მანალ ალ-შარიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანალ ალ-შარიფი (არაბ. منال الشريف‎), საუდის ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი (დ. 25 აპრილი, 1979, მექა, საუდის არაბეთი) — რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქვეყანაში, ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მინიჭებისათვის ბრძოლა დაიწყო.

მანალ ალ-შარიფი
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1979 (ასაკი 41)
მექა, საუდის არაბეთი
განათლება მეცნიერებათა და ხელოვნების ბაკალავრი, მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტი
საქმიანობა ავტორი, საჯარო სპიკერი, ჟურნალისტი
შვილ(ებ)ი ორი ვაჟი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანალ ალ-შარიფს ბაკალავრის ხარისხი აქვს სამეცნიერო დარგში. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც მუშაობა ნავთობკომპანიაში IT უსაფრთხოების კონსულტანტად დაიწყო. იგი აგრეთვე მუშაობდა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, სადაც 30 წლის ასაკში მიიღო მართვის მოწმობა. ალ-შარიფის პირველი წიგნი, "გაბედე ტარება: საუდის ქალების გამოღვიძება" 2017 წლის ივნისში გამოიცა, რომელიც რამდენიმე ენაზეა თარგმნილი.

ალ-შარიფს ორი ვაჟი ჰყავს. მისი პირველი ვაჟი ბებიასთან ერთად საუდის არაბეთში ცხოვრობს, ხოლო მეორე ვაჟი ალ-შარიფთან ერთად ავსტრალიაში იმყოფება. ალ შარიფი პირველად საუდის არაბეთში დაქორწინდა და პირველი ქმრისგან 2005 წელს ვაჟი შეეძინა, რომელზე მეურვეობაც, განქორწინების შემდეგ საუდის არაბეთის წესების მიხედვით მისმა ყოფილმა ქმარმა შეინარჩუნა. განქორწინების შემდეგ, ალ-შარიფი დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მას მაინც უწევდა შვილის სანახავად საუდის არაბეთში დაბრუნება, რადგან მისი ქმარი წინააღმდეგი იყო, რომ შვილი დუბაიში გაეგზავნა. რადგანაც იმ დროს კანონით აკრძალული იყო ქალების სასტუმროში მარტო დარჩენა, ოჯახის წევრი მამაკაცის ნებართვის გარეშე, მას უწევდა, რომ დარჩენილიყო ყოფილი დედამთილის სახლში. ამ საკითხზე, მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. 2014 წელს ალ-შარიფს, კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა მეორე ქორწინებიდან. საუდის წესების მიხედვით, ქალს არ შეუძლია დაქორწინება არა-საუდელ მამაკაცზე და რადგანაც მისი ქორწინება არ არის კანონიერად აღიარებული, საუდის მთავრობა მის მეორე შვილს არ აძლევს ვიზას. ამის გამო, მისი ვაჟები პირისპირ არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.

ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი წლის განმავლობაში ალ-შარიფი აწარმოებდა კამპანიას ქალთა უფლებების დაცვისათვის საუდის არაბეთში. მან გაარკვია, რომ საუდის არაბეთში ქალებისათვის მანქანის ტარება კანონით არ იკრძალებოდა და ეს მხოლოდ ღრმა ფესვების მქონე საზოგადოებრივი ნორმა იყო. მან გადაიღო ვიდეო სადაც იგი მართავდა მანქანას და Youtube-ზე განათავსა, რომელმაც პირველ დღეს 700 000 ნახვა დააგროვა. ამის გამო, ალ-შარიფი 9 დღით დააპატიმრეს, რომლის განმავლობაშიც ის გაუპატიურებისა და სიკვდილის მუქარებს იღებდა. 30 მაისს ალ-შარიფი გირაოთი გაანთავისუფლეს. გათავისუფლებისთანავე მან ისევ განაახლა ბრძოლა მართვის უფლებების მოპოვებისათვის. მალე მის კამპანიას სხვა ქალებიც შეუერთდნენ. მრავალი ძალისხმევის შედეგად კი ქალებმა საბოლოოდ მოიპოვეს უფლება, რომ შიშის გარეშე მართონ მანქანა. ალ-შარიფი დღემდე საუდის არაბეთის მთავრობის აქტიურ კრიტიკოსად რჩება.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალ "Foreign Policy-მა" ალ-შარიფი 2011 წლის ტოპ 100 გლობალურ მოაზროვნეთა შორის დაასახელა. ამავე წელს, ის "TIME-მა" ტოპ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. ოსლოს თავისუფლების ფორუმზე განსხვავებული აზრის ქონისათვის მიენიჭა ყოველწლიური პრემია. 2012 წელს "The Daily Beast- მა" ალ-შარიფი წლის ერთ-ერთი უშიშარ ქალად დაასახელა. ეს კი მცირე ჩამონათვალია იმ პრიზებისა, რომლებიც მას აქვს მიღებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]