მთისძირის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთისძირის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

მთისძირის მესამე ეკლესია — არქიტექტორულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, ტყეში. მდინარე არეშის მარჯვენა ნაპირზე. სავარაუდოდ, თარიღდება შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7.2 x 4.8 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და ტალახით, კედლები შემორჩენილია 1 მეტრ სიმაღლეზე. შესასველი სამხრეთით და დასავლეთითაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან გამიჯნული ყოფილა კანკელით. კანკელის კედელში (შემორჩენილია ქვედა ორი რიგი) აღმოჩნდა ბაზალტის არქაული ხელსაფქვავის ქვა (მსგავსი ხელსაფქვავები აღმოჩნდა ეკლესიის გარეთაც). ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან ერთიანი, ვიწრო მინაშენი ეკვროდა, შესაძლოა, რომ იგი ეკლესიის ზღუდის ფუნქციას ასრულებდა. მისი კედლები (სიმაღლე 0,3 მეტრი) მთელ სიგრძეზეა შემორჩენილი, მინაშენში შესასვლელი დასავლეთ ფრთაშია მოწყობილი - ჩრდილოეთიდან. ამ მხარეს იგი მთელ სიგანეზეა გახსნილი. ეკლესია გადახურული იყო ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით.

ეკლესსის გათხრების დროს აღმოჩნდა ღარისებრი და ბრტყელი კრამიტის ნამტვრევები, საოჯახო, სადა კერამიკის ფრაგმენტები. ეკლესიის შუაში გაითხარა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ორმოსამარხი. აღმოჩნდა თიხის მოზრდილი, მუცელგანიერი, ორყურა ქილა (სიმაღლე 28 სანტიმეტრი), ცალყურა ქილა (სიმაღლე 17 სანტიმეტრი) და თიხის ცალყურა დოქი (სიმაღლე 21 სანტიმეტრი). ასევე, სხვა ჭურჭლის ნატეხებიც.

კლესიის დასავლეთით, 10 მეტრ მანძილზე, გაითხარა გეგმით სწორკუთხა (3.8 x 2 მეტრი) ნაგებობა. იგი ნაგები ყოფილა რიყისა და ნატეხი ქვით - თიხის ხსნარზე (შემორჩენილი იყო ქვის წყობის მხოლოდ სამი რიგი), შენობა დამხრობილია სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით, შესასვლელი მას სამხრეთიდან ჰქონია. ნაგებობის გაწმენდისას დადასტურდა კრამიტის ფრაგმენტები და საოჯახო, სადა ჭურჭლის უსახური ნატეხები.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, 15 მეტრ მანზილზე. გაიწმინდა გეგმით თითქმის კვადრატული (5.8 x 5.1 მეტრი) ნაგებობა. შემორჩენილი იყო რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები კედლების წყობის ერთი რიგი. შემაკავშირებლად აქაც ტალახის ხსნარი ყოფილა გამოყენებული ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ქვევრი, რომლის გვერდები შემკული იყო ამოღარული, ტალღური ორნამენტით სამხრეთ კედელთან, 0.8 მეტრ სიღრმეზე, გამოვლინდა მსხვილი ქვებით შემოწყობილი სამარხი, რომელშიც დადადსტურდა მოყავისფროდ გამომწვარი, დაშლილი ქილა, ცალყურა დიდი ზომის დაშლილი დოქი, ქვის ბრტყელი ფიალა და სხვადასხვა ჭურჭლის ნატეხები.

ნაგებობის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, აღმოჩნდა კიდევ ერთი ანალოგიური სამარხი, ოღონდ უფრო მცირე ზომისა, იგი ქვით იყო ნაშენი. სამარხში ჩონჩხი არ დადასტურებულა. აღმოჩნდა ყავისფრად გამომწვარი თიხის მომცრო სასმისი. თიხის ჭურჭლის (ორი ცალყურა სასმისი, ერთი ლამბაქი ბრტყელი, ვერტიკალურად გახვრეტილი შვერილით) ნატეხები.

სამარხეული ჭურჭელი ფორმით და კეცით ადრინდელ ბრინჯაოს ხანის კერამიკის მსგავსია, თუმცა, აქვს განსხვავებული ნიშნებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]