მაშავერის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაშავერას წმინდა გიორგის ეკლესია)

მაშავერის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში. აგებულია XIV-XVIII საუკუნეებში.

ეკლესია ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე დგას და ერთსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. ეკლესია ნაგებია უხეშად ნათალი და ბათქაშში ჩაძირული ბაზალტის ქვით. კუთხეები და კონსტრუქციული ელემენტები სუფთად ნათალი ქვათლილებითაა გამოყვანილი. ეკლესიის ერთადერთი კარი, რომელსაც დიდი არქიტრავი ხურავს, სამხრეთ კედელშია გაჭრილი. სამი სარკმელი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. აღმოსავლეთი სარკმლის ღიობის წყვილი სადა ლილვი შემოუყვება, დასავლეთი ფასადის ორკალთა გადახურვის ქიმზე ოთხ მრგვალ სვეტზე დამყარებული სამრეკლო ფანჩატური დგას. ეკლესიის სადა თაროსებრი კარნიზები 1989 წლის რემონტის დროსაა გაკეთებული. შიგნიდან ეკლესიის კამარა პილასტრებზე დაყრდნობილი ერთი მზიდი თაღით ორ ნაწილადაა გაყოფილი. საკურთხევლის აფსიდის არდაბაგი იატაკიდან სამოცი სანტიმეტრითაა აწეული და მასზე ასასვლელად სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეში ორი სამსაფეხურიანი კიბეა მოწყობილი. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს ნიშაა, რომლის პირი შეისრული თაღებითაა გაშნებეული მსგავსად ქვემო ნიჩბისის წმინდა ნიკოლზის ეკლესიის ამგვარივე ნიშისაა. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, კედელში, ორი ნიშაა დატანებული, დასავლეთისა შედარებით მაღალია აღმოსავლეთისაზე. ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთში, პილასტრთან მიჯრით კედელზე მიდგმულია ქვის პროფილირებული ემბაზი, რომელსაც აქვს ბაზა, ზევითკენ გაფართოებული ფეხი და გემაში ნახევარწრიული ავზი. ავზის პირს სადა ლილვი შემოუყვება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17942