მარი ბონაპარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ბონაპარტი
წოდებები
საბერძნეთისა და დანიის პრინცესა
დაიბადა 2 ივლისი, 1882
სენ-კლოდი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 21 სექტემბერი, 1962, (80 წლის)
სენ-ტროპე, საფრანგეთი
საგვარეულო ბონაპარტები
მეუღლე(ები) გეორგიოს ბერძენი
(ქ. 1907 - გარდ. 1957)
შვილ(ებ)ი პეტროსი
ევგენია
მამა რონალდ ბონაპარტი
დედა მარი-ფელიქს ბლანკი
რელიგია კათოლიციზმი

მარი ბონაპარტი (ფრანგ. Marie Bonaparte; დ. 2 ივლისი, 1882, სენ-კლოდი, საფრანგეთი — გ. 21 სექტემბერი, 1962, სენ-ტროპე, საფრანგეთი) — ბონაპარტების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის ძმის, ლუსიენ ბონაპარტის შვილთაშვილი. საბერძნეთისა და დანიის პრინც გეორგიოს ბერძენის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი დაიბადა 1882 წლის 2 ივლისს საფრანგეთში, სენ-კლოდის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის ძმის, ლუსიენ ბონაპარტის შვილიშვილ როლანდ ბონაპარტისა და მისი მეუღლის, მონაკოელი თავადის ასულ მარი-ფელიქს ბლანკის ქალიშვილი. დედამისი მისი გაჩენიდან მალევე დაიღუპა მშობიარობისაგან გამოწვეული გართულებებით, რის გამოც მამამ იგი ფუფუნებასა და სიყვარულში აღზარდა, რათა უდედობა არ ეგრძნო. 1907 წლის 21 სექტემბერს მამამისმა იგი საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ის შუათანა ვაჟზე, პრინც გეორგიოსზე დააქორწინა.

შუა ხნის ასაკთან ერთად მარის საშინელი ფსიქიკური აშლილობა დაეწყო, რის გამოც სამკურნალოდ თავად ზიგმუნდ ფროიდს დაუკავშირდა, რომელთანაც შემდგომში მთელი დარჩენილი ცხოვრება მეგობრობდა. 1926 წელს იგი გამოჯანმრთელდა და ქმართან ერთად პარიზში დაბრუნდა, სადაც წიგნი დაწერა ფროიდისეულ ფსიქოანალიზზე. ასევე მას მიეწერება ფროიდის ნაშრომების ფრანგულად თარგმნა. მანვე თარგმნა ედგარ ალან პოს ნაშრომები დრიფტის თეორიასა და ქალის სექსუალობაზე. 1950-იან წლებში იგი ძლიერ ეწინააღმდეგებოდა ჟაკ ლაკანის სამეცნიერო თეორიებს.

მარი ასევე მეგობრობდა ნიდერლანდელ ფსიქოანალიტიკოს იოანა ლამპლ-დე გროტთან, რომელთან ერთადაც 1946 წელს ამსტერდამში სიტყვითაც გამოვიდა.

1957 წელს მარი ბონაპარტი დაქვრივდა, თუმცა მეორედ აღარ გათხოვილა. 1962 წლის 14 მაისს იგი თავისი მაზლიშვილის, პრინცესა სოფია ბერძენისა და ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის ქორწინებას დაესწრო, რამდენიმე თვეში, 21 სექტემბერს კი გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ათენში, ტატოის მავზოლეუმში, ქმრის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პეტროსი (1908-1980), ცოლად შეირთო ირინა ალექსანდროვნა ოვჩინიკოვა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. ევგენია (1910-1989), პირველად იქორწინა პოლონელ დიდგვაროვან დომინიკ რაძივილზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი, მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა იტალიელ არისტოკრატ რაიმონდო ალესანდროს, კასტელ-დუინოს ჰერცოგს, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა, თუმცა საბოლოოდ მასაც გაეყარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bertin, Celia, Marie Bonaparte: A Life, Yale University Press, New Haven, 1982. ISBN 0-15-157252-6
  • Loewenstein, Rudolf, Drives, Affects and Behavior: Essays in Honor of Marie Bonaparte, 1952