მლაშობის ჩინგილი (ლათ. Halimodendron halodendron) — ძლიერ დატოტვილი 3 მ სიმაღლის ბუჩქია, ეკლიანი. ფოთლები წყვილფრთისებურია, შედგება 2-5 წყვილი ფოთოლაკისაგან. ფოთლის საერთო ყუნწი წვერში ეკალივითაა. ფოთოლაკები უკულანცეტაა, კიდემთლიანი, მოლეგო-მომწვანო ფერისაა. ქვედა მხარე მჭიდროდ მიკრული ბეწვით არის შებუსული, კარგად გამოხატული შუა ძარღვით. თანაფოთლები ეკლიანია, გვირგვინი – იისფერი. იზრდება მშრალ და მლაშე ფერდობებზე. გავრცელებულია ქვემო ქართლსა და კახეთში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს შუა აზიას, ციმბირს, მცირე აზიასა და ირანს.