ლეჩქოფის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეჩქოფის განძი — ბრინჯაოს ცულების სამი განძი. აღმოჩენილია სხვადასხვა დროს სოხუმის დასავლეთ ნაწილში, სოფელ ლეჩქოფის ტერიტორიაზე.

პირველი განძი შემთხვევითაა აღმოჩენილი 1930 წელს, მიწის სამუშაოების დროს პ. მამფორიას ნაკვეთში. განძის შემადგენლობაში შედიოდა სხვადასხვა ტიპის ბრინჯაოს 15 ცული. სადღეისოდ შემორჩენილია მხოლოდ 2, რომლებიც დაცულია აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში.

1933 წელს გამოვლინდა ლეჩქოფის მეორე განძი, რომელშიც შედიოდა ბრინჯაოს ცული და რამდენიმე სეგმენტური იარაღი. სხვა მონაცემები ამ განძის აღმოჩენის შესახებ არ მოიპოვება. დაცულია აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში. ეს ორივე განძი თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის საწყისი პერიოდით.

1961 წელს აღმოჩნდა მესამე განძი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმს გადასცა ვინმე მეთოდე ჯაკობიამ. ცულები ნაპოვნია გზის მშენებლობისას. განძის შემადგენლობაში შედის სამი ყუამილიან-ყუადაქანებული და ერთი კოლხური ცულის პროტოტიპი. ეს განძი ერთ გარკვეულ ადგილზე სხვადასხვა დროსაა აღმოჩენილი, მაგრამ განძად ან განძის შემადგენელ ნივთებად არის მიჩნეული. ერთ-ერთ ყუამილიან-ყუადაქანებულ ცულს აქვს მომრგვალებული პირი და თანაბარი სიგრძის ტანი. მეორე ნიმუშიც ასეთივეა, მაგრამ მას უფრო ფართო პირი და სუსტად დანაკვთული ნიღრები აქვს. ორივე ცულს აქვს ოთხწახნაგა ტანი, მესამე ცულს – საკმაოდ განიერი პირი. ტანის განაკვეთი ოვალურია. მეოთხე ნიმუში იმეორებს ლიხნის განძის I ჯგუფის ცულების ფორმას, ოღონდ უფრო მარტივია. იგი ძალიან წააგავს ურეკის ოვალურხვრელიან პატარა ზომის კოლხური ცულის პროტოტიპს.

არქეოლოგ დ. ქორიძეს ლეჩქოფის 1961 წლის განძი მიაჩნია ურეკის განძის მასალების სინქრონიულად და ძვ. წ II ათასწლეულის I ნახევრით ათარიღებდა (ძვ. წ. XVIII– XVII სს.). მისი ასაკი უნდა განისაზღვროს ძვ. წ. XVI–XV საუკუნეებით. ლეჩქოფის 1961 წლის განძის მასალები ინახება სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფაქიძე ჯ., აფხაზეთის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძები, აფხაზეთი I, თბ., 2006; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; მ ისივე, ლიხნის განძი და კოლხურ-ყობანური ცულების გენეზისის საკითხისათვის. სსმმ, XXX-B, თბ., 1968; Воронов Ю., Археологическая карта Абхазии. Сух., 1969.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]