მინი-ფურგონი (ავტომობილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„რენოს“ მინი-ფურგონი
„ფოლკსვაგენის“ ვაგონის ფორმის მინი-ფურგონი, წინა კაპოტის გარეშე, გვერდითა სრიალა კარით

მინი-ფურგონი (ამერ. Minivan — მინივენი; ინგლ. MPV შემოკ. Multi-purpose vehicle — მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილი) — მსუბუქი ავტომობილის სახეობა, რომელსაც გააჩნია მაღალი ჭერი, დიდი სივრცე, მგზავრებისთვის ან ტვირთისთვის ადვილად გადაწყობის შესაძლებლობით და ხშირ შემთხვევაში, მცირე ზომის წინა კაპოტი.[1]

მინი-ფურგონი სიმაღლით და ტევადობით აღემატება უნივერსალისა და ჰეტჩბეკის ტიპის მსუბუქ ავტომობილებს. აღჭურვილია ერთიანი ძარათი, წინა ან ოთხი წამყვანი თვლით. ხშირ შემთხვევაში ორგანყოფილებიანი აგებულებისაა, წინ მცირედით გამოწეული ძრავას სათავსით, თუმცა შეიძლება იყოს ერთგანყოფილებიანიც, ვაგონის ფორმით. გამომდინარე იქიდან, რომ ძრავას სათავსი ნაწილობრივ სალონშია მოქცეული, დასაჯდომი ადგილები შედარებით მაღლა აქვს განთავსებული. დიდი ზომის გვერდითი სრიალა კარებით და ასევე ფართო უკანა კარით მეტად გაადვილებულია მგზავრების ჩასხდომა ან ტვირთის განთავსება და მარტივადაა შესაძლებელი სავარძლების ჩამატება, გადაწყობა და მოხსნა, რაც საშუალებას იძლევა სივრცის სურვილისამებრ გადანაწილების, მგზავრებისთვის ან ტვირთისთვის.[1][2]

იგი შუალედურ ადგილს იკავებს ჩვეულებრივ ავტომობილებსა და სამგზავრო-სატვირთო ფურგონებს შორის. ამ ტიპის მანქანებში 8-9 მგზავრი შეიძლება დაეტიოს, უფრო მაღალი ტევადობის ავტომობილები კი მიკროავტობუსის კლასს განეკუთვნება. [1]

შედარებით მცირე ზომისაა იაპონიის შიდა ავტობაზარზე (ინგლ. JDM შემოკ. Japanese Domestic Market) წარმოდგენილი მინი-ფურგონები, რომლებსაც MPV-ით მოიხსენიებენ, რადგან ისინი უფრო მეტად მსგავსია უნივერსალის ტიპის ავტომობილების, თუმცა მათთან შედარებით ოდნავ დიდი ზომისაა. იაპონიაში, აგრეთვე გავრცელებულია მიკრო-ფურგონები, კიდევ უფრო შემჭიდროებული ვერსიები.[3]

კომპაქტური და მინი-MPV[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კიას“ მინი-MPV.

1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, ევროპული ავტომწარმოებლების დიდმა ნაწილმა დაიწყო კომპაქტური კლასის მინი-ფურგონების გამოშვება, რომლებიც ჩვეულებრივზე მეტად შემცირებულ ვარიანტს წარმოადგენდა.[1][2]

აგრეთვე ძალზე პოპულარულია მინი-MPV იაპონიაში, სადაც გავრცელებულია ამგვარი ზომის მანქანები.

ჩრდილოეთ ამერიკაში კი პირიქით, გამომდინარე განაშენიანების თავისებურებებიდან, ქალაქებს შორის ფართო და გრძელი ტრასების არსებობიდან, იქ უპირატესობას დიდი ზომის მანქანებს ანიჭებენ, როგორიცაა სპორტული უნივერსალი და კროსოვერი. კომპაქტური მინი-ფურგონები კი ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, SUV-ებისა და კროსოვერების პოპულარობის ზრდა, უკვე ევროპაშიც შეიმჩნევა, გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ზომის მანქანებთან შედარებით ბევრი უპირატესობა გააჩნია, მათი ხელმისაწვდომობა და საწვავის ხარჯვის ეფექტიანობა კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უმჯობესდება, შედეგად, კომპაქტური და მინი-MPV ტიპის მანქანების წილი ბაზაზრზე, თანდათან უფრო მცირდება.[4][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 W. Haajanen, Lennart (2017). Illustrated Dictionary of Automobile Body Styles, II, გვ. 107. ISBN 978-0-7864-9918-2. წაკითხვის თარიღი: 2019-3-2. 
  2. 2.0 2.1 Sorokanich, Bob. (2013-11-03) 30 Years Ago Today, Chrysler Invented the Minivan, And Changed History. Gizmodo.com. წაკითხვის თარიღი: 2019-3-3.
  3. 3.0 3.1 Cropley, Steve. (2013-10-21) Why the boxy micro cars of Japan could work over here. autocar.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2019-3-3.
  4. Cain, Timothy. (2017-5-9) You Know The Future For Mini MPVs Is Bleak When Even The Europeans Don’t Want Small Vans. thetruthaboutcars.com. წაკითხვის თარიღი: 2019-3-3.