მელაანის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მელაანის არქეოლოგიური ძეგლები — სოფელ მელაანსა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) და მის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები. სოფლის ტერიტორიაზე მრავლადაა დადასტურებული პალეონტოლოგიური მასალა. აქვე გამოვლინდა ძველი ქვის ხანის (მუსტიე) იარაღები. სოფლის მიდამოებში აღმოჩენილია აგრეთვე ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური მასალაც.

განსაკუთრებით საყურადღებოა გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ნამოსახლარი ბორცვები:„მაიაკი“, „ტინის სერი“, „მოჭრილი გორა“, სოფლის სამხრეთ განაპირა უბანში შესწავლილი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის სამლოცველოს ნაშთი. გადამწვარი რიყის ქვების ქვეშ ორმოებში და თიხის ჭურჭლებში ნაპოვნია ასობით ბრინჯაოს ნივთი (იარაღი, ცხენის აღკაზმულობა).აქვე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ბრძოლისა და შრომის რკინის იარაღი, ლაგმები და თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომლებზეც უმეტესად ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებია. აქვე იყო ითიფალური, ზოგჯერ შეიარაღებული შიშველი მამაკაცის ქანდაკებები. სამლოცველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გამოვლინდა ე. წ. სკვითური ისრისპირები, რაც გვაფიქრებინებს რომ სამლოცველოს განადგურებაში სკვითური ისრისპირებით შეიარაღებულ მტერს მიუღია მონაწილეობა.

სამლოცველოს დასავლეთით, „ჩალიანხევის“ მარცხენა ფერდზე, გამოვლინდა სამლოცველოს თანადროული სამაროვანი. შესწავლილია 6 ორმოსამარხი. დადასტურდა 2 სართულის არსებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;
  • მისივე, იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, თბ., 1965;