მობილური ოპერატორისგან მომხმარებელთა გაფრთხილების საშუალება, მაგალითად ხმოვანი შეტყობინების მიღებისას. თუმცა მაშინ თითქმის არავინ ფიქრობდა, რომ ეს ახალი სერვისი თავად მომხმარებელთა შორის ტექსტურო შეტყობინებების გაგზავნის საუკეთესო გზა გახდებოდა.

1985 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც GSM-ის ქვეჯგუფ WP3-ში ჩატარებული განხილვის შედეგად SMS მიჩნეულ იქნა ახალი ციფრული ფუჭვური სისტემის შესაძლო სერვისად, დასკვნის სახით შემუშავდა GSM-ის რეკომენდაცია "TeleServices supported by a GSM PLMN." [1], სადაც მოცემული იყო სამი ახალი სერვისის აღწერა:

  1. Short message Mobile Terminated (SMS-MT)/ Point-to-Point: ქსელის უნარი გადასცეს მოკლეტექსტური შეტყობინება მობილურ ტელეფონს. შეტყობინება შეიძლება გაგზავნილ იქნას როგორც ტელეფონიდან ასევე კომპიუტერული აპარატით.
  2. Short message Mobile Originated (SMS-MO)/ Point-to-Point: ქსელის უნარი გადასცეს მობილური ტელეფონებიდან ერთმანეთისადმი გაგზავნილი მოკლეტექსტური შეყობინებები. შეტყობინება შეიძლება გაგზავნილ იქნას მობილურ ტელეფონსა ან კომპიუტერულ აპარატზე.
  3. მოკლეტექსტის დაგზავნის სიები (რამდენიმე აბონენტისთვის ტექსტის ერთდროულად გაგზავნა).

აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაევალა GSM-ის ახალ ჯგუფს, IDEG-ს (the Implementation of Data and Telematic Services Experts Group), რომელმაც ახალი სერვისი დაიწყო 1987 წელს ფრედჰელმ ჰილბრანდის ხელმძღვანელობით. დღეისთვის არსებული ტექნიკური სტანდარტები უმეტესწილად სწორედ IDEG-ის მიერ იქნა შექმნილი.

პირველი მოკლეტექსტური შეტყობინება გაგზავნილ იქნა GSM-ის ქსელით კომპანია Vodafone-ის მიერ ინგლისში 1992 წლის 3 დეკემბერს, ნეილ პეიპვორსის მიერ (პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით) რიჩარდ ჯარვისისადმი.[2]. შეტყობინების ტექსტი იყო "Merry Christmas".[3] ხოლო მობილურ ტელეფონზე აკრებილი პირველი SMS-ი 1993 წელს გაგზავნა სტუდენტმა რიკუ პიკონენიმ .[4]

თავიდან SMS-ის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან ნელა იზრდებოდა. 1995 წელს თვეში GSM-ის ერთ მომხმარებელზე საშუალოდ 0,4 შეტყობინება იქნა აღრიცხული. .[5] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ თაღლითობების თავიდან ასაცილებლად ოპერატორები სისტემას ძალიან ნელა ტვირთავდნენ. დროთა განმავლობაში ეს შეფერხება ამოფხვრილ იქნა და 2000 წლისათვის ერთ მომხმარებელზე შეტყობინებათა რიცხვმა 35-ს მიაღწია,[5] ხოლო 2007 წელს 1 იანვარს მარტო ინგლისში ყოველ საათში 9 მილიონი მოკლეტექსტური შეტყობინება იგზავნებოდა .[6]

SMS-ის უპირატესობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმს-ის ამგვარი პოპულარობა კომუნიკაციის სხვა ფორმებთან შედარებით მის შემდეგ უპირატესობებს ემყარება:

  1. შეტყობინება, როგორც წესი, რამდენიმე წამში აღწევს ადრესატამდე. გამგზავნს კი შეუძლია მიიღოს SMS-ის ადგილზე მისვლის დამადასტურებელი მოხსენება.
  2. შეტყობინების გაგზავნა შესაძლოა მაშინაც კი, როცა ადრესატის ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. როგორც კი ადრესატი ხაზზე გამოვა, შეტყობინება მიეწოდება. გამგზავნი კი ამ დროს მიიღებს მოხსენებას, რითაც შეიტყობს ადრესატის ხაზზე გამოსვლის შესახებ.
  3. SMS-ის გაგზავნა შეიძლება მაშინც, როცა ადრესატი ტელეფონით საუბრობს.
  4. ზარის გამორთვის შემთხვევაში SMS-ის მიღება შეიძლება გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი დარჩეს.
  5. SMS არ მოითხოვს დაუყოვნებელ პასუხს.

ტექნიკური დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუნქციონირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის ფუნქციონირება შემდეგი სახით ხდება: შეტყობინებები იგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინებების სერვისის ცენტრში (SMSC), რომელიც, თავის ხრივ, გადასცემს მას ადრესატს. თუკი ადრესატი მიუწვდომელია, შეტყობინებები ინახება ცენტრში და მოგვიანებით იგზავნება. ზოგ SMS ცენტრს შეტყობინებათა შენახვის ფუნქცია არ გააჩნია. მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს ასევე შეტყობინების გადაცემის მოხსენება, რომელიც ამცნობს მას SMS-ის ადრესატამდე მისვლის ფაქტს.

იმისათვის, რომ ტელეფონმა შეძლოს SMS-ის მიღება/გაგზავნა საჭიროა მიეთითოს მობილური კავშირის SMS ცენტრის ნომერი. უმეტეს შემთხვევაში ეს ნომერი უკვე ჩაწერილია SIM ბარათზე და ხელით მისი ჩაწერა აღარაა საჭირო.

შემომავალი შეტყობინებები ინახება სპეციალურ სიაში, რაც მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში მათი ხელახალი გადაკითხვს საშუალებას აძლევს. ზოგიერთი მოდელის ტელეფონი ამ სიას SIM-ბარათზე იახავს და ამდენად, შენახულ შეტყობინებათა რაოდენობა შეზღუდული აქვს . უფრო თანამედროვე მოდელები შეტყობინებებს აპარატის მეხსიერებაში ინახავენ და ამ შემთხვევაში, მათი რიცხვი ტელეფონის მეხსიერებაზეა დამოკიდებული. არსებობს ასევე ცალკე სიები მიღებული და გასაგზავნი შეტყობინებებისათვის.

მობილურ ტელეფონზე შეტყობინების ასაკრებად, როგორც წესი, გამოიყენება ტელეფონის ციფრული კლავიატურა. ტექსტის დაწერა ხორციელდება კლავიშზე რამდენიმეჯერ დაჭერით საჭირო ასოს აკრებამდე. ზოგიერთი მოდელის ტელეფონებს ანბანურ-ციფრული კლავიატურა გააჩნიათ, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ტექსტის დაწერას.

ტექსტის ზომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტი შეიძლება შედგებოდეს ანბანურ-ციფრული სიმბოლოებისგან. GSM-ის სტანდარტით შეტყობინების მაქსიმალური ზომა 140 ბაიტია. აქედან გამომდინარე, 7-ბიტიანი კოდირების გამოყენებისას (ლათინური ანბანი და ციფრები) შესაძლოა 160 ნიშნიანი შეტყობინების გაგზავნა. 8-ბიტიანი კოდირების შემთხვევაში (გერმანული, ფრანგული ენა) 140 სიმბოლოთი შედგენილი ტექსტის გაგზავნაა შესაძლებელი, ხოლო 16 ბიტიანი კოდირება (ჩინური, არაბული, რუსული და ა.შ) ერთი სმს-ით მხოლოდ 70 სიმბოლოს გაგზავნის საშუალებას იძლევა.

სტანდარტში ასევე გათვალისწინებულია სეგმენტირებული შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობა. ამგვარად, მომხმარებელს გრძელი ტექსტის გაგზავნის საშუალება ეძლევა. ხშირად სატელეფონო აპარატები შეტყობინებათა სეგმენტების რაოდენობას თავად ზღუდავენ (3 ან 5 სეგმენტი). ზოგ აპარატს კი სეგმენტირების ამგვარი შესაძლებლობა საერთოდ არ გააჩნია, ამგვარი აპარატები თითოეულ მიღებულ სეგმენტს ცალკე შეტყობინების სახით აჩვენებს. ჩვეულებრივ, თითოეული სეგმენტიის ფასი იგვეა რაც ცალკე შეტყობინების.

საქართველში SMS-ები ძირითადად ლათინური ასოებით იწერება. ამის მიზეზია ის, რომ აპარატთა უმრავლესობას არ გააჩნია ქართული უნიკოდის მხარდაჭერა. თუმცა ასეთი მხრდაჭერის არსებობის შემთხვევაშიც ლათინური ასოების მოხმარების უპირატესობა ის არის, რომ ამ დროს უფრო მეტი სიმბოლოს გამოყენებაა შესაძლებელი და, ამგვარად, უფრო გრძელი შეტყობინების გაგზავნა.

ინგლისურენოვან ქვეყნებში სიმბოლოთა ეკონომიის მიზნით ხშირად იყენებენ აბრევიაციებს, სილაბოგრამებს, კონსონანტურ ჩონჩხს და ა.შ. აქედან გამომდინარე ენათმეცნიერებში სულ უფრო ხშირია საუბარი მეტყველების ახალი ტიპის, ე.წ. SMS მეტყველების აღმოცენების შესახებ.

მობილური მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისთვს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მობილური მარკეტინგი, რაც გულისხმობს მოკლეტექსტური შეტყობინებების მასიურ დაგზავნას. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ კომპანიები თავიანთ კლიენტებთან ურთიერთობისათვის, მათთვის ახალი სერვისების შესათავაზებლად და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. GSM TS 02.03, Teleservices Supported by a GSM Public Land Mobile Network (PLMN).
  2. I put the Gr8 in Britain May 2007, London Magazine.
  3. UK hails 10th birthday of SMS, December 2002, The Times of India.
  4. False dawn of the photo phone boom, Jan 2003, The Scotsman.
  5. 5.0 5.1 GSM World press release
  6. Stats & Research: 9 Million New Year Greetings An Hour, 160 Characters, 26 January 2007.