ლუი III ანჟუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი III ანჟუელი
Louis3anjou.jpg
ანჟუსა და პროვანსის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 29 აპრილი, 1417
მმართ. დასასრული: 12 ნოემბერი, 1434
წინამორბედი: ლუი II ანჟუელი
მემკვიდრე: რენე I ანჟუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 სექტემბერი, 1403
დაბ. ადგილი: ანჟე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 12 ნოემბერი, 1434, (31 წლის)
გარდ. ადგილი: კოსენცა, იტალია
მეუღლე: მარგერიტა სავოიელი
დინასტია: ვალუები
მამა: ლუი II, ანჟუს ჰერცოგი
დედა: იოლანდა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუი III ანჟუელი (ფრანგ. Louis III d'Anjou; დ. 25 სექტემბერი, 1403, ანჟე, საფრანგეთი — გ. 12 ნოემბერი, 1434, კოსენცა, იტალია) — ვალუას დინასტიის ანჟუს განშტოების წარმომადგენელი. ანჟუს ჰერცოგ ლუი II-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია იოლანდა არაგონელის უფროსი ვაჟი. საფრანგეთის მეფე ჟან II ვალუას შვილთაშვილი. ანჟუს, პროვანსის, ფოლსანკიერისა და მაინის ჰერცოგი 1417-31 წლებში. 1431 წელს ცოლად შეირთო მარგერიტა სავოიელი, თუმცა ქორწინებიდან სამ წელიწადში მალარიით გარდაიცვალა, მემკვიდრის გარეშე, რის გამოც ტახტზე მისი ძმა რენე I ავიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დაიბადა 1403 წლის 25 სექტემბერს ანჟეში, საფრანგეთში. იგი იყო ანჟუს ჰერცოგ ლუი II-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია იოლანდა არაგონელის პირველი შვილი და შესაბამისად მათი მემკვიდრე.

1410 წელს არაგონის მეფე მარტინ I გარდაიცვალა, როდესაც ლუი 6 წლის იყო. მარტინი იოლანდას ღვიძლი ბიძა იყო და ვინაიდან ამ დროისათვის იოლანდა ბარსელონას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, ფრანგები აცხადებდნენ, რომ არაგონის ტახტი ლუის ეკუთვნოდა.

მომდევნო ორი წლის მანძილზე არაგონის ტახტი ვაკანტური იყო, ვინაიდან ვერ გადაწყდა, თუ ვინ ავიდოდა მასზე. ფრანგ ანჟუებთან და ლუისთან ერთად მასზე პრეტენზიას აცხადებდნენ მარტინის მონათესავე კასტილიელი ტრასტამარებიც. 1412 წელს არაგონელმა დიდებულებმა თავიანთ მეფედ სწორედ ფერდინანდ I კასტილიელი აირჩიეს, ვინაიდან იგი ესპანელი იყო, ლუი კი ფრანგი, არაგონელებს კი თავიანთ ტახტზე უცხოელის ხილვა არ სურდათ. გარდა ამისა, ფერდინანდი იყო არაგონის მეფე პედრო IV-ის ასულ ელეანორ არაგონელის უფროსი ვაჟი, რითაც ტახტზე კანონიერი უფლება მასაც ისევე ჰქონდა როგორც ლუის. ყველაფერთან ერთად, ტახტზე ასულმა ფერდინანდმა ისარგებლა ფრანგების დასუსტებული მდგომარეობით და მათ რუსოლინი და მონპელიე ჩამოაჭრა.

1417 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ანჟუს ჰერცოგი ხდება. 1419 წელს მან რომის პაპ მარტინ V-გან მიიღო კურთხევა სიცილიის ტახტზე, რომელიც ჯერ კიდევ ნეაპოლის დედოფალ ჯოვანა II-ის დაქვემდებარებაში იყო. ვინაიდან ჯოვანა უნაყოფო ქალი იყო, იგი ტახტს არაგონის მეფე ალფონსო V-ს ჰპირდებოდა და ესპანელთა გავლენის ზრდა იტალიაში, არც პაპს არ აწყობდა. სწორედ ამიტომ მისცა მან ლუის ნებართვა. მალევე ფრანგების არმია ნეაპოლის სამეფოში შეიჭრა და ალყა შემოარტყეს დედაქალაქს. ალყა დიდ ხანს გაიწელა, რაც საბოლოოდ ალფონსოს დამხმარე ჯარების შემოსვლითა და ლუის მარცხით დაგვირგვინდა. თუმცაღა მალევე თავად დედოფალსა და ალფონსოს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც ჯოვანამ ნეაპოლი დატოვა და ლუისთან ერთად ავერსაში გადავიდა. ანჟუელმა იცოდა, რომ ალფონსოს ვერ დაამარცხებდა, ამიტომაც ტახტზე პრეტენზიის სანაცვლოდ კალაბრიის ჰერცოგის წოდება მიიღო. მალე ალფონსოს ნეაპოლის დატოვება და არაგონში დაბრუნება მოუწია. კალაბრიაში (რომელიც ნეაპოლის დაქვემდებარებაში იყო) მყოფი ლუი კი ტახტზე ასასვლელად ძალებს იკრეფდა. სწორედ ამ მიზნით, 1431 წელს ლუიმ ცოლად შეირთო ერთ-ერთი უძლიერესი იტალიური სახელმწიფოს, სავოიის ჰერცოგ ამადეო VIII-ის ასული მარგერიტა სავოიელი. თუმცაღა მათ შვილები არ ჰყოლიათ.

როდესაც მან მზადება დაასრულა და შეტევაზე უნდა გადასულიყო, მოულოდნელად მალარიით დაავადდა და 1434 წელსვე გარდაიცვალა. მომდევნო წელს დაიღუპა დედოფალი ჯოვანაც, რომელმაც ტახტი ლუის ძმას, რენეს დაუტოვა. რაც შეეხება ლუის ახალგაზრდა ქვრივს, იგი კიდევ სამჯერ გათხოვდა და შვილებიც შეეძინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kekewich, Margaret L. (2008). The Good King: René of Anjou and Fifteenth Century Europe. Palgrave Macmillan.
  • Amedeo Miceli di Serradileo, "Una dichiarazione di Luigi III d'Angiò dalla città di San Marco", Archivio Storico per la Calabria e la Lucania, Rome, XLIII,1976, pp. 69–83.