შინაარსზე გადასვლა

მარგო კიდერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგო კიდერი

კიდერი 1970 წელს
დაბადების სახელი მარგარეტ რუთ კიდერი
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1948
იელოუნაიფი, ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები, კანადა
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი, 2018
ლივინგსტონი, მონტანა, ამერიკის შეერთებული შტატები
გარდაცვალების მიზეზი სუიციდი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, აქტივისტი
აქტიური 1965-2017
მეუღლე(ები)

ტომას მაგგუანი (1976-1977)

ჯონ ჰერდი (1979-1980)

ფილიფ დე ბროკა (1983-1984)
შვილ(ებ)ი 1

მარგარეტ რუთ კიდერი (ინგლ. Margaret Ruth Kidder; დ. 17 ოქტომბერი, 1948, იელოუნაიფი, ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორები, კანადა13 მაისი, 2018, ლივინგსტონი, მონტანა, ამერიკის შეერთებული შტატები) — წარმოშობით კანადელი, ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და აქტივისტი. მისი ყველაზე ცნობილი როლია ლოის ლეინი „სუპერმენის“ ფილმის სერიებში.

კიდერს უთამაშია ფილმებში: „დები“ (1973, რეჟ. ბრაიან დე პალმა), „შავი შობა“ (1974, რეჟ. ბობ კლარკი), „დიდებული უოლდო პეპერი“ (1975, რეჟ. ჯორჯ როი ჰილი) და სხვ.

მარგარეტ რუთ კიდერი 1948 წლის 17 ოქტომბერს იელოუნაიფში, კანადაში დაიბადა. იგი ხუთი შვილიდან ერთ-ერთია.

იგი ბავშვობიდან მენტალური დაავადებებით იტანჯებოდა.

1967 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი ვანკუვერში გადავიდა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლად, თუმცა უნივერსიტეტიდან მალევე წამოვიდა, ტორონტოში დაბრუნდა და მოდელად დაიწყო მუშაობა.

1969 წელს კიდერმა პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში ითამაშა, სახელწოდებით „მხიარულად, ხალისიანად“. ფილმის რეჟისორი ნორმან ჯუისონია, ხოლო მთავარ როლს ბიუ ბრიჯსი ასრულებს. ამის შემდეგ იგი ტელესერიალებსა და შოუებში ჩნდებოდა, მათ შორის არის „თავგადასავლები ცისარტყელის ქვეყანაში“ (1970-1971).

კიდერი 1970 წელს

1973 წელს კიდერმა ბრაიან დე პალმას ფილმში მიიღო მონაწილეობა, სახელად „დები“. ფილმი წარმატებული გამოდგა და რეჟისორსა და მსახიობს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი. [1]

1974 წელს ითამაშა ბობ კლარკის სლაშერის ჟანრის ფილმში, სახელწოდებით „შავი შობა“, რომლისთვისაც კიდერმა კანადური ფილმების ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მსახიობისთვის. 1974 წელს შეასრულა როლი ფილმში „სარფიანი ადგილი“, რომლის სცენარის ავტორიც ტერენს მალიკია.

1974 წელს კიდერს თავისი სარეჟისორო დებიუტი ჰქონდა 50 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, სახელწოდებით „ისევ“. [2]

1975 წელს გამოვიდა ჯორჯ როი ჰილის ფილმი, სახელწოდებით „დიდებული უოლდო პეპერი“, რომელშიც კიდერი რობერტ რედფორდთან და სუზან სარანდონთან ერთად თამაშობს.

1978 წელს კიდერმა ლოის ლეინის როლი შეასრულა ფილმში „სუპერმენი: ფილმი“ (რეჟ. რიჩარდ დონერი). ფილმი 1978 წლის შობას გამოვიდა და კომერციულად წარმატებული გამოდგა, ხოლო კიდერმა სატურნის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მსახიობისთვის.[3][4]

1980 წელს შეასრულა ლოის ლეინის როლი ფილმში „სუპერმენი II“ (რეჟ. რიჩარდ ლესტერი). იმავე წელს მან პოლ მაზურსკის რომანტიკულ კომედიაში ითამაშა, სახელწოდებით „უილი და ფილი“.

1990 წელს კიდერმა კანადურ სატელევიზიო ფილმში, სახელწოდებით „თეთრი ოთახი“, მომღერლის როლი შეასრულა. იმავე წლის დეკემბერში იგი ავტოავარიაში მოჰყვა, სადაც დაშავდა და ხერხემლის დაზიანებამ სხეულის ნაწილობრივი პარალიზება გამოიწვია. [5] მან ორი წლის მანძილზე მუშაობა ვერ შეძლო.

კიდერი კინოხელოვნებას 1992 წელს დაუბრუნდა ფილმით „მკვლელის დაჭერა“ (რეჟ. ერიკ ტილი).

1988 წელს კიდერს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. [6] 1996 წელს მას ლოს-ანჯელესში ნერვული შეტევა ჰქონდა. ამ პერიოდში იგი თავის ავტობიოგრაფიაზე მუშაობდა, მაგრამ მისი კომპიუტერი დავირუსდა და სამი წლის განმავლობაში დაწერილი ტექსტი დაკარგა. [7] იგი ოთხი დღით გაუჩინარდა. პოვნის შემდეგ დაახლოებით ერთი წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.

1997 წელს კიდერმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „პიკასოს არასოდეს შევხვედრივარ“ (რეჟ. სტივენ კიიაკი).

კიდერი 2018 წლის 13 მაისს 69 წლის ასაკში თავის სახლში, ლივინგსტონში, მონტანაში გარდაიცვალა. 2018 წლის 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით თვითმკვლელობა იყო. [8]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარგო_კიდერი“-დან