მიხეილ ბარათაშვილი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მიხეილ ბარათაშვილი | |
---|---|
მშობლიური სახელი | რუს. Михаил Баратов |
დაბადების სახელი | მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი |
დაბადების თარიღი |
25 იანვარი, 1784 ქ. სიმბირსკი |
გარდაცვალების თარიღი |
30 ივლისი, 1856 ბარატაევკა, სიმბირსკის გუბერნია |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი. |
მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი (ბარათაევი) (დ. 25 იანვარი, 1784, ქალაქი სიმბირსკი, ― გ. 30 ივლისი, 1856, ბარატაევკა, სიმბირსკის გუბერნია) — ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიხეილ ბარათაშვილი რუსეთში ვახტანგ VI-თან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის მელქისედეკ (მიხეილ) ბარათაშვილის შთამომავალი იყო. მამამისი, პეტრე, ციმბირის გუბერნატორად მსახურობდა და ჰქონდა გენერალ-პორუჩიკის წოდება.
1820-1835 წლებში ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პერიოდში სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა "სათნოების გასაღების" სახელწოდებით. 1826 დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მამხილებელი მასალის უქონლობის გამო (ბარათაშვილმა მოსპო თავისი მიმოწერა და სხვა საბუთები) მალე გაათავისუფლეს. დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა. შემდეგში ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წ. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა.
ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბარათაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს სამეფოს ნუმაზმატიკური ფაქტები" (სპბ., 1844, რუსულ და ფრანგულ ენებზე), რისთვისაც არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც. ბარათაშვილმა გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი. ქართულ ისტორიოგრაფიაში მან პირველმა მიაქცია ყურადღება VI საუკუნის კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას ქ. თბილისის შესახებ. ბარათაშვილის ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობას გასდევს ღრმად პატრიოტული და პროგრესული კონცეფცია ქართველთა და საქართველოს ერთიანობის შესახებ. ნიკოლოზ ბარათაშვილმა მას მიუძღვნა ლექსი "საფლავი მეფის ირაკლისა". დაწყებითი განათლება მიხეილ ბარათაშვილმა ოჯახში მიიღო. საუკეთესო აღმზრდელ–მასწავლებლებმა მიხეილს, რუსულ ენასთან ერთად, სამაგალითოდ შეასწავლეს ევროპული ენებიც. სამხედრო სამსახური დაიწყო 1798 წლის 4 ოქტომბერს მე–11 საარტილერიო ბატალიონში იუნკერად. ერთი წლის შემდეგ 1799 წლის 17 ნოემბერს პოდპორუჩიკის წოდება მიანიჭეს და მე–5 საარტილერიო პოლკში გადაიყვანეს. 1803 წლის 23 ივნისს გადაინაცვლა მე–7 საარტილერიო პოლკში. 1805 წლის 30 იანვარს, 21 წლის მიხეილ ბარათაშვილი, პორუჩიკის წოდების მიღების შემდეგ, სამსახურიდან გადადგა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და ჩაირიცხა პავლოგრადის ჰუსართა პოლკში (1806, 12/ 06). 1807 წლის 27 აპრილს დაიკავა გენერალ–მაიორ ეფიმ იგნატის ძე ჩაპლიცის ადიუტანტის თანამდებობა პორუჩიკის ჩინით. მონაწილეობდა 1806–1809 წლების ბრძოლებში ფრანგების წინააღმდეგ და გამოჩენილი მხედრული ვაჟკაცობისთვის დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის მე–4 ხარისხის ორდენით ბაფთით (1807, 23/11) და ოქროს ჯვრით პრეისიშ–ეილაუს აღების დროს გამოვლენილი სიმამაცისთვის ( 1807, 30/11), აგრეთვე, პრუსიული ორდენით „დამსახურებისათვის“.
1809 წლის 5 თებერვალს ბარათაევი ომში მიღებული ჭრილობების გამო შტაბს–როტმისტრის ჩინში მყოფი გადადგა სამსახურიდან სრული პენსიით. 1810 წელს მან ჯვარი დაიწერა საიდუმლო მრჩევლის (ტაინი სოვეტნიკის) ქალზე, ალექსანდრა ნიკოლოზის ასულ ჩოგლოკოვაზე და ბარათაევკაში დაფუძნდა. მაგრამ 1812 წლის სამამულო ომის პერიოდში, როცა რუსეთს ნაპოლეონის ჯარები შემოესია, იგი სხვა ყოფილ სამხედროებთან ერთად სიმბირსკის სახალხო ლაშქარში გაწევრიანდა და სამშობლოში მხოლოდ 1914 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა.
1815–1835 წლებში მიხეილ ბარათაშვილი სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1815 წლის 21 დეკემბერს იგი გახდა სიმბირსკის მაზრის თავადაზნაურობის, ხოლო 1820 წლის 1 იანვრიდან გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პოსტზე მიხეილი სამ–სამი წლის ვადით ხუთჯერ აირჩიეს და 15 წლის მანძილზე თავდადებითა და უანგაროდ ემსახურებოდა სიმბირსკის გუბერნიის მოსახლეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით 1818 წლის 3 მარტს დაარსებული ქალთა ქრისტიანული მოწყალების საზოგადოება, ხოლო 1820 წლის 2 მაისს – თავადაზნაურ ღარიბ ქალთა შრომისმოყვარულთა სახლი. ეს სახლი შემდეგში გადაკეთდა დედოფალ ელისაბედის სახელობის მეორე თანრიგის ქალთა სასწავლებლად, რომლის დარბაზს ამშვენებდა მიხეილის პორტრეტი წარწერით: „სიმბირსკის შრომისმოყვარულთა სახლის ფუძემდებელი მ. პ. ბარათაშვილი (ბარათაევი)“. მეტად მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, მიხეილის ინიციატივისა და ზრუნვის შედეგად, თავადაზნაურთა შეწირულებებით შეგროვილი სახსრებით, 1834 წლის 18 თებერვალს სიმბირსკის გიმნაზიის პანსიონის გახსნა. წლების განმავლობაში მიხეილ ბარათაშვილი იყო სიმბირსკის გიმნაზიის პირველი ზედამხედველი, შემდეგ კი საპატიო მზრუნველი, 1835 წლის პირველ ნახევრამდე.
მიხეილ ბარათაევმა სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა სახელწოდებით „სათნოების გასაღები“, რომელიც ექვემდებარებოდა ლოჟა „ასტრეას“. რუსეთში არსებული მასონური ლოჟების საქმიანობასა და მიმართულებებს იგი ჯერ კიდევ გენერალ ჩაპლიცთან სამსახურის პერიოდში გაეცნო, მაგრამ მასონთა რიგებში მხოლოდ 1816 წელს გაერთიანდა. ამ წელს იგი გახდა პეტერბურგის „გაერთიანებული მეგობრების“ ("Amis réunis") მასონური ლოჟის წევრი. აღნიშნული ლოჟა დაფუძნებულია 1802 წლის 10 ივნისს. ლოჟა თავიდან მუშაობდა ფრანგული ხოლო 1815 წლიდან შვედური წესით. იმავე წელს, მოსკოვში, ამ ლოჟის რუსული ენის განყოფილების გახსნისას მიხეილი ოსტატის მოადგილედ აირჩიეს. მასონურ ლოჟა სიმბირსკში მან პეტერბურგის მთავარი ლოჟის – „ასტრეას“ დავალებით დააარსა და თავადვე გახდა მისი ხელმძღვანელი – „ღირსეული ოსტატი“. ამ თანამდებობაზე სალონის წევრებმა იგი დაუსწრებლად აირჩიეს. ამავდროულად იგი იყო შოტლანდიური ლოჟა "სფინქსის" წევრი, სანკტ-პეტერბურგში. აღნიშნული ლოჟა მუშაობდა ფრანგულ ენაზე როგორც შოტლანდიური, ასევე შვედური წესით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969;
- Пахомов Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970;
- აფაქიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 199.